ნაწყვეტები

– შაჰ-აბასი რავარი ახოვანი კაცი იყო
და ეს თურქები ვის გვანან?
ამბობს ერთ დღეში დაბერებული.
ან შაჰ-აბასი სად ნახა, ან თურქი?

ის დროა,
აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში
არაბი რომ დავინახე
და გამიკვირდა,
ზღაპრიდან გადმოსულს არ ჰგავდა.

– ხომ არ გეშინია ბაბა?
ან რისი უნდა გეშინოდეს,
ღმერთთან მიდიხარ.

ის დროა,
როცა თვალები არ გაახილა
ჩემმა თექვსმეტი წლის მეგობარმა
და არ გაიცინა
და მე გავიფიქრე –
სად წავიდა რწმენა?
ალბათ იქ, სადაც მიდიან
პატარა, გზააბნეული შაჰიდები.
ცა კი, თითქოს არაფერი,
სავსე იყო ვარსკვლავებით
და უცხოპლანეტელებით.

გიჟი ლიანა კი,
თქვენი ნახევრად ფაბრიკატი დედებიო –
ღრიალით ამოივლის
და ვერ გასწრებულს,
უცებ დამთბარი ხმით გეტყვის:
– გამარჯობა, შვილო!
და ნეტავ რა ჯობია,
სიყვარულის გამო
ეს აღმართ-დაღმართები ამოიჩემო,
თუ წყალს მისცე სული?
გამოგათრევენ ნაპირზე
და ეგონებათ,
რომ გადაგარჩინეს.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10