ლორენს ფერლინგეტის  ჩვენი დროის ქორონიკონსაც უწოდებენ, რადგან ყოველთვის სწორად გრძნობს მსოფლიოში მიმდინარე გლობალურ მოვლენებს და მათ თავის შემოქმედებაში სათანადოდ ასახავს. პოეზიის გარდა, ფერლინგეტიმ საკუთარი პოლიტიკური ფილოსოფია და სოციალური კრიტიკა თავის მცირე ფორმატის, ექსპერიმენტალურ, ხშირად  სურეალისტურ პიესებშიც გადაიტანა. აღსანიშნავია მისი პროზაული ნაწარმოებებიც. ფელინგეტის პირველი ავტობიოგრაფიული რომანი ის(HER) 1960  წელს გამოქვეყნდა და არც ისე წარმატებული აღმოჩნდა, თუმცა, დიდი ყურადღება და მსოფლიო აღიარება მოუტანა მეორე რომანმა, სიყვარული მრისხანების დღეებში  Love in the Days of Rage (1988).

აღსანიშნავია აგრეთვე ლორენს ფერლინგეტის საზოგადოებრივი აქტიურობა. ის დღემდე ჩართულია ომისა და ატომური იარაღის საწინააღმდეგო მოძრაობაში, აქტიურად იცავს ადამიანთა უფლებებს, აპროტესტებს ნაციონალიზმსა და ქსენოფობიას, იბრძვის დემოკრატიული ფასეულობების დასაცავად, დაუფარავად საუბრობს პოლიტიკურ კორუფციასა და არასწორ კულტურულ ვექტორზე. ამბობს, რომ ეკოლოგიური პრობლემების, ენერგო-რესურსების შემცირებისა და კლიმატის მკვეთრი ცვლილებების გათვალისწინებით, უნდა შეიქმნას ერთიანი მსოფლიო  ეკონომიკა. ის წუხს, რომ მსოფლიო პრესამ სოციალიზმი და საბჭოთა იდეოლოგია ერთმანეთს გაუთანაბრა, რადგან მისი აზრით, ლიბერტარიანული სოციალიზმი  ის ფორმაა, სადაც ყველა დემოკრატიული სამოქალაქო უფლება სრულად არის დაცული.

ლორენს ფერლინგეტი არ იცვლის თავის აზრს შემოქმედი ადამიანის როლის შესახებ და მას როგორც ყოველთვის, დღესაც სოციალური აქტივობისკენ მოუწოდებს. მას მტკიცედ სწამს, რომ ხელოვანი ადამიანი ხალხთან ურთიერთობის განსაკუთრებულ იარაღს ფლობს და ამიტომ, ვალდებულია, საკუთარი სოციალური აქტივობით, მაგალითი მისცეს ფართო საზოგადოებას. წიგნისა და გამომცემლობის სახელწოდებაც – დიდი ქალაქის ჩირაღდნები  – შემთხვევით არ აურჩევია,  ის ჩარლი ჩაპლინის ცნობილი ფილმის მიხედვით დაარქვა, რადგან ჩაპლინის გმირი, პატარა მაწანწალა, მისთვის პოეტის იდეალური სახეა. მისი აზრით, ასეთი უნდა იყოს ნამდვილი ხელოვანი – მუდამ სახელმწიფო მანქანის მოწინააღმდეგე, ის, ვისაც მუდამ პოლიცია დასდევს.

ლორენს ფერლინგეტი ორმოცამდე კრებულის ავტორია, მას მიღებული აქვს მრავალი ლიტერატურული პრემია თუ ჯილდო, მისი პირველი კრებული A Coney Island of the Mind ამერიკის ყველაზე პოპულარული პოეტური კრებულია – დღეისათვის უკვე მილიონზე მეტი ეგზემპლიარია გაყიდული. ლორენს ფერლინგეტის შემოქმედება მსოფლიოს მრავალ ენაზეა თარგმნილი.

 

დალილა გოგია

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10