– დიახ, ბატონო ჩემო? – უეცრად გამოფხიზლდა იპოლიტა და იქვე ატუზულ დაუპატიჟებელ სტუმარს ნაძალადევი ღიმილით ახედა. უცნობის სქელი, ხორციანი ბაგეები და კუთხოვანი სახე დაფარული ჰქონდა მეჩხერი, რამოდენიმე დღის გაუპარსავი წვერით. პროფესორ იპოლიტას მგონი ეცნო უცნობის ვნებიანი ბაგეები და მორიდებული, ცინიზმითა და მომხიბვლავი მკრთალი ღიმილით სახეზე, ოდნავ მოჭუტული თვალები, და მათში მოკიაფე ცელქი ნაპერწკლები, ეშმაკურობის ზღვარზე მისული ნაპერწკლები… ამ მაცდური იერის ცნობამ, თითქოს შეუღიტინა, მეცნიერის მეხსიერების ყველასათვის ჩამალულ ცხრაკლიტულში მიძინებულ მოგონებას, მაგრამ ვერ, უფრო სწორედ კი არ გააღვიძა.

– ქალბატონო იპოლიტა, როგორ ბრძანდებით? როგორ გიკითხოთ?  – მორიდებულად წარმოსთქვა უცნობმა და ვნებიანი ბაგეები მოკუმა, – რაღაც უნდა გაგიმხილოთ!

– “ის, არის?!” – გაუელვა თავში პროფესორს, – “ნამდვილად ის არის?!.. ა რ ა უ შ ა ვ ს. ის კი არის, მაგრამ აღარ არის… რადგან არაფერი აღარ არის… მაგრამ…”

– გისმენთ ბატონო! – ხმამაღლა წარმოსთქვა იპოლიტამ და უცნობი, მკაცრი მზერით გახვრიტა.

– ქალბატონო იპოლიტა! – კვლავ გაიმეორა მომხვდურმა და წამოწითლდა, – მე…, მე ვარ “აბსოლიტური უპატრონო”… მე გამოვედი პატრონის ანუ “ძალაუფლებით საზოგადოების მართვის სისტემიდან” და არ შევედი ახალი პატრონის, ანუ “დისციპლინით საზოგადოების მართვის სისტემის დაქვემდებარებაში”… არა.

– ფუკოს განზომილებებს გასცდით? – გაეცინა პროფესორს და გაიფიქრა “მორიგი გიჟი”, თუმცა ინტერესმა სძლია და ჰკითხა, – მაინც რატომ, როგორ, და სად ხართ ახლა?

– იცით ვინ არიან ინტრიგნები? გაზარმაცებული ნიჭიერები არიან ინტრიგანები! იყო ინტრიგანი უფრო ადვილია, ვიდრე იყო ნიჭიერი, რადგან ინტრიგანობას არ სჭირდება იმდენი ძალისხმევა, რამდენსაც ნიჭის გამოვლინება საჭიროებს! ნიჭიერი ადამიანი თავის სულიერი ენერგიით საზრდოობს და ეს საკმაოდ მძიმე, მაგრამ მადლიანი საქმიანობაა! ინტრიგანი კი სხვა, მასზე ნიჭიერი ადამიანებით “იტენება|”. ის წურბელაა და პარაზიტია! ინტრიგანები არიან გაზარმაცებული ნიჭიერები, რომლებიც ვეღარასოდეს გახდებიან კარგი და ყოვლისმომცველი…. ყოვლისმომცველი… ისინი ქმნიან “დისციპლინარულ” სისტემას! წურბელების ყოვლისმომცველ სისტემას… ეს… ეს … სსს – თითქოს საჭირო სიტყვებს ვერ პოულობსო, ხელი ჩაიქნია და დაამატა, – ეს არის და ეს… ქალბატონო იპოლიტა, ეს არის და ეს! ქალბატონო იპოლიტა?

– გისმენთ, გისმენთ!

უცნობი შებრუნდა, თითქოს წასვლას აპირებსო. ცოტა ხანს ზურგშექცევით იდგა, ადგილზე ქანაობდა, რაღაც მომენტში მკვეთრად შემობრუნდა და ხალისიანად წამოიძახა:

– ქალბატონო იპოლიტა, როგორ ხართ? – თითქოს აქამდე არაფერი უთქვამს, ისე გაიღიმა უცნობმა, ხელი ჩამოსართმევად გაიშვირა, მაგრამ რატომღაც მოერიდა და ზურგს უკან დამალა. სიტყვის გასაგრძელებლად ჩამოჯდომა სცადა, მაგრამ ბოლო მომენტში ესეც გადაიფიქრა და სევდანარევი, დაბნეული მზერით მიაშტერდა მხცოვან პროფესორს. კარგა ხნის პაუზა ჩამოვარდა… უცნობი რაღაცას უხმოდ იხსენებდა და თავისთვის იცინოდა. მისი სიცილი ძალიან მსუბუქი და გადამდები იყო… ის ძალიან წააგავდა  ბავშვის უმანკო სიცილს… რომელიც უეცრად იწყება და ყველას ახალისებს და კარგ ხასიათზე აყენებს.

