ფიზკულტურის ქუჩაზე

 

სხვა თუ არაფერს,

იმ ხურმის ხეებს,

წესით, ეკუთვნის გახსენება,

ქალაქის ცენტრში უადგილოდ,

მაგრამ გულწრფელად,

მთელი ნარინჯის სილამაზით

დიდხანს რომ იდგნენ

ერთ ჩუმ ეზოში,

ახლა შიგ რომ

კორპუსებია.

 

საქმე რაშია:

როგორც მეტწილად ხდება ხოლმე:

ერთსართულიან,

ხისკიბიან,

ერთობ ძველ სახლში,

რომელსაც,

როგორც ყველა ქვის სახლს

ჩვენს ქვეყანაში,

უნახავს მრავალფურცლიანი სიმძიმილები, –

ტრივიალური დრამები და ა.შ. კი არა,

აი ნამდვილი,

სარომანე ტრაგედიები:

ომი, შიმშილი, გაგიჟება, ჩვილის სიკვდილი…

 

აი ასეთ, უბრალო სახლში,

მომრგვალებულად შემოღობილ,

მოზრდილ ეზოში,

მუქ-მწვანე სურო-მოფენილი ბილიკებიდან

გადიოდი

მოკირწყლულ გზაზე,

ერთი მხრივ –

მწვანე ჭიშკარი რომ

აბოლოებდა,

მეორე მხრივ კი –

(ჩვენს სოფლებში როგორც იციან)

ქვის ხელსაბანი.

 

აქ, ონკანის მოპირდაპირედ,

არაურბანულ მოტივებზე

იდგა ოთხი ხე,

როგორც

ოთხი მშვიდი ჟირაფი,

როგორც შორიდან მომავალი

მგზავრის ზმანება,

და ეს ხეები

ოქტომბერში

ისხამდა ნაყოფს,

როგორც იტყვიან:

მწიფდებოდა კარალიოკი.

 

ჩვენ მივდიოდით

წელიწადში ერთხელ ამ სახლში,

რატომღაც ისე ემთხვეოდა,

იმ დღეს სულ წვიმდა,

და თამაშის მთელი სიამე,

გვიმკრთალდებოდა

ეზოსგარე

პიპინების ხმით…

 

ანდა ბეტონის

გორილებით,

ხურმის ხეებს

ყოველ წელს რომ

თავზე ადგამდნენ,

თავიდან –

როგორც გაფრთხილებას,

შემდგომ –

მუქარას…

 

კაცმა არ იცის, რატომ,

მაგრამ ყველა დროება,

ყველა ასეთ სახლს

დანგრევამდე

ერთნაირად სჯის:

ჩააგდებს ხოლმე

მარტოხელა მოხუცის ხელში,

რომელიც მართლა გვეცოდება,

მაგრამ რას ვიზამთ?!

 

განა სწორედ აქ

არ ცხოვრობდა

მამიდათქვენი?

ბებიათქვენის შინაბერა

და ან

რამდენის

დედინაცვალი,

უშვილძირო,

ქვრივი დეიდა…

რომელთა წასვლამ

ეს ჭიშკარი დახურა ჩვენთვის,

რომელთაც წასვლით

იმდენი რამ გადაგვავიწყეს!

 

ეს რუტინაა,

არაფერი ჯერარმომხდარი.

უბრალოდ,

ყოველ შემოდგომას,

წვიმები რომ გულს გააწყალებს

და შუადღეზე მომინდება,

თვალს მოვატყუო,

ხშირ-ხშირად ვხედავ,

ხელში როგორ მიჭირავს

ხიდან

ახლახანს ჩემით მოწყვეტილი

კარალიოკი…

 

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9