ომს აქვს ქალის სახე

 

როცა კაცები ყველა პირუტყვობას ჩაიდენენ,

რაც მხოლოდ კაცებს შეუძლიათ:

სისხლში რომ თესლი აიზილება,

ჩვილი პირები ამოიტენება,

თოთო ყელ-კისრები გამოიკბინება,

ნორჩი საშოები შეიჭყლიტ-შეიხევა,

სამყურასავით ასოები გაიყვლიფება,

ქორფა მუცლები გამოიფატრება,

ნაზი უბეები გამოიღადრება…

ომს ქალის სახე გაუხდება,

შეშლილი დედის.

 

სველი სახე, ტუჩებდაჭმული,

სახე ყვრიმალებჩაცვენილი,

უპეწითელი,

ქუთუთოებდასიებული,

სახე საფეთქლებდაკაწრული,

თმაგაწეწილი,

მზერით ერთ წერტილსმილუსმნული და პირის კუთხე

მობრეცილი თითქოს ღიმილით  –

 

ომი მიიღებს დედის სახეს,

აკანკალებულს,

ცალი ხელით

შვილს რომ გულზე მაგრად იხუტებს

და მეორეთი

შუშის პატარა

ბოთლს თავს უხსნის,

თან ეუბნება:

– სულ ორი წვეთი დავიწვეთოთ, დედი, ენაზე

და ცოტა ხანი ერთად ტკბილად

დაგვეძინება.

 

მერე გიჟივით დაუკოცნის

ჯერაც ზეფირის

სიფუნჩულეშერჩენილ ლოყებს,

ღაპაღუპით დაუსველებს ცხვირ-პირს,

თბილ თითებს,

– ნუ გეშინია, შვილო, ნუღარ –

ჩაუჩურჩულებს,

აღარ მოუსმენს ბავშის სიტყვებს

და პირს გაუღებს…

 

ომს სწორედ რომ ქალის სახე აქვს,

ოღონდ თავიდან არა – მერე.

როცა კაცები ყველა სისაძაგლეს ჩაიდენენ,

რაც მხოლოდ კაცებს შეუძლიათ.

—-

საერთაშორისო ორგანიზაციებო,

ჩვენ, ომის დედებს,

გვესმის თქვენი წმინდა სიფრთხილე,

თქვენი ზომიერი თანადგომა,

თქვენი შიშებიც.

და აღარ გთხოვთ ჩვენს მიღებას

თქვენს დიდ რიგებში.

აღარც იარაღს, აღარც ჯარებს,

აღარც პირველად დახმარებას,

აღარც ლტოლვილად ჩაბარების შესაძლებლობას.

მხოლოდ ერთადერთ წამალს ვითხოვთ:

გემუდარებით,

დაგვირიგეთ თითო სინჯარა.

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9