სტამბული

 

ცისკრის ნამაზია.

ქალაქის ნამუსი,

ნოხზე მოხრილი

ყადი,

ლოცულობს…

ბაზარი რუზრუზებს:

უზმოზე

წამოყრილ ტყვეებს

ყიდის.

 

უყურებს მინარეთს

(საცაა ინათებს)

ერთი წითური

გოგო.

არავინ – ვინც წუთით,

არავინ – ვინც რამით

სულ მცირე შვებას

მოგვრის.

 

ბოღმით და ბალღამით

გასკდება ამ ღამით,

(ას აქჩედ იყიდა

მოლამ.)

ოღონდ არ გახდება

ხასა და მხევალი!…

წყალში თავს დაიხრჩობს

უმალ!

 

ჩანს, თითქოს ნახევარ

მთვარეთა ნახელავ

სიავეს გული ვერ

იურვებს,

მაგრამ…

თვით ფადიშაჰს

მიჰგვარეს

ჰარემში

ხარჭად მღვდლის შვილი –

ჰიურემ!

მწუხრის ნამაზია,

ფეხმძიმე ავაზა –

მბრძანებლის ერთა,

ცოლი,

პირველი ჰასეკი,

სულთანი ჰიურემ

თავის გაჩენას

ლოცავს…

-რატომ არ იურჩე,

როგორ გაიყუჩე,

როგორ გაგიხადეს

ყაბულს?

ეს კითხვა, მგონია,

კონსტანტინოპოლთან

მუდამდღე ექნება

სტამბულს.

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9