მოქმედება ხდება პარლამენტის შენობაში.

სცენა წარმოადგენს დარბაზის ტიპის ოთახს.

იატაკზე თეთრი მარმარილოა, კედლებიც თეთრი, ჭერიც. უკანა კედელზე, ფართო, საპირწონიან შემოსასვლელ კართან, მაღალი, ნახევარ კედელზე გადაჭიმული სარკეა.

სცენის ერთ მხარეს ქალების საპირფარეშოს კარია, მეორე მხარეს – კაცების.

შემოდის დამლაგებელი ვედროთ და იატაკის საწმენდი ჯოხით, გაიხედ-გამოიხედავს, ჯოხს კედელზე მიაყუდებს, იტაკს დასჩერებია შეწუხებული, ლამისა იტიროს. ჭერისკენაც აიხედავს.

 

 

დალმაგებელი: ოხ, მუშებო, მე თქვენი!.. მართლა მუშებო და გლახაკებო, ვინც თქვენ აქ შემოგიშვათ – რას დაგიმსგავსებიათ იატაკი, გაგისკდეთ თავი!.. რა მოხეხავს ამას, ღმერთო!.. (ხელებს მაღლა აღაპყრობს) ღმერთო, მაღალო, კეთილო, ყველას პატრონო, განსაკუთრებით ჩვენისთანა უბრალო ხალხის, კეთილად ამშობიარე ჩემი რძალი… მეხი კი დავაყარე!.. ოი, ღმერთო, მაპატიე, მეტს არ დავიწყევლები, ვფიცავ შენ თავს და ჩემს სიმწრით გაზრდილ ერთადერთ ბიჭს… ისე წამომცდა უნებურად… მე ხომ პრინციპში არც ვწყევლი – რაც არ უნდა იყოს ჩემი პირველი შვილიშვილის დედა გახდება…

 

იღება კარი, შემოდის მამაკაცი დეპუტატი – მმართველი პარტიის წარმომადგენელი, ისმის ხმა სხდომათა დარბაზიდან – პარლამენტის სპიკერის.

 

სპიკერი: ეს ჩემი თხოვნაც იქნება და მოთხოვნაც, კოლეგებო!.. კოლეგებო, დავიცვათ რეგლამენტი!.. არც სხვა დროს იყავით მაინცდამაინც პუნქტუალურები, მაგრამ, ამ ორკვირიანი შესვენების შემდეგ საერთოდ ვერ გცნობთ!.. კოლეგებო!..

 

დეპუტატის უკან შემოსასვლელი კარი იკეტება, ხმა წყდება.

 

დეპუტატი კაცი (იატაკს დასჩერებია): რა არის ეს, რა ჯანდაბაა?!

დამლაგებელი: მუშებმა, ჩემო ბატონო… აი, ხანძრის ავტომატური დეტექციისა და ქრობის სისტემა რომ დაამონტაჟეს იქ, მაღლა… (ხელს ჭერისკენ იშვერს).

დეპუტატი კაცი: რა ბრძანეთ, რა ქვიაო?!

დამლაგებელი: ხანძრის ავტომატური დეტექციისა და ქრობის სისტემა… აი, კვამლზე რომ იწყებს წივილ-კივილს და ვაიუშველებელს, ანუ სიგნალიზაციას და წყალსაც გამოუშვებს ჭერიდან შადრევანივით და…

დეპუტატი კაცი: ეგ მეც მომეხსენება, ტყიდან კი არ ვარ მოსული!.. უბრალოდ, ასე ზედმიწვდენით რომ იცით სახელწოდება იმან გამაკვირვა.

დამლაგებელი: ხოდა, გამოეპარათ წყალი ცოტაზე დამონტაჟებისას და… კიდევ კარგი, ჩემო ბატონო, ერთი რაღაც მოვიფიქრე, თორემ დერეფნებსაც დასვრიდნენ ჭუჭყიანი ფეხებით, სხდომათა დარბაზსაც, სხვათა შორის. მოსდებდნენ ყველგან, ერთი სიტყვით.

დეპუტატი კაცი: რა მოიფიქრეთ ასეთი?

დამლაგებელი: რა და, ბახილები მოვუტანე, აქედან ისე არ გახვიდეთ, ფეხსაცმელებზე არ წამოიცვათ, თორემ შავ დღეს დაგაყრით-მეთქი!

დეპუტატი კაცი: ყოჩაღ, საზრიანი ბრძანებულხართ, ქალბატონო!.. და ხომ არ იცით, ელექტროსიგარეტის კვამლზე რეაგირებს თუ არა ეგ დეტექტორი?

დამლაგებელი: დეტექცია ბატონო!

დეპუტატი კაცი: ერთი და იგივეა პრინციპში, ქალბატონო, და, რეაგირებს თუ არა ეგ მითხარით თქვენ!

დამლაგებელი: მაგდენი არ ვიცი, ბატონო!

დეპუტატი კაცი: მდაა!

დამლაგებელი: ისე, წესით და კანონით არ უნდა რეაგირებდეს!

დეპუტატი კაცი: წესით და კანონით!

დამლაგებელი (მორიდებით): ელექტროსიგარეტის გაბოლება ხომ არ გნებავთ?

დეპუტატი კაცი (კითხვას თავს არიდებს): ჭერი – ჭერად, მაგრამ მანქანის სიგნალიზაციის ხმა ხომ არ ყოფილა?

დამლაგებელი: არა, ბატონო, არაფერი გამიგია!

დეპუტატი კაცი: სიგნალიზაცია დავაყენებინე მანქანაზე გუშინწინ და ზოგჯერ თავისით ირთვება!.. და საპირფარეშოში რა ამბავია, იქაც ხომ იგივე არ ხდება?!

დამლაგებელი: იქ ყველაფერი წესრიგში იყო!

დეპუტატი კაცი: მაგრამ, ხომ შეიძლება იქაც მოესაქმათ!.. მოისაქმათ რა, გადატანით მნიშვნელობით ვთქვი… გარდატანითი რა, შეიძლება პირდაპირაც იყო!

დამლაგებლი: ახლავე ვნახავ ბატონო!

დეპუტატი კაცი: ნახეთ, ოღონდ სწრაფად?!

დამლაგებელი: ახლავე, ბატონო!

 

იატაკის საწმენდი ჯოხით და ტილოთ შეირაღებული დამლაგებელი კაცების ტუალეტისკენ მიდის, გამოაღებს კარს და შედის. ისმის უნიტაზის ჩარეცხვის ხმა. გამოდის კმაყოფილი სახით.

 

დამლაგებელი: იქ ყველაფერი წესრიგშია, ჩემო ბატონო!.. ერთი-ორი გავუსვ-გამოვუსვი, ისიც ფორმალურად და მორჩა!

დეპუტატი კაცი: აბა მაშინ რატომ ჩარეცხეთ, არ იყო ჩარეცხილი?

დამლაგებელი: როგორ არ იყო, უბრალოდ ისე, ჩვევის გამო.

დეპუტატი კაცი: ჩვევის?

დამლაგებელი: დიახ, ბატონო, დამლაგებლური ჩვევის.

დეპუტატი კაცი: უცნაური ჩვევა კია, მინდა ავღნიშნო!

დამლაგებელი: მართლა გეუბნებით, გეფიცებით ჩემს მომავალ შვილიშვილს!.. (დამლაგებელი პირზე აიფერებს ხელს) ღმერთო, რა საქმეზე დავიფიცე!

დეპუტატი კაცი: რა საქმეზე?

დამლაგებელი: ტუალეტის, ბატონო!

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11