უწინ ჩემი თვალისასა

ადვილი გახდა
უკვდავების ქაცვის მოტანა,
რადგანაც მოკვდა გველეშაპი
და მისი ტანი მინდვრებს აცვიათ.
მზემ და თაფლმა,
არეულმა ნარინჯისფერში,
ალბათ ათასჯერ გამომიხსნა
თვალჭრელ თოვლისგან.
ვიდრე ერთხელაც არ მეგონა,
მხეცი მყავს ტანში
და არ ვიცი, როდის მეცემა.
ნახშირს ჩავთლი და ვიპუტუნებ,
რომ ხარს დავუკლავ
და დავუსხამ სისხლივით ღვინოს,
წავიდეს ოღონდ, დამეკარგოს,
თუნდ მზეს, ბრჭყვიალა სათამაშოს,
დაუსვას ბრჭყალი.
და ამის მერე, ასე ცეტივით,
ზოგჯერ ცაც რომ ეცოტავება,
ვუღიმი მწვანეს,
ნასახლარებს თვალებს ვარიდებ,
მივდივარ და მივღიღინებ –
ნუ ამოხოცავათ ყვავილებს და
ნუ დაფენთ გზებზე,
ვით პატარა, ლამაზ სიკვდილებს,
მათაც აქვთ ხსოვნა,
წყალში გადაყრილი ფერფლივით,
ნაპირზე გამოსვლას რომ ცდილობს.
ათას ამბავს ვიგონებ
და სუყველას ვიჯერებ.
მიწაზე უცებ წაქცეულს რომ
დაუვლის სიტყვა – დამთავრდა!
იქამდე მივსულვარ.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10