–     ქალბატონო იპოლიტა, სენაკიდან ვარ!

–     ს ე ნ ა კ ი დ ა ნ.  – გაიმეორა იპოლიტამ და თითები დაატკაცუნა.

–     ქალბატონო იპოლიტა!  სენაკიდან – ეს მე ვარ, მაგრამ იქ აღარ ვცხოვრობ… პროკოპი!

–     პ პ რ რ ო კ ო პ ი ! – კბილებში გამოცრა მეცნიერმა და რომელიღაცა ფილმში ნანახი “ხულიგანივით” გვერდზე გადააწიტა.

–     ქალბატონო იპოლიტა! სენაკში  არ დავბადებულვარ და არც ახლა ვცხოვრობ სენაკში…

–     ამის დაჯერება შეუძლებელია! შ ე უ ძ ლ ე ბ ე ლ ი! – ამოიოხრა იპოლიტამ და პროკოპის მოშიშვლებულ ყელს მიაშტერდა.

–     ქალბატონო იპოლიტა! ასეც ვიცოდი, რომ გეწყინებოდათ!

–     რა უნდა მწყენოდა პროკოპი?

–   ქალბატონო იპოლიტა! ისეთი დიდი სიკეთე გამიკეთეთ, რომ არ მეგონა თუ ჩემი მადლობა გეწყინებოდათ?!

– რანაირად შემეძლო შენთვის რაიმე კარგი გაკეთება! – ხმადაბლა ჩაიხითხითა იპოლიტამ და პროკოპის გაუპარსავ სახეზე თითი მოუსვა, “ეს უბედური თითქმის ჩემი შვილიშვილის ტოლია” გაიფიქრა და ამ აზრმა თითქოს გამოაფხიზლა კიდეც. დაბნეულმა ჰორიზონტს გახედა და აღმოხდა, – ღმერთო, რა დაგიშავე ასეთი? ასეთი რა შევცოდე, რა ვიბოროტე, რომ ახლა ასეთი რამის გაკეთება მაფიქრებინე?! უუხშენიიი! – ამოიგმინა, ფეხზე წამოდგა და იგრძნო, რაღაც ახალი, სხვანაირი, სხვაგვარი, უსაზღვრო, მაცოცხლებელი ენერგიით მბორგავი, მოთუხთუხე ძალა, როგორ ავსებდა და როგორ ერეოდა, აფორიაქებდა და აჩქროლებდა მის ბებერ სისხლს და აახალგაზრდავებდა… აახალგაზრდავებდა…

– ქალბატონო იპოლიტა, აი, ხომ ხედავთ ყველაფერს მიხვდით! და ალბათ  გაგახსენდათ კიდეც! – სიხარულით წამოიძახა პროკოპიმ, – და მეც სიკეთით დაგიბრუნეთ, ხედავთ ჩემი დამსახურებაა, რომ თქვენ ადექით, ქალბატონო იპოლიტა! თქვენ, თქვენს ფეხებზე დგეხართ! ეს იმის ნიშანია, რომ არ გეწყინათ და გაკეთებული სიკეთე ჩემი დახმარებით უკან დაგიბრუნდათ!.. ცოტაც და თქვენც ჩემსავით უპატრონო იქნებით!

ორივე უხმოდ გაჰყურებდა მზის ჩამავალ სხივებში გახვეულ ქალაქს და უსმენდა თბილისური საღამოს  მომაჯადოებელ, ხელთუქმნელ სიმფონიას.

იპოლიტა გაჰყურებდა ამ სილამაზეს. – “My God, keep me safe. I go to you for safety. I say to the Lord, “You are my Lord. Without you, I don’t have anything that is good.” I say about God’s people who live in our land, “They are the noble ones. I take great delight in them.” – პროფესორი  ინგლისურად ბუტბუტებდა “მე-16 ფსალმუნს” და ვერ ხვდებოდა, რომ მისი ხმა მკაფიოდ ისმოდა და ჰარმონიულად ერწყმოდა სამყაროს ხმაურების საერთო მუსიკას და ახალ თემას ბადებდა ამ ბუნებრივ სიმფონიაში, –  Those who run after other gods  will suffer more and more.I will not pour out offerings of blood to those gods. My lips will not speak their names.Lord, you alone are everything I need. You make my life secure….” (ისმინე, უფალო, სიმართლე, ყური მოაპყარ ჩემს ღაღადს, გაიგონე ჩემი ლოცვა უბიწო ბაგეებიდან. შენგან გამოვა ჩემი სამართალი, შენი თვალები განჭვრეტენ სწორად. შენ გასინჯვ ჩემი გული, მომინახულე ღამით, გამომცადე, ვერაფერს იპოვი; არ განუდგება ჩემი პირი განზრახვას ჩემსას. ადამიანურ მოქმედებაში, შენთა ბაგეთა სიტყვის თანახმად, თავს ვიცავდი უკუღმართი გზებისაგან. გაამაგრე ჩემი ნაბიჯები შენს გზაზე, დაე, არ გადაუხვიონ ჩემმა ტერფებმა…)

