– არა – არა – არა!  – მკვეთრად გააქნია თავი პროკოპიმ, – ქალბატონი იპოლიტა, მაინც ვერ გამიხსენეთ?

– ჰმ-ჰმ!

– ძაღლმა მიკბინა და თქვენც შეგხვდით და… მაინც ვერ გამიხსენეთ?

– ძაღლის ნაკბენით ცოტა ძნელია გახსენება… – იმართლა თავი ქალმა, – გამაგებინეთ რა გვარის ხარ?

– ქალბატონო იპოლიტა! – უკვე დამცინავად გააქნია თავი პროკოპიმ და დოინჯი შემოიდო.

– დიახ, გისმენთ! – ამოიკვნესა პროფესორმა და შეშინებულმა გაიფიქრა: “ისე გაიჯგიმა, მართლა არ მცემოს, ამ დამთხვეულმა!”.

– გეწყინათ, წარსულის გახსენება რომ გთხოვეთ და იმიტომ, გინდათ ჩემი გვარი, არა? – თვალი-თვალში გაუყარა უცნობმა.

– არა ბატონო არ მწყენია, უბრალოდ, ხომ უნდა მივხვდე… მივხვდე ან გავიხსენო ვის ველაპარაკები! – ხელები გაასავსავა იპოლიტამ, – წარსულის გახსნება ჩემს ასაკში არც ისე ადვილია!

– წარსულში იყვნენ გიჟები, ისინი მერე სულით ავადმყოფებად იქცნენ, ქალბატონო იპოლიტა! სულით ავადმყოფები გიჟებზე უარესები არიან!.. მე სენაკიდან ვარ! სენაკის აბანოდან! ნოსირის უძველესი აბანოდან! – ამაყად წარმოსთქვა პროკოპიმ.

– აბანო გასაგებია, ნოსირის აბანო მით უმეტეს გასაგებია… სენაკიც გასაგებია ბატონო. ეს ყველაფერი გასაგებია! გ ა ს ა გ ე ბ ი ა!..  გავიგე, გავიგე, გასაგებია! – ლამის გული შეუწუხდა ქალს და სცადა ეტლის ადგილიდან დაძვრა, – მაგრამ ახლა უნდა წავიდე!

– ქალბატონო იპოლიტა, რა არის გასაგები? – წინ გადაუდგა გაკვირვებული პროკოპი.

– გასაგებია, რომ თქვენ ძალიან იშვიათი სახელი – პროკოპი გქვიათ! მეტი ჯერ ვერაფერი გავიგე! – ლამის ატირდა იპოლიტა. მას არ სურდა მისთვის სამარცხვინო, დავიწყებული ამბის გახსენება, ამას კარგად მიუხვდა აბეზარი უცნობი და მიზანს მიღწეული დონ-ჟუანივით გაიღიმა.

– ცოტა დავიბენი და გავღიზიანდი, ქალბატონო იპოლიტა! – ამოიოხრა უცნობმა და შეშინებულ ქალს თბილად გადაუსვა თავზე ხელი.

– დიახ! – იპოლიტას ცრემლები მოადგა.

– ქალბატონო იპოლიტა! აი, ხომ ხედავთ უკვე გწყინთ. – გული დასწყდა უცნობს.

– არ მწყინს ბატონო… გისმენთ! გისმენთ!

– ქალბატონო იპოლიტა! მე სენაკიდან ვარ! სენაკის აბანოდან… მაგრამ სენაკში აღარ ვარ. სხვაგან ვარ! და.. არც მეგრელი ვარ!

– მიხარია, რომ სხვაგან ხარ… მიხარია, ყველაფერი მიხარია! – ძლივს შეიკავა თავი იპოლიტამ, უსუსურობისაგან ყელში მობჯენილი ტკივილი, უკან ჩააბრუნა და პროტესტის ნიშნად სცადა ფეხზე წამოდგომა, – გამაგებინე ახლა სად ხარ? ხომ უნდა ვიცოდე სადა ხარ. სად გროვდებიან შენნაირები?

