დეპუტატი ქალი: ორივე სიგარეტი აიღე და წავიდეთ… თუმცა, არა, ჯერ მე გავალ, მერე შენ… გაიყვან მანქანას პარლამენტის ეზოდან გარეთ და იქ დამელოდები. ზარს მომცემ… ჩემ მანქანას სადმე დავტოვებთ.
დეპუტატი კაცი: კარგი, საყვარელო!
დეპუტატი ქალი: არა, ჯერ შენ გადი, ასე აჯობებს… მაკოცე და წადი, რომ რაც შეიძლება მალე ისევ ერთად ვიყოთ!
დეპუტატი კაცი დეპუტატ ქალს კოცნის. ის დაიხრება და იატაკს თითს აუსვამს.
დეპუტატი ქალი: ჭუჭყიანია მაინც!.. შენ კი გაგიხმეს თავი!
დეპუტატი კაცი: მე რა… ვის ახსოვდა იატაკი ჭუჭყიანი იყო თუ არა… თან კიდევ ქვემოდან მე ვიყავი!
დეპუტატი ქალი: შენზე კი არა, დამლაგებელზე ვამბობ!.. ტყუილად უხდიან ხელფასს!.. წადი, საყვარელო!
დეპუტატი ქალი კიდევ ერთხელ აკოცებს კაცს და კარისკენ ხელს კრავს. კაცი მიდის. ღია კარიდან შემოდის ხმა.
სხდომაზე გამომსვლელი: ლამისაა მოვკალით და დავასამარეთ დღეს ჩვენ ქვეყანაში ამდენი წლის მანძილზე რუდუნებით ნაშენები დემოკრატია და პარლამენტარიზმი… ჩვენ გავიწყდება, რომ დემოს, ნიშნავს ხალხს…
ქალი სარკის წინ ტრიალებს, ტანსაცმელს ისწორებს, ითვალიერებს. მერე პირჯვარს იწერს.
დეპუტატი ქალი: მაპატიე, ღმერთო!.. არც კი ვიცი, ღმერთო, რა გითხრა!.. არც კი ვიცი!..
დეპუტატი ქალი მიდის.
პაუზის შემდეგ ქალების ტუალეტიდან გამოდის განცვიფრებული დამლაგებელი.
დამლაგებელი: დედა, რა იყო ეს?!.. ეს რა იყო, დედაჩემო?! (მიდის „ფანჯარასთან“, გადაიხედავს). ღმერთო, სიზმარი არ ყოფილა – აგერ ის თავგასიებული!.. დედა, რა იყოს ეს?!.. წავიდე, კიდევ ერთხელ შევისხა პირზე წყალი.
ბრუნდება ტუალეტში. ცოტა ხანში ისმის ცხელი ჰაერის აპარატის ხმა. დამლაგებელი გამოდის ტუალეტიდან, მიდის „ფანჯარასთან“.
დამლაგებელი: აგერ ის ქალიც!.. დირიჟაბლი და მეეტლეო!.. რა პოზა იყო ეს ასეთი დირიჟაბლურ-მეეტლურ-დეპუტატური?!.. დირიჟაბალი და ჭირი თქვენ, თქვენი სინსილა კი გაწყდა ერთ დღეს, თქვენ ამოწყდით ერთ დღეს, სულ ყველა… ამოწყდით!.. (რეკავს მისი ტელეფონი. მაშინვე ამოიღებს, უკმაყოფილო სახით პასუხობს. უფრო სწორად ჯერ თავისთვის ამბობს). კიდევ კარგი ესენი რომ ამ ამბავში იყვნენ მაშინ არ დარეკა, თორემ ხომ გაიგებდნენ აქ რომ ვიყავი?!.. არა, შენ არ გეუბნები!.. თქვენი სინსილა კი გაწყდა ერთ დღეს!.. არა, შენ არ გეუბნები!.. რა გასაღები, თავი დამანებეთ!.. თქვენ ამოწყდით ერთ დღეს სულ ყველა!.. შენ არა!.. ხო, ჩამოგიგდებ ფანჯრიდან!.. (სარკისკენ მიემართება, სადაც გასაღები დევს). არ უნდა ჩამოგიგდოთ კაცმა არაფერი, გალოდინოთ უნდა, მაგრამ, ჩემი კეთილი გულის რა ვთქვი მე და, თან კიდევ, არ მაქვს თქვენი ნერვები!..(მიდის ფანჯარასთან).. თქვენი სინსილა კი გაწყდა თქვენი, ეს რა ნახეს ჩემმა თვალებმა და რა მოისმინეს ჩემმა ყურებმა!.. თქვენ არა-მეთქი, მაგრამ, თუ გინდათ, თქვენც მიეწიეთ უკან და ამოწყდით! (ტელეფონს გათიშავს, ჯიბეში ჩაიდებს. ფანჯრიდან გასაღებს გადმოიშვერს). სად ხართ, რომ ვერ გხედავთ, ფანჯარა შეგეშალათ, რომ ამოწყდით ერთ დღეს თქვენც?!.. თქვენც!..
მოცილდება ფანჯარას. გასაღებს ვედროში ჩააგდებს.
დამლაგებელი: უი, ხო, ჩარეცხვა დამავიწყდა!.. იმათი თანდასწრებით ხომ ვერ ჩავრეცხავდი – იქნებ გაეგოთ!
მიდის ქალების ტუალეტისკენ. შედის. ისმის უნიტაზის ჩარეცხვის ხმა. მოგვიანებით რეკავს ტელეფონი. ისმის დამლაგებლის „ალო“.
დამლაგებელი გამოდის სცენაზე.
დამლაგებელი: შვილიშვილი მყავს უკვე – ჯანმრთელი, ლამაზთვალება ბიჭი, ოქროსფერი კულულებით – ხუჭუჭა-ხუჭუჭა, მტერს რომ თვალებს დაუვსებს ისეთი! (დაიჩოქებს) მადლობა, შენდა ღმერთო (იწერს პირჯვარს).. ბებია ვარ, ბედნიერი ბებია!.. გაიზრდება და დეპუტატი გახდება, ენაცვალოს ბებია, აუცილებლად გახდება!
მკვეთრად ეშვება ფარდა.
დასასრული
