ემიგრანტობის ბლუზი

 

გულო, ჩვენი მეზობელი,

გარეთ რეცხავს ხალიჩას.

შავი, დიდად საიმედო,

საოჯახო შლანგის

ერთი ბოლო ამოუცვამს

ონკანისთვის სახლში,

(რა კარგია, პირველივე სართულზე რომ ცხოვრობ –

მილის სიგრძე კარგად წვდება სადარბაზოს კიბეს)

და მეორე ბოლო ირგვლივ ეზოს ბავშვებს იკრებს:

 

სადარბაზოს შესასვლელთან

გამოტანილ ხალიჩას

გვერდით უდგას მომცრო „ვედრო“

– ვარდისფერი სათლი,

შიგ შლანგია ჩაყოფილი

და პირთამდე ავსებს,

სანამ წყალი არ გადმოვა

გულო დგას და აცლის,

მერე სწრაფად სარეცხის ფხვნილს

აპირქვავებს  ნოხზე

და თანაბრად ანაწილებს

იატახის ჯოხით.

 

რეზინის მილს თითებს უჭერს,

ძირს რომ ჭავლით დაუშვას

(ცერითა და საჩვენებლით

სანახევროდ აცობს),

წყლის ნაკადი ძლიერდება

ბორდიურებს წუწავს,

გაქაფული ხალიჩიდან

საპნის ბუშტებს უშვებს

და ცხადია, ეზოს ბავშვებს უწვრილდებათ გული,

ისე უნდათ, ქაფში ხელი რომ ჩაუკრან გულოს.

 

ის დრო არის, გაიხადა

თეთრი სქელი ქოშები

და სველ ნოხზე ფეხშიშველი,

თავწაკრული შედგა.

არხეინად ატრიალებს

ხალიჩაზე ჯოხს და

უსვამს წინ და უსვამს უკან,

თან ტერფებსაც ახმარს.

მეზობლები აივნიდან უწონებენ საქმეს,

რიგში ვისი ნოხიცაა, ყველაზე მეტს აქებს…

 

ნარეცხ წყალში ჩავტყაპუნდით

მთელი ეზოს ბავშვები.

გულო არ გვწყვეტს გულს და ყველას

სათითაოდ გვიშვერს

საწუწაო ავტომატად

გადაქცეულ შავ მილს,

ავწიოკდით, ვმაიმუნობთ,

დავრბივართ და ვცელქობთ,

მერე შვილებს ეძახის და

ნოხი ააქვთ ზემოთ..

გარეთ სარეცხს ვეღარ ვკიდებუკვე დიდი ხანია

(თოკზე რამე თუ გაფინე, გაჯარიმებს მერი).

რაის ქაფი, რაის ეზო,რაის მეზობელი…

ვინ გიკითხავს, ვინ გაგწუწავს, ან ბავშვს ვიღა განდობს…

ჰოდა, ხშირად მესიზმრება როგორ მოაქვს ლანგრით,

ჯინს მფრინავი ხალიჩა და ჩვენი გულოს შლანგი.

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9