ქალი იმწუთასვე მიხვდა, რომ ირგვლივ რაღაც შეიცვალა. ფერები თითქოს უფრო გამკვთრდნენ – “აყვირდნენ”. ასწლოვანი ხეები, მზისგან და უწყლობისგან გაყვითლებული ბალახი, დამსკდარი ასფალტი, ცუდად გამოთლილი ქვის ბარდიური ყველაფერი იგივე იყო, მაგრამ ცოცხალი. წამით გარნდული, გაშეშებული მაგრამ ისეთი, გულისძგერა და თავისი აზრი, მიზანი რომ ჰქონდა… იპოლიტას გამოხედვაც აღარ ჰქონდა ბურუსით მოცული, მის წინ სივრცე დაიწმინდა და საგნები აღარ იყვნენ სივრცეში ან ბინდბუნდში გადღაბნილნი, გაცრეცილი კონტურებით… კონტურები, კუთხეები, ხაზები, წერტილები, ლანდშაფტი, პეიზაჟი, ჰორიზონტი – ყველაფერი კამკამა-მკაფიო გახდა.

ქალმა ეჭვის თვალით გახედა მოსაუბრეს და ცინიკურად მიმართა:

– ჩ ვ ე ნ ო   პ რ ო კ ო პ ი?!

– დიახ, ქალბატონო იპოლიტა!

– ჩემგან რა გინდათ? – ხმას აუწია იპოლიტამ, – გამაგებინეთ, რა გინდათ ჩემგან? გთხოვთ, არააა, მოვითხოვ გამაგებინოთ, ჩემგან რა გინდათ?

პროკოპი წელში გაიმართა, მკვეთრად შებრუნდა გასასვლელისკენ, ნაბიჯიც კი გადადგა წასასვლელად… მაგრამ ადგილიდან არ დაიძრა. ასე გარინდული იდგა რამოდენი ხანი და რაღაცაზე დაძაბული ფიქრობდა… მერე უეცრად მობრუნდა, სახეზე თბილი ღიმით და… ყველაფერი თავიდან დაიწყო.

– ქალბატონო იპოლიტა, გამარჯობა! როგორ ხართ? როგორ გიკითხოთ?

– რაა? რაა? – დაიბნა მოხუცი.

– ქალბატონო იპოლიტა, რატომ ნერვიულობთ… არაფერია სანერვიულო! მეე, სენაკიდან ვარ მაგრამ ახლა სხვაგან ვარ!

– არ მეგონა სენაკში შენნაირები თუ იბადებოდნენ! – დაასკვნა იპოლიტამ.

– ქალბატონო იპოლიტა!  – ძალიან ეწყინა პროკოპის.

– დიახ!

– ქალბატონო იპოლიტა, მე სენაკიდან ვარ. ნოსირის აბანოებიდან, მაგრამ არ დავბადებულვარ სენაკში! – საჩვენებელი თითის მაღლა აშვერით აღნიშნა უცნობმა და დაამატა, – ქალბატონო იპოლიტა, გეხვეწებით, აღარ შეგეშალოთ!

– აბა სად გაჩნდი? – ხმას აუწია იპოლიტამ და მზერით განგმირა მოსაუბრე, – დ ა ვ ი ბ ე ნ ი ი ი ი…

– ქალბატონო იპოლიტა! გახსოვთ ფრანცისკო გოიას „ძაღლი“… ნახატი ითვლება დაუმთავრებლად, რომელიც უკვე სრულებით დაყრუებულმა მხატვარმა, თავის სახლის კედელზე დახატა… კარგა ხნის შემდეგ იქნა, ეს შედევრი ტილოზე გადატანილი… გაუგებარია რისი გადმოცემა უნდოდა ამით გოიას…

– გოია? ძაღლი?

– ქალბატონო იპოლიტა, როგორ არ გახსოვთ?! პანორამის ცენტრში განთავსებულია ძაღლი, რომლის თავი რაღაც ბარიერის იქიდან მოჩანს… ან თითქოს თავი რაღაც ჭუჭყიანი – ტალახიანი გუბიდან აქვს ამოყოფილი…

– ძაღლი მოკლული პატრონის თვალებით? –  გაიხსენა იპოლიტამ მისი საყვარელი ნახატი.