– ქალბატონო იპოლიტა, სენაკიდან ვარ!

– ძალიან კარგი, ვინ ბრძანდებით? – ხალისით ჰკითა ქალბატონმა იპოლიტამ, მაგრამ თვალები რატომღაც სევდით აევსო.

– ქალბატონო იპოლიტა! – თითქოს შველას ითხოვსო ისე წამოიძახა უცნობმა და ღრმად ჩაისუნთქა.

– დიახ, გისმენთ!

– ქალბატონო იპოლიტა, ეს მე ვარ – პროკოპი!

– პროკოპი? – თავაზიანად ჩაეკითხა იპოლიტა, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო და კითხვა გაუმეორა, – რომელი პროკოპი?

– ქალბატონო იპოლიტა, ეს მე ვარ პროკოპი, სენაკიდან! – განწირული ხმით წამოძახა უცნობმა და ჯარისკაცივით გაიჭიმა.

– მეგრელი პროკოპი? – სცადა დაზუსტება, მოსაუბრის ტონით და ქცევით უფრო მეტად დაბნეულმა პროფესორმა.

– არა, ქალბატონო იპოლიტა. მე  უბრალოდ პროკოპი ვარ, სენაკიდან!

– პროკოპი, პროკოპი! – სცადა ამ უცნაური სახელის მატარებელი, ვინმე ნაცნობს ან მსგავსის მაინც გაეხსენა, მაგრამ ვერ, ანუ უფრო სწორი იქნებოდა თუ ვიტყოდით “არ იხსენებდა”, და “შეწუხებულმა” იკითხა, – რომელი პროკოპი?

– ქალ-ბა-ტო-ნო ი-პო-ლი-ტა, პრო-კო-პი აბ-ან-ო-დან. – დაუმარცვლა უცნობმა და მეტი დამაჯერებლობისთვის მკერდში, რამოდენიმეჯერ ჩაიკაკუნა, – სენაკის, ნოსირის აბანოდან ვარ ქალბატონო იპოლიტა!

– ააა, ძალიან სასიამოვნოა! – სენაკიც კარგად ახსოვდა, ნოსირის უძველესი აბანოებიც და მაგრამ ამის იქით ჩაღრმავებას არ ცდილობდა, პირიქით ეხალისებოდა კიდეც არასასიამოვნო – დამამცირებელ მოგონებებთან და მათ შემხსნებელთან კუკუდამალობანას თამაში, – ძალიან გამიხარდა! მაგრამ ჩვენ რაა გვაკავშირებს ერთმანეთთან?

– ქალბატონო იპოლიტა პროკოპი აბანოდან. სენაკიდან ვარ ქალბატონო იპოლიტა! – დაჟინებით იმეორებდა უცნობი და რამოდენიმეჯერ ფეხიც კი დაჰკრა ბარდიურს.

– ძალიან მიხარია, მაგრამ მერწმუნეთ, ვერაფრით ვიხსენებ ჩვენ რა გვაკავშირებს ერთმანეთთან? – იცრუა მეცნიერმა და უხერხულობისგან წამოწითლდა კიდეც.

– ქალბატონო იპოლიტა, სენაკელი ვარ მეე!

– ააა, გ ა ს ა გ ე ბ ი ა! როგორაა სენაკში საქმეები? როგორი ამინდებია? – სცადა სხვა მიმართულებით წაეყვანა საუბარი. მის წინ მდგარი პიროვნება მთლად დალაგებულის შთაბეჭდილებას არ ტოვებდა, ამიტომ ძალიან გულთბილი ღიმილით გაუმეორა შეკითხვა, –  რა ხდება აბანოში, როგორ მიდის საქმიანობა? ხომ არ გვარცხვენთ?

– ქალბატონო იპოლიტა?! – ეწყინა პროკოპის.

– გისმენთ!

– ქალბატონო იპოლიტა! – ხმას აუწია უცნობმა.

 

1 2 3 4 5 6 7 8