შორია  აღზევანი

გადავმალავ
უპეებზე ხვართქლასავით
მოდებულ სილურჯეს
და ჩირივით თვალებს,
გვერდით მივუჯდები
სოფლის გლახაკს,
– ჩემს ვირს
ჩემი დარდების თრევაც ეყოფაო,
მეტყვის და ვუპასუხებ,
რომ შორია აღზევანი
და ჩამოდნა უმარილო მეგობრობა,
ცხვირმოქცეული თოვლის ბაბუასავით,
მისი თოვლის ხელიდან
დავარდნილ ჯოხს კი
წავიღებ და მივაყუდებ
მზის ჩასვლის მხარეს,
რომ გავიხსენო –

ყველა თვითონ ირჩევს,
საით წავიდეს

და შუბლზე დამღა,
არ ნიშნავს ღმერთის სიყვარულს

და თუ დაღლილი ხარ
უნდა იმღერო.

და წამოდგება ჩემი კბილა,
ჩემზე მაღალი,
მინდვრები უნდა გადავამწვანო,
ალალად იტყვის
და ამ ჭყაპში გზას გაუდგება.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10