დეპუტატი კაცი ჯიბიდან ტელეფონს ამოიღებს, ეკრანს დახედავს, თითქოს სადღაც უნდა დარეკვა, ან წერილის გაგზავნა, მაგრამ, ყოყმანობს, ბოლოს გადაიფიქრებს. დამლაგებელი მორიდებით შეჰღიმის. დეპუტატი დაეჭვებით უყურებს.
დეპუტატი კაცი: ხომ მშვიდობაა, ქალბატონო?
დამლაგებელი: დიახ, ჩემო ბატონო!.. უბრალოდ ახლა გამახსენდა… რატომ აქამდე არ მომაფიქრდა?!
დეპუტატი კაცი: რა არ მოგაფიქრდათ, ქალბატონო?
დამლაგებელი: ძალიან კი მერიდება, ძალიან, ძალიან, მაგრამ, რომ არ გთხოვოთ არც ის შემიძლია!
დეპუტატი კაცი: ბრძანეთ, ქალბატონო!
დამლაგებელი: სამშობიაროში თქვენი ერთი ზარიც საკმარისი იქნებოდა!.. მე თვითონაც მიკვირს ახლა საკუთარი თავის ამ მოურიდებლობისთვის, მაგრამ, პირველი შვილიშვილია რაც არ უნდა იყოს და ასე საკუთარ მშობიარობაზე არ მიღევლია, სიმართლე რომ ითქვას… მაპატიეთ, ამას რომ გეუბნებით!
დეპუტატი კაცი: რა სამშობიაროში, რას ამბობთ?!
დამლაგებელი: ჩემი რძალი სადაც წევს… ხომ გითხარით ამასწინათ?
დეპუტატი კაცი: ა, ხო, მართლა… ძალიან კი გყვარებიათ რძალი!
დამლაგებელი: შვილი მიყვარს მე ძალიან! მარტომ გავზარდე!.. წელებზე ფეხს ვიდგამდი, რომ არაფერი დაკლებოდა, სამაგიეროდ კარგი ვაჟკაცი გაიზარდა, ენაცვალოს დედა!
დეპუტატი კაცი: გასაგებია!.. დავრეკოთ!.. და რომელი სამშობიაროა?
დამლაგებელი: მთავარი, ცხვარაძეა გვარად თვითონ მშობიარე, ქმარი, ანუ ჩემი ბიჭი -ახალაძე.
დეპუტატი კაცი (თავისთვის იმეორებს): ახალაძე – მშობიარე… ქმარი -ცხვარაძე!
დამლაგებელი: პირიქით, ჩემო ბატონო, ცხვარაძე თვითონ და ქმარი – ახალაძე!
დეპუტატი კაცი: კეთილი, ესე იგი, ცხვარაძე-ახალაძისა.
დამლაგებელი: დიდად მადლობელი დაგრჩებით, შვილიშვილსაც ვეტყვი, რომ შეწუხდით, როცა გაიზრდება. იმასაც სულ ეხსომებით!
დეპუტატი კაცი: კარგით ერთი, ჩვენი ვალია, პირდაპირი – ქვეყნის მომავალი უნდა მოევლინოს მამულს!
დამლაგებელი: კი ბატონო, მაგრამ, ყველას რომ ახსოვდეს თავისი ვალი და მოვალეობასაც ასრულებდეს, რაღა გვიჭირს!
დეპუტატი კაცი (იცინის): ეს კი უკვე პოლიტიკური განცხადებაა!
დამლაგებელი: მაპატიეთ, ბატონო!.. ერთი გაუნათლებელი ქალი ვარ!
დეპუტატი კაცი: მაგრამ, ეტყობა, რომ გტკივათ საკუთარი ქვეყანა, ეს კარგია!
დამლაგებელი: რა ვიცი, ჩემებურად მტკივა, უფრო სწორად, შეიძლება ვერ გამოვხატავდე, როგორც საჭიროა. ეხ, ყველაფერს თავისი წესი და რიგი აქვს!
დეპუტატი კაცი: არაუშავს, არაუშავს!.. კეთილი გული კილომეტრიდან იგრძნობა. ხოდა, სწორედ თქვენისთანები ქმნიან ჩვენი ქვეყნის მომავალს!
დამლაგებელი (დაბნეული და ნასიამოვნები): რა ვიცი, ბატონო!
დეპუტატი კაცი: რა ვიცი კი არა, სწორედ ასეა! (მიდის ისევ იმ წარმოსახვით ფანჯარასთან, ისევ გადაიხედავს, შეტრიალდება, მიდის გასასვლელი კარებისკენ). სამშობიაროს დირექტორის ნომერი ხომ არ იცით შემთხვევით?
დამლაგებელი: უი, არა, ბატონო!
დეპუტატი კაცი: არაფერია, გავიკითხ-გამოვიკითხავთ და გავიგებთ აუცილებლად, რა პრობლემაა – ამას როგორ დაგამადლით! (მიდის კართან. ტელეფონს შეათამაშებს ხელში). აუცილებლად დავრეკავთ!
