(ქტივი დეტე)

 

“სიკეთის ხშირად უფრო მეტი ბოროტება მოაქვს,

ბოროტებას კი უფრო მეტი სიკეთე!”

 (ჯოვანი ბატისტა ბუგატი,  executioner)

 

ქალაქში ხმა გავარდა, რომ უნივერსიტეტის პროფესორი, მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, ქველმოქმედი, მოსიყვარულე დედა და ბებია, სამოც წელს მიტანებული ქალბატონი იპოლიტა, ცივსისხლიანი მკვლელი აღმოჩნდაო.

გახსოვთ ალბათ სკანდალური ინფორმაცია, რამოდენიმე თვის წინ ფუნიკულიორის ერთ-ერთ სკმაზე ოცდაათ წელს მიტანებული გაგუდული მამაკაცის გვამი რომ იპოვეს?… ამ საზარელი და ამავე დროს იდუმალებით მოცული მკვლელობის შესახებ ბევრს ლაპარაკობდნენ… გაზეთები სტატიებით იყო აჭრელებული… ტელევიზიაში და რადიოშიც ათასნაირი მოსაზრებები და ჰიპოტეზები ვრცელდებოდა… ვის აღარ ბრალდებოდა ამ საცოდავი ახლაგაზრდის მკვლელობა… ჩვენი ან უცხო ქვეყნის სპეც-სამსახურებიო… ჩამოსული არაბებიო, ჩინელებიო, ადგილობრივი სექტანტებიო, პოზიციაო, ოპოზიციაო…

აჟიოტაჟი, ორი-სამი დღით კომუნალური გადასახადების მომატებამ გადაფარა, მაგრამ როგორც კი გაირკვა, გვამი პროზექტურიდან უგზო-უკვლოდ გაქრაო, სენსაციის ახალმა ტალღამ სრულად წალეკა მედია სივრცე. ისიც კი თქვეს, რომ მიცვალებული საიდუმლო ოპერაციის ე.წ. “ყინულის  ლანცეტის” უნებლიე თანამონაწილე და მსხვერპლი არისო, აი ისეთი, რობერტ კენედის ოფიციალური მკვლელი – სერხან ბიშარი სერხანი, რომ იყოო…

ვინც არ იცის თუ რა არის “ყინულის ლანცეტი”, ახლავე მოგახსენებთ :

“სპეცსამსახურებისათვის დაინტერესებულ ობიექტს, მიგზავნილი ადამიანის, ან ადამიანების მეშვეობით აიძულებენ რაღაც არაორდინალური, მისი პრინციპების საწინააღმდეგო მოიმოქმედოს, ან დანაშაულებრივი საქციელი ჩაიდინოს, რის შემდეგაც მას აქცევენ ფსიქოლოგიურ წნეხში, ამის გამო ის იძულებული ხდება მკვეთრად შეცვალოს თავისი ცხოვრება და… წყდება ჩვეულ გარემოს, გამოდის ე.წ. “კომფორტის სივრციდან” და აი, სწორედ აქ მთელი ძალით ერთვებიან სპეცსამსახურები, და “ობიექტი” მათი მარიონეტი ხდება… ხოლო მიგზავნილი ადამიანი, ან ადამიანები, ანუ “ყინულის ლანცეტი” ვისი მეშვეობითაც ის გამოეთიშა თავის სამყაროს – ლღვება დამდნარი ყინულივით და… ქრება.

მოკლედ დანაშაული მოხდა, გვამი სამართალდამცავების მხრიდან გადაღებულ-აღრიცხული იყო, მაგრამ სანამ სხვა სამძებრო და საექსპერტო კვლევები ჩატარდებოდა, ის გაქრა და შესაბამისად, დაბნეული სამართალდამცავების მხრიდან დამნაშავის პოვნა ათასჯერ უფრო გაძნელდა. ცოტა ხანში, ისიც კი ეჭვის ქვეშ დადგა – იყო თუ არა გვამი და მკვლელობას ჰქონდა თუ არა ადგილი? ეგებ ყველაფერი ეს ფიქცია, ან ვიღაცის ბოროტი ხუმრობა იყო?… მაგრამ მოწმეებიც არსებობდნენ და ფოტომასალაც სახეზე იყო…

მოკლედ ვიტყვი, რომ ეს დანაშაული ქალბატონ იპოლიტას ჩაუდენია… ქალს, რომელსაც უკვე შემდეგი ეპითეტებით ამკობდნენ – “ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული, ცხვრის ტყავში გახვეული, ინტელექტუალი  ძუ-მგელი”…

