დემონსტარცია

 

არა! ჩვენ პასუხებს ვერ გაგვცემენ.

ჩვენ დიდი-დიდი – მოგვისმინონ.

ჩვენ ყველაფრის გემო ვიცით,

ისე, რომ არაფერი გაგვისინჯავს.

 

ჩვენ ღალატი გადავწყვიტეთ,

და მერე მწარედ გაგვეცინა,

რადგან გვინდოდა და ვერ შევძელით.

რადგან გვწყუროდა და ვერ დავლიეთ.

 

ჩვენ ყველაფერზე ნერვებს ვიშლით,

ჩვენ არაფერი გვავიწყდება,

მაინც ვერასოდეს გავიფიცეთ,

მაინც არაფერი ჩაგვიშლია.

 

ჩვენ გვიყენებენ, გვაძალებენ

ჩვენ მხოლოდ საქმისთვის საჭირო ვართ.

ყველამ გაგვწირა და ეს როგორც არ

უნდა ჟღერდეს – მაინც სიმართლეა.

 

ზოგჯერ შეგვიძლია დავიძინოთ

და ეს ერთადერთი ნუგეშია.

ჩვენ ჯერჯერობით არ მოვკვდებით,

იქნებ სულმდაბლებად გადავიქცეთ –

 

იმდენი რამის დავიჯერეთ,

იმდენმა რამემ მოგვატყუა.

ჩვენ გამოსავალს მოვძებნიდით,

გამოსავალი რომ არსებობდეს.

 

ჩვენ ყველაფერსაც ვიკადრებდით,

საკადრებელი რომ რამე იყოს –

გარდა უსუსური იმედების,

გარდა უბადრუკი მოთმენისა…

 

როგორ ველოდით და არ მოვიდა!

როგორ ვეძებეთ და ვერ ვიპოვეთ!

როგორ ვეცადეთ და ვერ გავაწყეთ

მართლა ვერაფერი ვერავისთან.

 

და როცა ძალიან დავიღალეთ,

და როცა ძალიან გაგვამწარა

უცვლელი დღეების მდინარებამ,

გულის შეტევების გადატანამ,

 

როცა ხმამაღლა დავიყვირეთ,

როცა ჩვენც ცუდად მოვიქეცით,

მაინც ვერაფერი გავაფუჭეთ,

დიდი ვერაფერი შეღავათი…

 

ვდგავართ და არაფერს ველოდებით.

ვდგავართ და ვცდილობთ შევეგუოთ,

რომ პასუხს ვერავინ გვეუბნება,

რომ დიდი-დიდი ცოტა ხნით მოგვისმინონ.

 

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9