პირველი დეპუტატი: კოლეგებო, რადგან დაზუსტებით არავინ არაფერი იცის, დაგუგლოს ვინმემ და გავიგოთ, რეაგირებს თუ არა ხანძრის დეტექტორი ელექტროსიგარეტის კვამლზე თუ ორთქლზე, თუ რაცაა!

მეორე დეპუტატი: დავგუგლე უკვე და გარკვეული პასუხი ვერსად ამოვიკითხე!

მესამე დეპუტატი: კოლეგებო, აქ ხომ ისინი შევიკრიბეთ, ვინც თამბაქოსთვის თავის დანებების მიზნით ელექტროსიგარეტებზე ვართ გადასულები?!

მეოთხე დეპუტატი: კი ბატონო, ასეა. რისი თქმა გინდათ ამით?

მესამე დეპუტატი: არაფრის, უბრალოდ დავაზუსტე, მავნებელი არ შემოგვეპაროს-მეთქი.

მეოთხე დპუტატი: ვინ მავნებელი?

მესამე დეპუტატი: თამბაქოს მწეველი!.. ჰაერსაც გავიფუჭებს და სიგნალიზციასაც აგვიმუშავებს. ოპოზიციას და ბულგოდგებივით დადარაჯებულ ჟურნალისტებს მეტი კი არაფერი უნდათ!

დეპუტატი ქალი: ცუდი ხმრობაა, ჩემო ბატონო!

მესამე დეპუტატი: ელექტროსიგარეტი პოზიცია-ოპოზიციას აერთიანებს!

დეპუტატი ქალი: ესეც ვერ არის მაინცდამაინც მოსწრებული!

მეოთხე დეპუტატი: კი არ აერთიანებს, ერთად უყრის უბრალოდ თავს და ამას ჩვეულებრივი სიგარეტიც კარგად ახერხებს!

პირველი დეპუტატი: დაგუგლეთ კიდევ ვინმემ, ხალხი არა ხართ?.. ინგლისურად დაგუგლეთ ან ფრანგულად!

მეოთხე დეპუტატი: ფრანგულად რატომ?.. ფრანგული ფირმა აწარმოებს ამ დეტექცია?

პირველი დეპუტატი: არა, ბატონო, უბრალოდ ენაზე მომადგა, სკოლაში ფრანგულს ვსწავლობდი და შეიძლება იმიტომ!

დეპუტატი ქალი: მერე და რატომ არ ისწავლეთ?

მეორე დეპუტატი: მასწავლებელი არ მოსდიოდა, ალბათ, თვალში… ამ სიგნალიზაციას გამოსართველი ექნება სადმე!

პირველი დეპუტატი: ესეც ხომ არ დაგვეგუგლა ფრანგულად?

დეპუტატი ქალი: იხუმერთ, იხუმრეთ – თქვენგან რა მიდის!

პირველი დეპუტატი: კარგით ერთი, რა გეწყინათ?!

 

ყველანი წარმოსახვით ფანჯარასთან მიდიან, რომ იქ გააბოლონ. მათ უკან დამლაგებელი ჯოხზე წამოცმული ტილოთი ცდილობს იატაკის მოწმენდას. მოხერხებულად დაძვრება დეპუტატებს შორისაც. მასთან მიდის დეპუტატი ქალი, რომელიც ხელში გაუჩაღებელ ელექტროსიგარეტს ათამაშებს.

 

დეპუტატი ქალი: აჯობებს ტილო კართან დააფინოთ, თორემ ესენი ტალახიანი ფეხებით მთელ დერეფანს და მერე დარბაზსაც მოედებიან კალიებივით… ისიც თქვენი მოსაწმენდი გახდება!

დამლაგებელი (ლამის ტირილით): რა მოხდებოდა პირველ სართულზე რომ ჩასულიყვნენ.

დეპუტატი ქალი: მე რატომ მემართლებით?!

დამლაგებელი: თქვენ არა, ქალბატონო, ღმერთმა დამიფაროს!

დეპუტატი ქალი: ამის ღირსი ნამდვილად არ ვარ, მე ხომ თქვენთვის მთავარი გინეკოლოგი შევაწუხე!

დამლაგებელი (წამოდგება): მართლა?.. უკვე შეაწუხეთ?

დეპუტატი ქალი: მართლა, აბა ხომ არ მოგატყუებთ ამხელა ქალი!. პირადად მივხედავო, დამპირდა, ნურაფრის შეგეშინდებათო. (იშორებს დამლაგებელს, რომელსაც უნდა მადლიერების ნიშნად ხელზე ეამბოროს) არ არის საჭირო, გენაცვალე, აჯობებს გასასვლელს მიხედოთ!

დამლაგებელი: ვილოცებ თქვენთვის, ქალბატონო!.. ჩემ შვილიშვილსაც ვეტყი როგორც კი წამოიზრდება!

დეპუტატი ქალი: კარგით ერთი, ნუ გამაღმერთეთ! (მიმართავს სხვა დეპუტატებს) პატივემულო კოლეგებო, გთხოვთ პატივი ვცეთ დამლაგებლის შრომას, გასვლისას ფეხები გავიწმინდოთ!.. ფეხების გაუწმენდავად არავინ წავიდეს, კოლეგებო!

