***

ერთი სიზმრის მჯერა
ყველაზე მეტად –
როგორ მივყავარ პაპაჩემს,
ხელჩაკიდებული,
თავისი სახლის სანახავად.
დგას და დაბნეული იმეორებს –
აქ უნდა იყოს,
ამ დანგრეული
ეკლესიის გვერდით.

ქვების ენა რომ ვიცოდე,
რომ მყავდეს,
ფასკუნჯივით ერთგული მეგობარი
და კუნძობანას თამაში შემეძლოს,
მაშინ გავუძლებდი,
ამ ნისლივით სლიპინა სიჩუმეს,
რომელიც მეკითხება –

ვინ მიაგნო შენს სულს –
ფერადმა კაფსულებმა,
თუ მზიანმა თვალებმა?

კოხტად ჩაცმულო,
ჭეშმარიტი ღმერთის მაძიებლო,
არ დააკაკუნო ჩემი ღამის კარზე,
ჩემი გამოქვაბულის კარზე,
სადაც მე ვუმღერი,
ყინვაში შაქრის ლერწამივით დაღუპულებს,
წამიდან უკუნისამდე.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10