– დიახ, დიახ! შეშინებული ძაღლის მზერა, თუ ძაღლის შემზარავი მზერა ზევითაა მიმართული, მისი თვალები ადამიანური სევდითა და უსაზღვრო ტკივილითაა სავსე… ის საოცრად შეშინებული და სასოწარკვეთილია… ზემოთ კი არაფერია… არაფერიზმით სავსე სიცარიელეა… უსაზღვრო და იდუმალი. როცა მას უყურებ, გიჩნდება უამრავი კითხვა –  სად ხდება ეს? საიდან მოხვდა იქ ძაღლი? რას უმზერს, ან საით იყურება? სულ ფიქრობ – ეს ძაღლი ალბათ ზედმეტობის, სამყაროში უადგილობის, არარეალიზების, მარტოსულობის სიმბოლოა? თუ უპატრონობის, აბსოლუტური თავისუფლების, უსაზღვრობის, უკონტურობის, როცა პატრონი განსაზღრავდა ფორმას, მაგრამ ახლა როცა პატრონი აღარ არის აღარც ფორმაა და აღარც საზღვარი? მაშინ რატომ არის ეს შიში? რატომ,  ქალბატონო იპოლიტა? ეს იმიტომ, რომ გიჟი სულიერად ავადმყოფი გახდა?

– ალბათ!

– ქალბატონო იპოლიტა, ჩვენ ვლაპარაკობდით ზედმეტად ქცეული ადამიანის დრამაზე? – ცინიკურად იკითხა პროკოპიმ.

– ზედმეტი ადამიანის? – გაუკვირდა იპოლიტას, – კი მაგრამ, როდის?

– ქალბატონო იპოლიტა, ჩვენ ხომ ზედმეტნი ვარ… – ამოიოხრა პროკოპიმ და გააგრძელა, –  ამ სამყაროში, ხოლოდ ზედმეტი ადამიანი შეიძლება იყოს ახალი ცხოვრების და ახალი ფასეულობების შემქნელები… ისინი ზედმეტად გრძნობის შემდეგ რეალიზდებიან… ისინი, ან ღმერთები ხდებიან, ან თვითმკვლელობით ასრულებენ ცხოვრებას… მე ვიცი მესამე გზა. მე ვიცი მესამე გზა.

– რისი მესამე გზა? – დაიბნა ქალბატონი.

– ქალბატონო იპოლიტა… სამყაროში ყველაზე საცოდავი არსება  გოიას ძაღლია თუ გოია?  თუ ის ვინც ამ ნახატს უყურებს?… ძაღლი – მხატვარი – მნახველი! იმ ძაღლს მხოლოდ ერთი თვალი მოუჩანს, მეორე კი ისეა დახატული, რომ გრძნობ, როგორ გიყურებს მისი დაუხატველობა… კუნტური… გონებაში ასახული შტრიხები! ორი სხვადასხვა თვალი, სხვადასხვა გამოხედვა, სხვადასხვა გრძნობა მაგრამ ერთი სხეული… – პროკოპიმ წინ გაიშვირა ხელი და  თითქოს შეეხო, შუქ-ჩრდილებისგან შექმნილ საზღვარს, ქალაქის მზიან ხედსა და მწვანეში ჩაფლულ მათ „თავშესაფარს“ შორის, და რამოდენიმეჯერ დაიყეფა კიდეც, – ვავ! ვავ! ვავ! ძაღლი და მოშავო-მოყავისფრო ბარიერი და სიცარიელე! მიშველეთ! გთხოვთ, მიიიიიშვეეელეეეეთ!

ამ სიტყვების შემდეგ, პროკოპი კარგა ხანს გაქვავებული იდგა. ღრმად სუნთქავდა, თითქოს ცდილობდა სხეულის, გონების, ფიქრების, ნერვების, სისხლის ჰაერით განწმენდას. სრულებით დაბნეული და გაღიზიანებული იპოლიტა, განძრევასაც კი ვერ  ბედავდა და თვალებზე მომდგარ ცრემლებს ძლივს იკავებდა.

– ქალბატონო იპოლიტა, მესამე გზა! – უცებ წამოიძახა პროკოპიმ და ქალს გახედა, – მესამე გზა, ქალბატონო იპოლიტა! გესმით, ქალბატონო იპოლიტა?

– დიახ! – იყვირა იპოლიტამ. პროკოპი შეკრთა.

– დაწყნარდით, ქალბატონო იპოლიტა! არაფერია სანერვიულო! ყველაფერი ნათლად ავხსენი!

– რა ახსენით ნათლად? მე ვერაფერი გავიგე და ხომ ხედავთ ლამის ჭკუიდან გადამიყვანეთ! – გონს მოეგო პროფესორი, საკუთარმა გულუბრყვილობამ და თავშეუკავებლობამ  გააღიმა კიდეც.

 

1 2 3 4 5 6 7 8