***

 

ჩემი ბავშვობა არის ჩემი

საძინებელი

და ღამღამობით

ჭერზე შუქის ათამაშება

ფარდის ღრიჭოდან შემოჭრილი

ორი სინათლით;

ერთი – უძრავი –

ლამპიონის გამოსხივება,

და მეორე – დინამიური –

ავტომობილის ფარებისა.

 

ეს შუქები ციმციმებდნენ

ლოგინის თავზე

და მანქანების ჩამოვლისას

საბურავების

ხმასთან ერთად

იცვლიდნენ ადგილს.

მე ავყურებდი

და მეგონა,

თან მივყვებოდი…

 

ახლა ვფიქრობ,

ყველა ჩვენგანში

ცოცხლობს თითო ნაცარქექია

(არა იმდენად დევების მძლე,

რამდენადაც ღველფის მჩხრეკავი) –

ბავშვობა, ანუ

ქექვის სრული თავისუფლება,

ცეცხლთან ჩუმად

თამაშის ნიჭი,

ნაპერწკლის კარგად შემნახავი უსაქმურობა,

სიმყუდროვეში გაჩენილი

ცნობისწადილი.

 

ნაკვერჩხლის ქექვა

იყო ღამით ჭერში ყურებაც,

შუქ-ჩრდილებით

ოცნების შეთხზვა

ბედნიერად, თბილად,ლოგინში.

ეს იყო ჩემი

ზღაპრის გუდა

და ცეცხლისპირი.

 

როდის ქრება ჭერზე ღადარი?

როდის იწყება ბუზების თვლა

ან ბზარების თვალიერება?

როდის იქცევა

ფანტაზიის სადიდებელი,

საძინებელი,

ერთ უბრალო საწოლ ოთახად?

ან უარესად –

შფოთებისა და სევდის კუთხედ?

 

უცნაურია:

ბავშვობაში

ჩრდილებისთვის თვალისდევნება

სულს მიტკბობდა და ძილსაც მგვრიდა,

ახლა კიდევ

საწოლში ფიქრი

ხშირად სულაც

უძილოდ მტოვებს.

 

თქვენც ასე არ ხართ?

როგორ ვცდილობთ,

სწრაფად ჩაგვთვლიმოს,

როგორ ძალუმად

ვხუჭავთ თვალებს,

იქნებ გავბრუვდეთ!

 

როდის იწყება

ეს ცვლილება?

როდის გაგვირბის

ლაღი, მოცლილი, უზრუნველი

ნაცარქექია?

 

სხვისი არ ვიცი,

მაგრამ ჩემთანმაშინ ჩაიწვა

საწოლის თავზე

მისი მყუდრო საბრძანებელი,

როცა ერთ დილას

ჩვეულებრივ გათენდა,

მაგრამ

ბებიამ

აღარ შემომიღო

საძინებელი.

         

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9