“უკუღმაა ეს, ასინეთა, მარა სულერთია” – ანუ ცხოვრება ქართული კინო-კლასიკაა
როცა არ აყვავდა ნუში
და ისინიც არ ჩამოვიდნენ მთიდან,
შენ რაც გინახავს, ისევ ნახავ:
სხვისი ეზო ივსება უკეთური ადამიანებით,
და ტირილის ბიჭები განგაშს ტეხენ: –
გეშინოდეს, დედა!
გამოხურეთ ფანჯრები!
ამ დროს თვინიერი მეზობლები
მძინარეთა მზეზე თბებიან,
ხოლო მე ვერ ვხედავ მზეს,
ვხედავ მხოლოდ ჭუჭყიან დაფას, –
და გთხოვ, იდარდო!
შენ კი პირიქით, –
დაიჯერე, რომ აღარა ვარ
და მშვიდად აწყობ ჩვეულებრივ გამოფენას,
სადაც გახდი სერიოზული კაცი,
გყავს საკუთარი შვილები და
დიპლომიანი სასიძო,
სადაც სიყვარული არავის უნდა
და თოჯინები არ იცინიან.
ესეც სევდიანი რომანი –
არ მოიტაცეს თამარ ქალი,
არც ერთი ჭირი მარგებელი არაა.
უკანასკნელი მერცხალიც მტოვებს
და უფრო მეტიც,
სულაც არ იყო შაშვი მგალობელი…
ამ ყველაფრის შემხედვარე
ძირში თუ მოვჭრი უნატვრო ხეს
და მერამდენედ საკუთარ თავს
შევბედავ, ვუთხრა:
ბოდიში, თქვენ არ გელით სიკვდილი.