დამლაგებელი (მორიდებულად, შეწუხებული): უი, ჩემო ბატონო!
დეპუტატი კაცი: რაშია საქმე?
დამლაგებელი: უკაცრავად და, ფეხები დაგესვრდებოდათ ამასობაში!
დეპუტატი კაცი: უფრო სწორად, ფეხსაცმელები!.. ლანჩები!.. იმაზე წუხხართ, რომ დერეფანში გავიტან ამ ჭუჭყს?
დამლაგებელი: სხდომათა დარბაზშიც… ტილოს მოგართმევთ ახლავე და, თუ არ შეწუხდებით, ფეხები რომ შეიწმინდოთ!
დეპუტატი კაცი: ფეხსაცმელები!
დამლაგებელი: დიახ… ლანჩები.
დეპუტატი კაცი: აი, თქვენ ქმნით ჩვენი ქვეყნის მომავალს და ამყარებთ ელემენტარულ წესრიგს, რომელიც მერე საერთო და დიდ წესრიგში გადაიზრდება!
დამლაგებელს მასთან ტილო მიაქვს, იატაკზე გაფენს.
დამლაგებელი: აგერ, ბატონო, შეიწმინდეთ!
დეპუტატი კაცი: დიდად გმადლობთ!
დამლაგებელი: არაფერს, ბატონო!
დეპუტატი კაცი: ბარემ ამ შემთხვევისთვისაც მოგემარაგებინათ ბახილები!
დამლაგებელი: უი, აქ იმდენი დეპუტატი შემოდის, მაგათ სამყოფს საიდან მოვიტანდი?!
დეპუტატი კაცი: ეს ისე, ვიხუმრე!
დამლაგებელი: ვერ მიხვდი უცებ, მაპატიეთ ამ გაუნათლებელ ქალს!
დეპუტატი კაცი: რას ბრძანებთ!
დეპუტატი კაცი ფეხებს გულდაგულ შეიწმენდს და გადის.
დამლაგებელი (უკან მიაძახებს): გმადლობთ, ჩემო ბატონო!
კარის გაღებისას ისმის სპიკერის ხმა.
სპიკერი: კოლეგებო, პატარა ბავშვებივით ხართ, გეფიცებით!.. მართლა ბავშვებივით ხართ!.. ვაცალოთ ერთმანეთს ლაპარაკი!.. (გამეტებით ურტყამს ჩაქუჩს).
კარი იხურება. დამლაგებელი ტილოს ვედროში აგდებს, ნაჩქარევად ამორეცხავს. ამ დროს გამოდის დეპუტატი ქალი, ტუალეტიდან ისმის ცხელი ჰაერის აპარატის ხმა. დეპუტატი ქალი დაჰყურებს იატაკს.
დამლაგებელი: ახლავე შევუდგები გაწმენდას, ქალბატონო!
დეპუტატი ქალი: არა, სხვა რაღაც გამეფიქრა და…
დამლაგებელი: რა გაგეფიქრათ, ქალბატონო?
დეპუტატი ქალი: როგორ გავს ეს იატაკი ჩვენი ქვეყნის საერთო მდგომარეობას, როგორ! იდენტურია პირდაპირ!.. ფაქტურა იდეალურია, ანუ თვითონ მარმარილოს იატაკი, პირველი ხარისხის, კეთილშობილი – ჩვენს მადლიან მიწა-წყალს აღნიშნავს ამ შემთხვევაში, არადა, ლაფშია ამოსვრილი ზოგ-ზოგიერთის წყალობით!
დამლაგებელი: მეც ეგ გავიფიქრე, ქალბატონო!
დეპუტატი ქალი: მეთანხმებით, არა?
დამლაგებელი (გაიხედ-გამოიხედავს): ძნელია არ დაეთანხმო ამას ადამიანი – ათიანში გაარტყით და ეგ არის!
დეპუტატი ქალი: ხო, მართლა, თქვენ მშობიარესთან დაკავშირებით. ქალაქის მთავარი სამშობიაროს მთავარი გინეკოლოგი ჩემი ძალიან კარგი ნაცნობია!
დამლაგებელი: რას ამბობთ, მართლა?
დეპუტატი ქალი: მართლა. დავურეკოთ, უკეთ მიხედავენ!
დამლაგებელი (ყურადღებისგან გულაჩუყებული): რა განსაკუთრებით ყურადღებიანი ბრძანდებით, ქალბატონო!
დეპუტატი ქალი: რა განსაკუთრებულობა ეს არის, ჩემი ვალია – ქვეყნის მომავალმა უნდა იხილოს დღის შუქი!
დეპუტატი ქალი მიდის წარმოსახვით ფანჯარასთან, გადაიხედავს. შემდეგ მიდის სარკესთან, იახლებს მაკიაჟს. შენიშნავს კუთხეში მიდებულ ქანჩის გასაღებს.