გაქცევა იავნანიდან

დაიძინე, სიზმარი ფერადი გზით გატარებს,
თორემ მოვა ბიძია, ხეებს რომ ხოცავს,
მისი ეშინიათ მხეცებს და პატარებს
და ჭიანჭველებს ხეებზე მცოცავს.

აი, მოძალადე, ავყია ბებერი,
უცინის გამვლელებს და ავად ლოცავს
სამყაროს, რომელზეც მან ხელი აღმართა,
დაიძინოს
და ანდა დადუმდეს სამუდამოდ.

შიშველი გოგონა,
თხელი და შეშლილი,
ამბობს, რომ ჰაერი, რომელიც აცვია,
მძიმეა და ძველი, ვერაფრით გაცვითა,
დაიძინე გოგონავ, კარგო, მაპატიე –

ახლაც ვერ ვუშველე,
შენს დაღრღნილ მაჯებს და სატკივარს,
როგორც იმ ყვავილებს, აგვისტოს სიცხეში,
ვიბარებ, რომ მოვალ,
დავცქერი, დაბრეცილ ფანჯრიდან
დაბალი ღრუბლები
რა ჩუმად, უბრალოდ ცხოვრობენ.

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10