თუ გახსოვთ, სწორედ მკვლელობის დღეს, რაღაც ჯადოსნური ძალისხმევით განიკურნა ჩვენი პროფესორი და ფუნიკულიორიდან სულ ცეკვა-ცეკვით ჩამოირბინა… გაზეთები ამასაც აღნიშნავდნენ… ჩვენი “კაბიანი სტივენ ჰოკინგი” გამოჯანმრთელდა, ფეხზე დადგაო და ინვალიდის ეტლის გარეშე, დამოუკიდებლად დაეშვა ფუნიკულიორის კიბითაოო…

დაეშვა და ძალიან მალე დატოვა კიდეც ჩვენი ქვეყანა და უცხოეთში გადაბარგდა… სადაც წლებია, ეძახდნენ და არ მიდიოდა, მაგრამ როგორც კი ფეხი აიდგა, გაიქცა და დაგვტოვა ყველა გაოგნებული… ერთ თვეში მოქალაქეობაზეც უარი თქვა… თუმცა ეს სხვა ამბავია… დარწმუნებული ვარ, გაინტერესებთ, როგორ დადგინდა მკვლელობასთან მისი უშუალო კავშირი?

ეს გამოაშკარავდა – ჩანაწერის მეშვეობით… სათვალთვალო კამერა, რომელიც იმ ავადსახსენებელი და იდუმალი მკვლელობის ადგილას იყო დამონტაჟებული, დაცვას თურმე გაფუჭებული ეგონა. სინამდვილეშიც ასეც იყო. მაგრამ, მას მხოლოდ ობიექტივი ჰქონდა ჩამსხვრეული და არაფერი ჩანდა, თუმცა ხმას ხარვეზების გარეშე, ბრწყინვალედ იწერდა და ეს, სრულიად შემთხვევით იქნა აღმოჩენილი… ქალბატონი იპოლიტასთვის სამწუხაროდ, მაგრამ ჩვენთვის და სამართალდამცველებისთვის სასიხარულოდ. ჩანაწერის მოსმენის შემდგომ, მკვლელის ხმა ყველამ იცნო, რადგან მისი სატელევიზიო და რადიო ლექციები პოპულარული იყო ჩვენს ქვეყანაშიც და მის საზღვრებს გარეთაც… სწორედ ამის მეშვეობით გაირკვა მკვლელის და მოკლულის, სახელებიც და ვინაობაც. სხვათა შორის გამომძიებელიცა და ფუნიკულიორის დაცვის უფროსიც მისი ყოფილი სტუდენტები და მაგისტრანტები ყოფილან… ჰა-ჰა, მართლაც სასწაული რამ არის ეს ცხოვრება, როგორ თავისებურად ჩახლართავს ადამიანთა ბედსა და გზებსა!..

კიდევ ერთ მნიშვნელოვან დეტალს შეგახსენებდით, რომ ქალბატონ იპოლიტას ძალიან უყვარდა თბილისური ზაფხულისა და მეტადრე აგვისტოს საღამოობით ფუნიკულორზე ყოფნა და ე.წ. “გონებისა და სულის გაგრილება”. იქ, მას რამოდენიმე საყვარელი ადგილი ჰქონდა “ოკუპირებული”, სადაც მიგორდებოდა თავისი ეტლით, გაჰყურებდა თბილისის უკიდეგანო ჰორიზონტს, მტკვრის ხეობას და როგორც ამბობდა ხოლმე – “ისმენდა და იწერდა მარადისობიდან მოფრენილ აზრებს” და ზოგჯერ თავს ქალაქის სტიქიათა მბრძანებლადაც, ამორძალების მითოლოგიურ დედოფლადაც კი წარმოიდგენდა… ასტრალური ძალაუფლების ეს თუნდაც ილუზორული შეგრძნება, ენერგიასა და ხალისს მატებდა.

იმ ავბედით დღესაც სწორედ ასეთი განწყობით მიილტვოდა თავის სანუკვარი ადგილისკენ, მაგრამ როგორც ნათქვამია – “კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო!”…

აი, მოვისმინოთ ეს საშინელი ჩანაწერი.

ღვაწლმოსილი მეცნიერი, თვალებმილულული იჯდა ეტლში, ღრმად ისუნთქავდა ნაძვების სურნელით გაჟღენთილ გრილ ჰაერს და თითქოს ჩათვლემას აპირებდა, მაგრამ უეცრად, ვიღაცის მორიდებული, ოდნავ ხრინწიანი ხმა მოესმა:

– ქალბატონო იპოლიტა!

 

1 2 3 4 5 6 7 8