Non olet* ან ცხოველქმედება

 

შარაზე და ორღობეებში,

ყანებში თუ გაშლილ ვაკეზე,

ეზო-წინკარში, ბოსტანში თუ

ხეხილის ბაღთან,

ჭალა-მინდორში და ვენახში,

თუ ხეობებში,

ტყისპირებთან თუ საძოვრებზე,

ესე იგი,

ყველგან იქ,

სადაც

ბუნების შვილად

ირიცხება ადამიანი,

 

სადაც ძალიან ხელშესახებ

თუ თვალშესადგამ

სახიერებას იძენს ცნება

„ჰარმონიული“, –

სოფელში ანუ

მყუდროების სამეუფოში,

არის მთავარი ელემენტი:

რაღაც ის, რითაც

ქვეყნიერების

პირველქმნილი მშვენიერების

შემორჩენილი ერთადერთი

და არასრული

ასლი,

სოფელი,

ბუნების წიაღს

აკავშირებს ადამიანთან

უძველესი შეგრძნებით

– ყნოსვით:

 

უმთავრესი, რასაც შეიგრძნობ

ჭრიჭინების გაბმულ ჭრიჭინში,

მწიფე მტევნების დანახვისას,

თივის ზვინებთან,

აქა-იქიდან

მოღწეული ფუტკრის ზუზუნზე,

მამლის ყივილის თუ ნახირის დაზმუვლებისას,

როცა ფაფარზე ცხენს მზის სხივი უკამკამდება,

როცა ჭიშკართან ძაღლი წვება,

ჭასთან ჭუკები,

და ა.შ. და სხვა მისთანანი…

არის ის რაღაც,

რაც ამ ყველაფერს აძლევს გემოს, აერთიანებს,

და ამსოფლიურ სილამაზეს

ანიჭებს სოფელს:

 

ტალახიანი მიწისა და

დამბალი თივის,

რძისა და ნეშოს არომატით

გადაჟღენთილი,

მსუყე და მძაფრი,

ოდნავ მოტკბო და ნესტიანი,

პირუტყვის

სკორეს

შეუცვლელი,

ნაზი

სურნელი…

 

ეს სუნი კვებავს

კაცობრიულ მეხსიერებას,

ბუნების კარის გასაღები

არის ეს სუნი…

და მანამ, სანამ

დედა მიწა

დედამიწაა,

ისიც აქა-იქ

იტრიალებს

ჩვენთვის ჰაერში…

 

უფრო მარტივად კი ასეა:

ვირის ჩონჩორიკს,

ხბოს ფუნას,

ღორის ჩხრინკელს და

ქათმის სკინტლს,

კამეჩის ნეხვს და

ცხვრის დენგრას,

კურდღლის ცურცლებს და

კურკლებს თხის…

აქვთ ძალა,

აღგვაფრთოვანონ

ბუნებრიობის

საკითხით.

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9