ნაცარქექია

სახლი უნდა ჩავდგა,

კლდესავით ციცაბო

ღამის კიდესთან
და ავხედო მთვარეს.
კენჭივით ასხლეტილ სიტყვას,
გულის ათიანში,
ჩემი ნებაა, უსუსურ ფიფქად ვაქცევ,
თუ ქვამარილად.
მოვლენ ირმები ალოკავენ
და მთვარესავით მიმატოვებენ.
მთავარია, მახსოვდეს ყველა,
ვინც გამოვიარე.
და ეს თამაშიც –
რომ არსად წავსულვარ
და მხოლოდ ნაცარში გამყავს გზები,
ეს თამაში – მარტოობის –
გამახსენებს –
შაოსანი მასწავლებელი,
დაფაზე მიხატულ
ყუნწმომძვრალ ყვავილზე
ათითებს და გამოთქმით ამბობს-
– ბოვშებო, ესაა ასო-ბგერა “ა”,
ამისთანა კიდე ოცდათორმეტია.
ღამურასავით ჩაფრენილი შიში
-ამას რა ისწავლის?
და სხვა შიშები,
ამ ტვინით გატენილ სამყაროში,
სადაც ზუსტად იციან,
როდის გაიცინონ,
როდის გაცრან წყალი,
ან უშველებელი ღამიდან
ამომათრიონ,
ასეთი დაფანტული,
რომ ვკითხო ვინმე ყოვლისმცოდნეს:
– ნეტა თუ ნანობს,
კათოლიკურ სასაფლაოზე
სამი დღის წინ დამარხული,
ჩემი მაროკოელი მეზობელი,
უარი რომ თქვა,
წასულიყო მკვდარი,
თავის სამშობლოში,
თავის ჭიაყელებთან.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10