რომ სანამ ისინი,

არყის სუნით აქოთებულნი,

ჩასისხლიანებული თვალებით და

ბინძური ჩექმით

ჩვენს კარებსაც შემოამტვრევენ,

სანამ ერთი კონდახს ჩაგვცხებს,

მეორე ხელფეხს შეგვიკრავს და წიხლით შეგვდგება,

მესამე ფრჩხილებს დაგვაცლის და

მეოთხე კბილებს,

მეხუთე ქამარს შეიხსნის, და დანარჩენებიც

გაიღეღავენ ოფლიან ხებეს,

ჩაიხსნიან ელვაშესაკრავს

და… ჩვენ თვალწინვე

მეთერთმეტედ გახელდებიან

უფაქიზესი ბამბის ქულის გასისხლთესლებით,

სანამ ჯარისკაცები ყველაფერს იზამენ,

რაც არაკაცებს შეუძლიათ,

მანამდე უნდა დაიხოცონ ანგელოსები, –

 

ჩვენს ხელებში ამოხდეთ სული,

დედის კალთაში,

დედის გულზე მიხუტებულებს,

დედის ხელით დახუჭული სუფთა თვალებით.

 

საერთაშორისო ორგანიზაციებო, თანამეგობრობავ, ალიანსებო,

გვესმის, ეს არც ისე ცოტაა,

მაგრამ არც ისე ბევრი:

მხოლოდ პატარებისთვის გვინდა,

ჩვენ არ დავცლით,

შვილებისთვის შევინახავთ

ბოლო წვეთამდე.

 

გთხოვთ!ეს იქნება ნამდვილი დახმარება,

გაცილებით უფრო ქმედითი,

ვიდრე რომელიმე სანქცია ან

მდგომარე ტაში,

და გაცილებით ჰუმანურიც,

ვიდრე თქვენი განცხადებები.

გემუდარებით, გამოგვიგზავნეთ

ყველა ოჯახს თითო ფლაკონი

საბავშვო დოზა

ციანიდი ან დარიშხანი,

ან რაც უფრო მოგეპოვებათ,

ოღონდ ყველაზე

სწრაფმოქმედი და უღალატო.

 

რომ საწამლავის გემო გაჰყვეთ

ბავშვებს იმქვეყნად

და არა

მძაღე ხორცმეტების.

 

ხმაჩახლეწილი,

მუხლმოყრილი გემუდარებით,

გამოიმეტეთ

შხამი

ჩვენი

შვილებისათვის.

მოგვეცით მათი უწამებლად დახოცვის ნება.

რომ გავატანოთ ბოლო გზაზე

ბავშვებს ბავშვობა

არაკაცობით,

პირუტყვობით

მოუშხამავი.

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9