დეპუტატი კაცი: ორივეს ახალი მანქანა გვიყიდია!
დამლაგებელი: რა ბრძანეთ, ბატონო?
დეპუტატი კაცი: არა, არაფერი… თქვენც ისვენებდით ეს ორი კვირა-მეთქი?
დამლაგებელი: არა, ბატონო, მე ვინ დამასვენებს!
დეპუტატი კაცი: მაგრამ, სამუშაო ხომ ნაკლები გქონდათ?
დამლაგებელი: დიახ, ბატონო, ნაკლები – ნაკლებად ისვრებოდა აქაურობა და იმიტომ!
დეპუტატი კაცი: ლოგიკურია! (ირონიულად) წავედი მე, კოლეგავ!
დამლაგებელი: როგორც იტყვით, ბატონო. მეც მალე მოვრჩები!
დეპუტატი კაცი: კიდევ ერთხელ შეგაწუხებთ!
დამლაგებელი: რა შეწუხებაა, ბატონო!
ორივენი შემოსასვლელ კართან მიდიან. დამლაგებელი კართან ტილოს დააფენს, დეპუტატი კაცი ფეხსაცმელებს იწმენდს.
დეპუტატი კაცი: პრინციპში, არც სჭირდებოდა უკვე ფეხსაცმელებს გაწმენდა.
დამლაგებელი: დაიხ, ასეა!
დეპუტატი კაცი: კარგი, მივხედოთ ჩვენ-ჩვენ საქმეს!
დეპუტატი კაცი გადის. ღია კარიდან ისმის დეპუტატის ქალის ხმა – ის სხდომაზე გამოდის.
დეპუტატი ქალი: ეგრეთ წოდებულ „პოზიციას“ ძალიან კი გაუტკბა ამ ბოლო დროს სირაქლემის პოზაში ყოფნა – არც კი იმჩნევს, რომ სრულად დაკარგა მოსახლეობის ნდობა და, თანაც, ძალიან დიდი ხანია რაც დაკარგა და, უფრო მეტიც, გახდა დესტრუქციული ძალა…
იკეტება კარი.
დამლაგებელი: თქვენ კი მიხედეთ უკვე თქვენ საქმეს და აიწყვეთ ცხოვრება გიტარასავით! (ათვალიერებს იატაკს). მოვრჩენილვარ უკვე და ისაა – სუფთაა უკვე აქ ყველგან ყველაფერი… ტუალეტები დამრჩა… რატომ არ რეკავს ეს ჩემი ბიჭი ამდენი ხანი?! (რეკავს მისი ტელეფონი) აი, ძაღლი ახსენე და ჯოხი მოიმარჯვეო (ტელეფონს ამოიღებს ჯიბიდან, ამ დროს იატაკის საწმენდი ჯოხი ხელიდან უვარდება და ხმაურით ეცემა. ტელეფონის ეკრანს დასცქერის) ეს ვინღაა?!.. (ტელეფონს ყურთან მიიდებს). გისმენთ!.. დიახ, ნათელა ვარ!.. დიახ, დამლაგებელი ნათელა, თქვენ ვინ ბრძანდებით?!.. მუშა?!.. რა წამოვიღო?!.. ქანჩის გასაღები?!.. რატომ თავი არ დაგრჩათ, რომ აგიკლით აქაურობა, პარლამენტია ეს, ბოსელი ხომ არ გეგონათ თქვე უდღეურებო?!.. უყურე ამათ ერთი!.. ხო, კარგი, გამოვაყოლებ ხელს!.. კარგი-მეთქი!.. როდის და როცა საქმეს მოვრჩები.. როცა საქმეს მოვრჩები-მეთქი!.. დამელოდეთ! (ტელეფონს გათიშავს) ერთი ამათ დამიხედეთ – თუ არ გიშვებენ, ძალიან კარგი, როგორც მე გამაძვრეთ სიქა, ისე მეც ამოგხდით სულს ლოდინში, თუ ვყოფილვარ ნათელა!.. ღმერთო, შენი მუხლების ჭირიმე, მაჩუქე ჯანმრთელი და ლამაზი შვილიშვილი, ოქროსკულება, მტრი ჯინაზე, ღმერთო…
თანდათან ქრება შუქი.
პაუზის შემდეგ ინთება შუქი. სცენაზე არავინაა. ზედ სარკეზე მიყუდებულია იატაკის საწმენდი ჯოხი, იქვე ვედროა.
შემოდის დეპუტატი კაცი. ღია კარიდან ისმის მორიგი გამომსვლელის ხმა.
გამომსვლელი: ძალიან სასაცილო კია ოპოზიციის მხრიდან ნდობის მანდატის ამოწურვაზე და დეტექციაზე… დეტექციაზე რა იყო, დესტრუქციულობაზე საუბრებების მოსმენა… (ისმის, როგორ იცინიან დეპუტატები).
იკეტება კარი. ხმა წყდება. დეპუტატი კაცი აჩაღებს ელექტროსიგარეტს. ბოლთას სცემს. ბოლოს „ფანჯრისკენ“ მიემართება. ამ დროს იღება კარი და შემოდის დეპუტატი ქალი. ღია კარიდან ისმის ოვაციები.
დეპუტატი კაცი შეტრიალდება. დეპუტატები ერთმანეთს უყურებენ.
დეპუტატი ქალი: ისევ ეწევით?
დეპუტატი კაცი: დიახ… ასე გამოდის!
დეპუტატი ქალი: მერედა კატრიჯი?
დეპუტატი კაცი: კატრიჯი?
დეპუტატი ქალი: ხო, კატრიჯი. ისევ თხოვეთ ვინმეს?
დეპუტატი კაცი: რატომ დამცინით?
დეპუტატი ქალი არაფერს პასუხობს. დეპუტატი კაცი უცებ გადამწვეტი ნაბიჯებით მიდის კარისკენ, შიგნიდან ჩაკეტავს მას, შებრუნდება დეპუტატი ქალისკენ. ერთმანეთს უყურებენ. დეპუტატი ქალიც ელექტროსიგარეტს ამოიღებს – გააჩაღებს.
დეპუტატი კაცი: უცებ წვიმა რომ წამოვიდეს?!
დეპუტატი ქალი: რა წვიმა?
დეპუტატი კაცი: ხელოვნური წვიმა – სიგნალიზაცია რომ ჩაირთოს!
დეპუტატი ქალი: აქ უამრავმა ადამიანმა გააბოლა და არ ჩართულა ეგ თქვენი ხელოვნური წვიმა!
დეპუტატი კაცი: სიგარეტი უფრო გიხდებოდათ!
დეპუტატი ქალი: დამცინით?
დეპუტატი კაცი: არა, რა თქმა უნდა… უბრალოდ… უბრალოდ…
დეპუტატი ქალი: კარი რატომ ჩაკეტეთ?
დეპუტატი კაცი: უბრალოდ…
დეპუტატი ქალი: კარი რატომ ჩაკეტეთ-მეთქი?!
დეპუტატი კაცი მიდის ქალთან და მის წინ იჩოქებს.