– ქალბატონო იპოლიტა! – დაიჩოქა უცნობა, მუხლებზე ხელი დაადო და ლამის ჩურჩულით გაიმეორა, – ქალბატონო იპოლიტა!
– რაა? რააა? – “სექსუალური მანიაკია?!” ცოფიანი ძაღლივით ეცა ეს აზრი, იპოლიტას და ლამის ჩურჩულით აყვირდა, – რა დავაშავე ღმერთო ასეთი, რომ…
– ქალბატონო იპოლიტა, თქვენ არაფერი დაგიშავებიათ, არამედ პირიქით…
– პირიქით? რ ა ა ა პ ი რ ი ქ ი თ?
– ქალბატონო იპოლიტა! – გაიღიმა უცნობმა და მეორე ხელი მხარზე დაადო. “ნაღდად მანიაკია! გავგიჟდებიიი!” – უხმოდ დაიღრიალა იპოლიტამ და უნებლიედ ფეხზე წამოდგა. ამ ბოლო თხუთმეტი წლის მანძილზე ეს პირველი შემთხვევა იყო და ამან ისე გააკვირვა, რომ პროკოპი სულ გადაავიწყდა და გახარებულმა თავის-თავს ჰკითხა:
– ეს რააა? ეს რაა?
უცნობმა ვერაფერი შეამჩნია და მუხლებზე მდგარი, თავისას აგრძელებდა:
– ქალბატონო იპოლიტა, სხვაგან დავიბადე და ამჟამად სულ სხვაგან ვარ დასახლებული…
– რაა? – გაიმეორა მუხლებ აკანკალებულმა იპოლიტამ და სულის მოსათქმელად კვლავ ჩაჯდა სავარძელში.
– იმას ვამბობდი, ქალბატონო იპოლიტა, სხვაგან დავიბადე მეთქი და ამჟამად სულ სხვაგან ვარ დასახლებული…
– ჰოდა რა გინდა სენაკში არ დაბადებულო? რა გინდა? რა გინდა?
– ქალბატონო იპოლიტა!
– ჰოო… – აღმოხდა იპოლიტას და იგრძნო მთელი სხეული კვლავ, როგორ აევსო უშრეტი, უზარმაზარი და დამანგრეველი ენერგიით. მუშტები შეკრა და გაიგონა, როგორ ატკაცუნდნენ თითებს ლულოვანი ძვლები.
– ქალბატონო იპოლიტა!
– რააა ადამიანო? რაა?
– ქალბატონო იპოლიტა, მადლობის თქმა მინდოდა!
– მადლობის? – ხელები გაასავსავა იპოლიტამ, – მერე ვერ თქვი აქამდე? რას… რას… ამდენ ხანს… რას… სიტყვები არ მყოფნის!
– ქალბატონო იპოლიტა!
– ჰოოო!
– ქალბატონო იპოლიტა, დიდი მადლობის თქმა მინდოდა!
– მმმმმმ… – “არა, ეს ის არ არის ვინც მეგონა… უბრალოდ მივამსგავსე… ეს მგონი არც მანიაკია და არც გიჟი… ნაღდად ვიღაც ვიგინდარას მოგზავნილია, ან შანტაჟს მიწყობს, ან უბრალოდ დამცინის”, გაუელვა გულში იპოლიტას.
– ქალბატონო იპოლიტა! – გაეცინა უცნობს.
– მმმმმმრრრრააა?
– ქალბატონო იპოლიტა, ძალიან დიდი მადლობის თქმა მინდოდა და მინდა!
– მმმმ… -”დამცინის”, დაასკვნა იპოლიტამ.
– ქალბატონო იპოლიტა!
– მმმმ…
– ქალბატონო იპოლიტა!
– რააა?
პროკოპი ადგა. კვლავ შებრუნდა და ასე იდგა. ღრმად სუნთქავდა, მხოლოდ თითებს ამოძრავებდა, თითქოს რაღაც უცნობ ინსტრუმენტზე უკრავსო. მერე მკვეთრად შემობრუნდა. შეხედა ქალბატონ იპოლიტას, დაძაბულობისა და სიბრაზისაგან აკანკალებულ ქალბატონს და სახეზე რატომღაც ბედნიერი ღიმილი გადაეფინა.
– ქალბატონო იპოლიტა, როგორ ხართ? როგორ გიკითხოთ? მე პროკოპი ვარ? პროკოპი!.. ძალიან დიდი მადლობის თქმა მინდა, მაგრამ არ ვიცი როგორ გითხრათ და არ მინდა გეწყინოთ! – პროკოპიმ თავისკენ მიიზიდა პროფესორის ეტლი, მოხუცს ხელებში ჩაეჭიდა და მავედრებელი მზერით მიაშტერდა ქალს. ეს უკვე მეტისმეტი იყო.
– რა არ უნდა მეწყინოს? – იპოლიტამ ნერვიულობისგან გალურჯებული ბაგეები ძლივს აამოძრავა.
– ქალბატონო იპოლიტა!
– დიახ! – თქვა და გაიფიქრა და გონებაში საბედისწერო აზრმა გაუელვა: – “ასეთი ცინიკოსები სიცოცხლის ღისნი არ არიან!”.
– ქალბატონო იპოლიტა, რომ არ დავიბნე თავიდან უნდა დავიწყო! – თავი დახარა პროკოპიმ და ცინიკურად ჩაიღიმა.
– თავიდან? – დააზუსტა იპოლიტამ, “ნამდვილად დამცინის! დამცინის ეს გარეწარი!” – უხმოდ ამოიგმინა და პროკოპის, გამოცდილი ჯალათის მზერა მიაპყრო, – კიდევ თავიდან?
– ქალბატონო იპოლიტა! მე სენაკიდან ვარ! სენაკის აბანოებიდან… ნოსირის აბანოებიდან… მაგრამ სენაკში აღარ ვარ. – ლამის ლოცვასავით ბუტბუტებდა პროკოპი და კდემამოსილი სახით შეჰყურებდა პროფესორს, – დაიფიცეთ, რომ არ გეწყინებათ!
– ესე იგი, უნდა დავიფიცო კიდეც, რომ არ მეწყინოს? – დააზუსტა პროფესორმა და მშვიდად დაიწყო სახელოების აკაპიწება.
– ქალბატონო იპოლიტა!
– რაა?
– ქალბატონო იპოლიტა ეს მე ვარ პროკოპი და არ უნდა გეწყინოთ, ხომ დამპირდით! ქალბატონო იპოლიტა?
– რაა? – დოინჯი შემოიყარა პროფესრომა და ჯალათის სევდიანი ღიმილით დახედა პროკოპის.