დეპუტატი მრავალმნიშვნელოვნად ჩაახველებს, მიდის ტუალეტისკენ კარს მიიხურავს. შემოდის ოპოზიციონერი დეპტუატი ქალი, დაბნეული დაჰყურებს იატაკს.

სხდომათა დარბაზიდან ისმის სპიკერის ხმა.

 

სპიკერი: კოლეგებო, ხმაურია, კოლეგებო!.. დავიოკოთ ნერვები და შესაბამისად ემოციებიც!

 

კარი იხურება და ხმაც წყდება.

 

დეპუტატი ქალი: ღმერთო ჩემო, რა ხდება?

დამლაგებელი: მუშებმა, ჩემო ქალბატონო, ხანძრის ავტომატური დეტექციისა და ქრობის სისტემა რომ დაამონტაჟეს, იმათმა!

დეპუტატი ქალი: ქვეყანას არ ყავს პატრონი და ეს რა გასაკვირია!.. მოისმინეს, დაადგინეს, კრება დარჩა მხიარული, სწორედ ასეა ამათი საქმე! (თავს გადააქნევს) ხომ ასეა?

დამლაგებელი: არ ვიცი, ქალბატონო!

დეპუტატი ქალი: და საპირფარეშოში ხომ მაინც…

დამლაგებელი (აწყვეტინებს) ახლავე ვნახავ, ქალბატონო! (მიდის ქალების ტუალეტისკენ).

დეპუტატი: კი მაგრამ, აქამდე არ გინახავთ?

დამლაგებელი: მაპატიეთ, ქალბატონო. (თავისთვის) ლამის მთელი პარლამენტი ჩემზეა – ცხრად ხომ არ გავიჭრები?!

 

დამლაგებელი იატაკის საწმენდი ჯოხითა და ტილოთი შედის ქალების ტუალეტში, კარი ღია რჩება. ისმის უნიტაზის ჩარეცხვის ხმა. დამლაგებელი გამოდის და დეპუტატს უღიმის.

 

დამლაგებელი: ყველაფერი რიგზეა ქალბატონო!.. აქ საერთოდ არავინ შესულა – კაცი იყო ყველა მუშა და იმიტომ.

დეპუტატი ქალი: აბა რატომ ჩარეცხეთ?!

დამლაგებელი (ამოიხორებს): ჩვევა მაქვს ასეთი… უფრო სწორად, მქონდა და ახლა გამიხსენა.

დეპუტატი ქალი: ჩვევა?

დამლაგებელი: ჩემი ბიჭი, ენაცვალოს დედა, ბავშვობაში უნიტაზის ღილაკს ვერ ერეოდა და ისე საყვარლად დამიძახებდა: დე, ჩხრრრუ-ჩხრრრუო, ანუ შენ ჩარეცხეო… ვღელავ და ვნერვიულობ ამასთან დაკავშირებით და ამ ჩვევამაც იმიტომ შემახსენა თავი, ალბათ – უნდა იმშობიაროს დღეს.

დეპუტატი ქალი: ვინ უნიტაზმა?!

დამლაგებელი: არა, ქალბატონო, ჩემმა რძალმა!

დეპუტატი ქალი: მეც არა ვთქვი!.. მაპატიეთ, რა სულელურად გამომივიდა!

დამლაგებელი: არა უშავს, ჩემო ქალბატონო!.. რა განსაკუთრებულად ლამაზი ხართ დღეს, რა კარგი სუნამო გაცხიათ!

დეპუტატი ქალი: გმადლობთ, საყვარელო. ამათ ხელში კიდევ კარგად ვარ! (მიდის ტუალეტისკენ).

დამლაგებელი (თავისთვის, მაგრამ, უნებურად ხმამაღლა): ღმერთო, რატომ ვნერვიულობ ასე ძალიან, ცუდი ხომ არაფერი მოხდება?!

დეპუტატი ქალი: ამაზე ცუდი რა უნდა მოხდეს, დააქციეს ქვეყანა, გადაჭამეს ყველაფერი! (დამლაგებელს მოუტრიალდება) ტყუილია თუ?!

დამლაგებელი: არა, რას ბრძანებთ!

 

დეპუტატი ქალი ტუალეტში შედის. კაცების ტუალეტიდან გამოდის დეპუტატი კაცი და სანამ კარს მიხურავს, ისმის ცხელი ჰაერის აპარატის ხმა. უყურებს დამლაგებელს, რომელიც თავის მხრივ დაფიქრებული დასცქერის იატაკს; შემდეგ მიდის ავანსცნასთან, გადაიხედავს წარმოსახვით ფანჯარაში – იყურება მაყურებელთა დარბაზში. შებრუნდება, ისევ დამლაგებელს უყურებს.

 

დეპუტატი კაცი: ჩვენ შემთხვევით ერთმანეთს ხომ არ ვიცნობთ?

დამლაგებლი: თქვენ ხომ მთელი ქვეყანა გიცნობთ, ჩემო ბატონო და მე რატომ არ უნდა გიცნობდეთ?

დეპუტატი კაცი: არა, ეს არ მიგულისხმია… თქვენ აქ ახალი ხართ, არა?

დამლაგებელი: დიახ.

დეპუტატი კაცი: ხოდა, სადღაც მინახავხართ მანამდე!

დამლაგებელი: არა მგონია, ჩემო ბატონო!

დეპუტატი კაცი: ან შეიძლება, ვიღაცას მაგონებდეთ, თანაც ძალიან. ყოფილა ჩემს პრაქტიკაში მსგავსი შემთხვევა. ხომ არ შევხვედრივართ-მეთქი, ვკითხე ერთს. არაო იმან. არ დავუჯერე მაშინ და მოგვიანებით გამახსენდა თუ ვის მაგონებდა.

დამლაგებელი: უი, მართლა?

დეპუტატი კაცი: მართლა!

დამლაგებელი: მერედა უთხარით იმ კაცს, ვინც გაგონებდათ, რომ გაგონებდათ ვიღაცას?

დეპუტატი კაცი: ქალბატონი გახლდათ, ქალბატონო. მას მერე არც მინახავს.

 

დეპუტატი კაცი მიდის სარკესთან, ისწორებს ვარცხნილობას, ტანსაცმელს, ჰალსტუხს. შეამჩნევს იქვე, იატაკზე მიგდებულ ქანჩის დიდ გასაღებს.

 

დეპუტატი კაცი: ეს რა ოხრობაა კიდევ?!

 

დამლაგებელი სარკესთან მიდის, დეპუტატი კაცი განზე გადგება, დამლაგებელი ქანჩის გასაღებს აიღებს.

 

დამლაგებელი: ქანჩის გასაღებია, ბატონო, დარჩენიათ მუშებს, ამ მოუმთავრებლებს!.. სანტექნიკოსების მთავარი სამუშაო იარაღია.

დეპუტატი კაცი (გაოცებული): თქვენ რა იცით ქანჩის გასაღები?.. ყველაფერში როგორ ერკვევით, გამაოცეთ პირდაპირ!

დამლაგებელი: ჩემი ბიჭია სანტექნიკოსი, ენაცვალოს დედა… მარტომ გავზარდე – ადრე დავქვრივდი და… იმის ცოლმა უნდა იმშობიაროს დღეს – ჩემმა რძალმა.

დეპუტატი კაცი: იმშობიაროს?

დამლაგებელი: დიახ, ბატონო.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11