მხრებში მოხრილი ანგელოზი

თოვლში მიკარგული კვალი
ტყისმჭრელის, თუ მგლის.
ნუ იქნები
დღევანდელ ზღაპარში
ჭრიალა ნაძვის ხე,
რომლის მკვლელობაც
გადაფარა ზამთარმა.
მე გასწავლი,
როგორ გამოჭრა ოკეანე
და მოგზაური გემი.
მე გასწავლი ფერებს,
რომ დახატო ცისარტყელა
და ხმამაღლა თვლას ათამდე.
დაე, მერე იწყებოდეს უსასრულობა.
იარე და უდარდელად იქნიე ხელები,
რომ დააფრთხო ავი მზერა –
აბეზარი, მწვანე ბუზები
და გჯეროდეს,
ერთხელაც მიხვალ
სამყაროს კიდესთან,
რომ დაინახო
ყველაზე მართალი მზე.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10