***

მახარებლებივით

ერთ ამბავს ყვებიან

სოფლის ქალები.

ყველა მწყემსი ვერ იქნება ქრისტე.

მღვიმეში ჩარჩენილი ბიჭებიც

იხსნა კეთილმა მსოფლიომ.

გვიხარია და

კოხტა ყურებს ვაპარტყუნებთ.

გადაივლიან მძიმე ღრუბლები,
მინაზე თვალებმიჭყლეტილო მომლოდინევ,
გადაივლის ეს მოწყენაც.

დამალე სილამაზე,
თვალმაქც ყვავილებს შორის
ამოსულო კაქტუსო,
თუკი ვერსად გაიქცევი.

ყოველთვის, როცა
ამ უცხო ხეს ფოთლები სცვივა
და გამოჩნდება
დაგლეჯილ კედელზე მიწერილი –
Tina ti amo!
ვიჯერებ,
დრო არ ხუნდება
და რომ შეგვიძლია,
დავბრუნდეთ უკან
და გადავარჩინოთ
უთვალავი ამოწყვეტილი.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10