– ყველაფერი აარაფერია და არაფერი ყველაფერია! – გაიფიქრა იპოლიტამ, ამ თხუთმეტი წლის მანძილზე პირველად, დახველებისა და ხავილის გარეშე, ღრმად ჩაისუნთქა… ჰაერმა, თითქოს მისი სხეულის ყოველ კუნჭულში შეაღწია და ნერვიულობისგანა, გადატანილი განცდებისაგან, იმედგაცრუებებისაგან,  დაძაბულობისაგან, სულში – გონებაში – ფიქრებში კარგა ხნით ჩახლართული კვანძები და ნაოჭება გახსნა, გადატკიცა, გააახალგაზრდავა. ბედნიერი იყო, მაგრამ რაღაც მაინც აწუხებდა. რაღაც მაინც უქუფრავდა ახლებურად გადახალისებულ სამყაროს.

– მართლა  არ გეწყინათ, ხომ? – იკითხა პროკოპიმ და სამყაროს სიმფონიური ჰანგები უეცრად ჩააქრო. ჩაკლა. დაასამარა.

–  შენგან რა უნდა მწყენოდა! – უეცრად აფეთქდა “სამყაროს იდუმალ სიდიადეს” მომწყდარი იპოლიტა, მხრებში წვდა და მთელი ძალით შეანჯღრია საცოდავი პროკოპი, და ჩასძახა – შენგან რა უნდა მწყენოდა? რააა?

–  ქალბატონო იპოლიტა! მე სენაკიდან ვარ, აბანოებიდან! ქალბატონო იპოლიტა! მართლა არ გეწყინათ, ხომ? – მონოტონური ხმით ამბობდა პროკოპი. სახეზე ცინიკური ღიმილით არც კი ცდილობდა გაცეცხლებული პროფესორის ხელებიდან თავის დაღწევას.

–  რა უნდა მწყენოდა! – უკვე მოსაუბრის ყელს მყარად ჩასჭიდებოდა იპოლიტა და სახეზე კმაყოფილი ღიმილით  მარწუხებად ქცეულ თითებს უჭერდა.

–  ქალბატონო იპოლიტა!  – ახრიალდა სულთმობრძავი პროკოპი და უკანასკნელად შეეცადა ჰაერი ჩაესუნთქა, – ქალბატონო იპოლიტა, ხვდებით რა მოგდით? ქალბატონო იპოლიტა, არ გეწყინათ! გოიას ძაღლი, ქალბატონო იპოლიხხხხხხ…

–  ჩემო პროკოპი, აწი მე რომ ვინმეს სიკეთეს გავუკეთებ!  – ლამის კისრის მალები გადაუმტვრია გალურჯებულ, თვალებგადმოკარკლულ პროკოპის, – აწი, მე რომ ვინმეს, სადმე, ოდესმე… რაიმე სიკეთე… კბილებში გამოსცრა ღვაწლმოსილმა პროფესორმა, ინვალიდის ეტლი ზურგზე მოიგდო და “სიხარულის ოდა”-ს ღიღინით, ფუნიკულიორის კიბებისკენ მიმავალ ბილიკს, მსუბუქი ნაბიჯით გაუყვა.

თავად გაოგნებული ვარ ამ ჩანაწერის მოსმენით… სიტყვები არ მყოფნის. არ ვიცი ვინ გავამართლო, ან  ვინ გავამტყუნო? ვინაა ნამდვილი დამნაშავე, ან ნამდვილი მსხვერპლი? იყო კი დანაშაული? მოხდა კი საერთოდ მკვლელობა? ეგებ, ეს ყველაფერი ვიღაც ვიგინდარების მიერ განხორციელებული პროვოკაციაა, რათა ღვაწლმოსილი პროფესორის სახელს ჩირქი მოსცხონ?

 

1 2 3 4 5 6 7 8