უცნობმა, მხრებში მაგრად მოჰკიდა ხელი და აფორიაქებული პროფესორი ეტლში დააბრუნა:

– ქალბატონო იპოლიტა!

– დიახ! – დაიღრიალა იპოლიტამ.

– ქალბატონო იპოლიტა! – დაიბნა უცნობი.

– გიიისმენთ! – იმხელაზე იყვირა, რომ მოეჩვენა თითქოს მისმა ხმამ სატელევიზიო ანძაც კი შეძრა… თითქოს უეცრად გათავისუფლდა განვლილი წლებისგან, მუდმივი დაღლილობისგან, უსუსურობისგან. ღრიალთან ერთად ამოხეთქილმა ტკივილმა რაღაც ახალი, სიცოცხლითა და ენერგიით სავსე წყარო გახსნა მასში და თითქოს უშრეტი ძალა შეჰმატა.

– ქალბატონო იპოლიტა! იქ ჩემნაირს არავის ვიცნობ! ახალი გადასული ვარ და… – ხმადაბლა, ლამის ჩურჩულით წარმოსთქვა უცნობმა და თითქოს ძალა წაერთვაო მუხლები მოწყვეტით მოეკეცა.

ქალმა ხელი შეაშველა წონასწორობა დაკარგულ პროკოპის, რომელიც გადიდებული თვალები რაღაცას მიშტერებოდა და იღიმებოდა… იპოლიტამ მისი თვალები ვირისას მიამგვანა, უეცრად პერანგში ჩაავლო ხელი და ძლიერად შეანჯღრია… ამას ნამდვილად არ ელოდა პროკოპი. პროფესორის აგრესიულობამ, დააბნია, დააპატარავა, დაჩიავა… ამაზე იპოლიტამ თავი ვეღარ შეიკავა და სიცილი აუვარდა.

– ჰაჰაჰაჰაჰა! – ხარხარებდა ის და ხელებს ეტლის სახელურებს უტყაპუნებდა, – გამაგებინე პოლიკარპე, რა გინდა ჩემგან? ვინმემ მოგაგზავნა? ან თუ არ მოგაგზავნა, მაშინ რას ითხოვ ჩემგან? გთხოვ გამაგებინე?

– ქალბატონო იპოლიტა! ქალბატონო იპოლიტა!  – ხელების ქნევით ამბობდა უცნობი და უკან-უკან მიხოხავდა.

– დიახ! – საყელოში ჩაავლო ხელი პროფერსორმა და თავისკენ მოიზიდა, – ნახევარ საუკუნეზე მეტია, ქალბატონი იპოლიტა ვარ, ძვირფასო პოლიკარპე! ერთი ცდომილების, ერთი სამარცხვინო ინციდენტის გამო, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში გაცოცხლდება, თუკი “მე” გავიხსენებ… “მე გავიხსენებ”… და არა “თქვენ”… მაინც იპოლიტად დავრჩები… მაგრამ იმას არ გავიხსენებ და არც თქვენ გირჩევთ… არ გირჩევთ! – ჩაისისინა ქალმა და უცნობს ხელი უშვა – ახლა კი, იძულებული ვარ გისმინო! ჰოდა გისმენ! გიისმეეენ!

გაიცინა იპოლიტამ და საზურგეს მიეყრდნო.

– ქალბატონო იპოლიტა! მე პოლიკარპე არ მქვია. – რატომღაც უცნობი გამხიარულდა და მოსაუბრეს სიცილში აჰყვა, – ქალბატონო იპოლიტა, მისმენთ?

– დედა ეს რა მითხარი?!

– ქალბატონო იპოლიტა!

– დიახ! – უკვე ხარხარებდა იპოლიტა.

– ქალბატონო იპოლიტა, მე პროკოპი მქვია!

– პრო-კო-პი? – მკვეთრად შეეცვალა განწყობა პროფესორს, დადუმდა, თვალები დახუჭა, რამოდენიმეჯერ ღრმად ჩაისუნთქ-ამოისუნთქა და დანაოჭებული ქუთუთოები ნელა, ძალიან ნელა გახსნა.

 

1 2 3 4 5 6 7 8