დამლაგებელი: დიახ, კოლეგებო, თქვენი მუხლების… მუხლების რა იყო, ფეხების ჭირიმე!.. კოლეგებო! (მასთან მიდის დეპტატი კაცი).. უი, თქვენ ხართ?

დეპუტატი კაცი (ხუმრობით): დიახ, კოლეგავ. ხო მართლა, დავრეკე საავადმყოფოში მშობიარე ცხვარაძე-ახალაძის თაობაზე!

დამლაგებელი: უი, რა კარგად დაგიმახსოვრებიათ გვარი!

დეპუტატი კაცი: ვცდილობთ, ქალბატონო. პირდაპირ მთავარ გინეკოლოგს ველაპარაკე – პირადად მივხვედავო, დამპირდა!

დამლაგებელი (ცოტა არ იყოს შეცბუნებულია): უმორჩილესი მადლობა, ბატონო!

დეპუტატი კაცი (ხმამაღლა მიმართავს დანარჩენებს): კოლეგებო, არცერთი არ გავდივართ ფეხსაცმელის გაუწმენდავად – დავაფასოთ დამლაგებლის შრომა! (შეხედავს დეპუტატ ქალს) ეს ყველა მხარეს, ყველა ფრაქციას და პარტიას ეხება. ფეხსაცმელს ვიწმინდთ ყველა, ერთხმად!

დეპუტატი ქალი: ერთხმად რას ნიშნავს, ერთდროულად?

დეპუტატი კაცი: არა, მორიგეობით, მაგრამ, ერთსულოვნად და დაუზარლად!

დეპუტატი ქალი: მაინც ვერ გავიგე… არა, პათოსს ვიზიარებ, მაგრამ, მაინც… (მიდის).

დეპუტატი კაცი: პათოსია ყველაფერი! (დამლაგებელს) მიბრძანდით თქვენი ტილოთი!

დამლაგებელი: ახლავე თქვენი ჭირიმე, გაგახაროთ ღმერთმა!

 

დეპუტატები რიგში დგანან, რომ ფეხები გაიწმინდონ. მოთმინებით აცლიან დამლაგებელსაც დრო და დრო გაჭუჭყიანებული ტილოს ვედროში ამორეცხვას.

სცენა თანდათან იცლება დეპუტატებისგან. ბოლოს რჩებიან დეპუტატი კაცი და დეპუტატი ქალი. დეპუტატი ქალი მიდის სარკესთან, მაკიაჟს იახლებს. დეპუტატი კაცი „ფანჯარასთან“ მიდის, გადაიხედავს. შებრუნდება, ისევ დეპუტატ ქალს უყურებს.

 

დეპუტატი ქალი: რატომ მიყურებთ?!

დეპუტატი კაცი: კატრიჯი დამიმთავრდა ელექტროსიგარეტზე და იქნებ ჰქოდნეს-მეთქი!

დეპუტატი ქალი: კი მაგრამ, ახლახანს არ გააფუილეთ?

დეპუტატი კაცი: დიახ, მაგრამ, კიდევ მომინდა.

დეპტატი ქალი (ისევ მაკიაჟს იახლებს): ბევრი არც ელექტროსიგარეტი ვარგა!

დეპუტატი კაცი: ნუ დამცინით!

დეპუტატი ქალი: არ დაგცინით, სერიოზულად ვამბობ.

დეპუტატი კაცი: მართლა?

დეპუტატი ქალი: მართლა. ყველაფერს დაცინვად რატომ იღებთ?

დეპუტატი კაცი: არ ვიღებ ყველაფერს დაცინვად.

დეპუტატი ქალი: მართალია, ელექტროსიგარეტის კვამლი, უფრო სწორად ორთქლი, თამბაქოს კვამლის ფიქციაა, მაგრამ, ბევრი რაოდენობით შეიძლება ხანძარსაწინააღმდეგო სისტემაზე იმოქმედოს… და საერთოდ, ყველაფერი ფიქციაა, რომ იცოდეთ!

დეპუტატი კაცი: რა ყველაფერი?

დეპუტატი ქალი: ყველაფერი!

დეპუტატი კაცი: სულ, სულ ყველაფერი?

დეპუტატი ქალი: დიახაც!

დეპუტატი კაცი: ჩვენი ცხოვრება და საერთოდ ყველაფერი?

დეპუტატი ქალი: დიახაც!

დეპუტატი კაცი: ჩვენი გულწრფელი გრძნობებიც?

დეპუტატი ქალი: გულწრფელი?!

დეპუტატი კაცი: დიახ, გულიდან წამოსული!

დეპუტატი ქალი: მაშინ თვითონ გული უნდა იყოს უბროტო და ალალი, ანუ წრფელი!

დეპუტატი კაცი: ღმერთო!

დეპუტატი ქალი: რა ღმერთო?

დეპუტატი კაცი: ახლა, მგონი, რაღაც უნდა გითხრათ?

დეპუტატი ქალი (პაუზის შემდეგ): გისმენთ!

დეპუტატი კაცი(ასევე პაუზის შემდეგ): ესე იგი, კატრიჯს არ მომცემთ?

 

დეპუტატი ქალი არაფერს პასუხობს – ისევ მაკიაჟითაა დაკავებული, დეპუტატი კაცისკენ არც იყურება, თითქოს არც გაეგოს მისი თხოვნა.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11