– გისმენთ, გისმენთ! – პანიკის მომასწავებელი სიმშვიდით მიმართა, გაღიზიანებულ პროკოპის და მხარზე ხელი მოუთათუნა.

– ქალბატონო იპოლიტა, მე ნოსირის აბანოში არ ვმუშაობ!

– აა, აღარ მუშაობთ? – ცოტა დაიბნა იპოლიტა და როგორც შეატყო თვალებში შავი ციცინათელები აუციმციმდნენ რაც იმას მიანიშნებდა, რომ აფორიაქების ნიანდაგზე წნევამ აუწია.

– ქალბატონო იპოლიტა!

– გისმენთ, გისმენთ! – წამოილუღლუღა ქალმა და თვალები დახუჭა.

– ქალბატონო იპოლიტა, აბანოდან ვარ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რომ იქ ვმუშაობ!

– ააა, გასაგებია! მაშინ როგორაა საქმეები სენაკში? გამაგებინეთ, ამინდები როგორია? – შეეხვეწა სუნთქვაგაძნელებული პროფესორი, – ძალიან მაინტერესებს!

– ამინდები? ქალბატონო იპოლიტა, რა ვიცი მე სენაკში როგორი ამინდებია? – გაუკვირდა პროკოპის.

– აბა სენაკიდან ვარო?

– ქალბატონო იპოლიტა, მე ახლა სხვაგან ვცხოვრობ!

– ააა, სხვაგან? არაჩვეულებრივია! ჰოდა მითხარით, რა საქმე გაქვთ ჩემთან? – ამოიოხრა იპოლიტამ და მიმოიხედა, ეგებ ვინმე გამოჩნდეს და…

– ქალბატონო იპოლიტა! – პროკოპის მბრძანებლურმა კილომ, შეშინებულ ქალს გააწყვეტინა ფიქრები.

– დიახ!

– ქალბატონო იპოლიტა!

– გისმენთ ბატონო!

– ქალბატონო იპოლიტა! ისააა… – ისევ დაკარგა თავდაჯერებულება უცნობმა და ჯიბეებში რაღაცას დაუწყო ძებნა.

“დანას, ხომ არ ეძებს ეს უპატრონო?! “ – წამში გაულევა იპოლიტას, და ყოველ შემთხვევისათვის, ჰკითხა – გაგიჭირდათ, რამე ყმაწვილო?

პასუხი ვერ მიიღო და ამიტომ შეკითხვა გაუმეორა:

– რაიმე გაგიჭირდათ?

– რაიმე გამიჭირდა? – ძებნის შეუწყვეტელად გაიმეორა პროკოპიმაც.

– ძალიან გიჭირთ არა? ნუ გრცხვენიათ, თქვიით! დღეს გაჭირვება სირცხვილი არაა, პირიქით საამაყოა კიდეც!  – თითქოს რაღაცას მიხვდა ღვაწლმოსილი მეცნიერი.

– ქალბატონო იპოლიტა! – გულისტკივილით წარმოსთქვა უცნობმა, უკანა ჯიბიდან ერთჯერადი ცხვირსახოცების პაკეტი ამოიღო, გახსნა და ცხვირი ხმაურიანად მოიხოცა.

– დიახ!

– ქალბატონო იპოლიტა! მე არაფერი მიჭირს. – მკვეთრად მოუჭრა პროკოპიმ.

– აბა რა გინდათ ჩემგან? – შეეხვეწა იპოლიტა.

– ქალბატონო იპოლიტა… მოვედი, რათა გაგათავისუფლოთ… თქვენ გგონიათ, რომ თავისუფალი ხართ… მაგრამ არა… ამაზე მერე… ჯერ ადრეა. ადრეა…  ქალბატონო იპოლიტა?

– დიახ! – ამოიგმინა ქალმა.

– ქალბატონო იპოლიტა! მე სენაკიდან ვარ!

– სენაკიდან… სენაკიდან… რა გვარის ხართ?

– ქალბატონო იპოლიტა! – გული დაწყდა უცნობს.

– დიახ, მე დიდი ხანია იპოლიტა ვარ! ზოგი იპოლიტესაც მეძახის და ზოგი კიდევ რას! მაგრამ დროის ასე მოკლე მონაკვეთში ამდენჯერ არასოდეს გამიგონია ჩემი სახელი! არასოდეს გამიგონია! უკვე დავიღალე იპოლიტა, იპოლიტას ძახილით! გასაგებია, ყმაწვილო? – ხმადაბალი, ლამის ცივი ტონით წარმოსთქვა ქალმა და ბოლოს აცახცახებული მუშტიც კი დაჰკრა ეტლის სახელურს.

– იცით რაშია საქმე? მთელი ამ ხნის მანძილზე მინდოდა თქვენთან შეხვედრა და… ვერანაირად ვერ ვახერხებდი… შეხვედრა მინდოდა ყოფილიყო… შემთხვევითი… სპონტანური… დაახლოებით ისეთი, როგორიც მოხდა იქ სენაკში… ნოსირის აბანოებში… არ მინდოდა დამეგეგმა წინასწარ… დამერეკა ან მომეწერა თქვენთვის და თავიდანვე გამეფრთხილებინეთ… ეს ხომ ოფიციალური რამ გამოვიდოდა… ოფიციალურობას კი უსულობის, სიკვდილის სუნი ასდის… უეცარს, სპონტანურს, შემთხვევითს კი სიცოცხლის, უკვდავების, ახალის დაბადების, ჭეშმარიტების… და აი ახლაც… ძაღლმა… – ჩაიცინა პროკოპიმ, –  ძაღლი შემომეფეთა… უპატრონო იყო… მშიერი… შემეცოდა, რაღაც საჭმელი ვიყიდე და მივუგდე… არ მენდო. ეგრევე არ დაკარა პირი, დიდხანს მიყურა, მათვალიერა… გავიფიქრე არ მენდობა და ალბათ იმიტომ მეთქი… რაც უფრო მეტს ვუღიმოდი, მით უფრო უნდო და ბრაზიანი მზერით მიცქერდა… ბოლოს ხელი ჩავიქნიე და აღარ მივაქციე ყურადღება… აი, სწორედ მაშინ დაიწყო ჭამა… გამეცინა, ძალიან მომეწონა ეს მისი უნდობლობა. გამახარა მისმა დამოკიდებულებამ ტრადიციული შტამპების მიმართ… და მოსაფერებლად გავიწიე… მან კი ხელზე მიკბინა… აი, ნაკბენი… – პროკოპიმ, გასისხლიანებული ცხვირსახოცით შეხვეული მარჯვენა ხელის მტევანი დაანახა…

– აუცილებლად აცრა უნდა გაიკეთოთ. – შეშფოთდა ქალბატონი იპოლიტა, – იმიტომ, რომ…

– არ არის საჭირო… არავითარი ცოფი არ შემეყრება. ძაღლს ყურზე სპეციალური ნიშანი ედო, რომელიც ნიშნავდა, რომ ყველანაირი აცრა ჩატარებული ჰქონდა… თუმცა მართლაც საინტერესო, ფილოსოფიური და მისტიურიც იქნებოდა ცოფიანი ძაღლის დახმარებით ჭეშმარიტებასთან მიახლოება.

– ექიმს მაინც უნდა მიაკითხოთ, ნაკბენი უნდა გაგიწმინდოთ და რაღაც ანტიბიოტიკები… – არ ცხრებოდა პროფესორი.

 

1 2 3 4 5 6 7 8