დამლაგები: ეს ქანჩის გასაღებია, ქალბატონო, სანტექნიკოსების მთავარი იარაღი… რატომ თავი არ დარჩათ იმ უდღეურებს!

დეპუტატი ქალი: პატრონი არ ყავს ქვეყანას. ცუდი პატრონის ხელში კარგი ქალიც ცუდიაო, თუ როგორც არის!.. უკაცრავად, რომ გეკითხებით – თქვენი ქალიშვილი სიყვარულით გათხოვდა? მაინტერესებს ხოლმე ეგეთი რაღაცეები წმინდა ქალური სოლიდარობის გამო!

დამლაგებელი: ქალიშვილი არ მყავს, ქალბატონო!

დეპუტატი ქალი: აბა მაშინ ვინ მშობიარობს?

დამლაგებელი: ჩემი რძალი!

დეპუტატი ქალი: უი, ხო, მართლა… მაპატიეთ… და თქვენი რძალი.. უი, კიდევ მაპატიეთ, რა სისულელე გკითხეთ კინაღამ! (დეპუტატი ქალი ტუჩის საცხს იახლებს). უცნაურია არა, ეს ცხოვრება?

დამლაგებელი (ცოტა დაბნეული): დიახ, ქალბატონო!

დეპუტატი ქალი: რომეო და ჯულიეტა, მონტეგი და კაპულეტი!

დამლაგებელი: რა ბრძანეთ, ქალბატონო?

დეპუტატი ქალი: არაფერი, ისე, ჩემთვის ავღნიშნე რაღაცა. ახლავე დავრეკავთ, ახლავე! (ჯიბიდან ამოიღებს ტელეფონს).

დამლაგებელი: დიდად გმადლობთ, ქალბატონო! (კართან ტილოს დააფენს წინასწარ).

დეპუტატი ქალი: ფეხები რომ შევიწმინდო, არა?

დამლაგებელი (მორიდებით): დიახ, ქალბატონო… ფეხსაცმელები.

დეპუტატი ქალი: კაპულეტებს… კაპულეტებს კი არა, დეპუტატების უმრავლესობას, უფრო სწორად, ჩვენი ძვირფასი მთავრობის გოშიებს თქვენი ნახევარი ჭკუა და სინდისი მაინც რომ მისცეთ, ჩვენ ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა!.. აბა, დავრეკოთ!

დამლაგებელი (უცებ რაღაც მოაგონდება): არა, იყოს… იცით, რაშია საქმე?.. თქვენი კოლეგა დამპირდა დარეკვას და… თქვენი კოლეგა, ისა, მთავრობის მომხრეა. ხოდა, ახლა თქვენ რომ დარეკავთ, უფრო არ გაღიზიანდეს ის მთავარი ექიმი!

დეპუტატი ქალი: რას ამბობთ, მთავარი გინეკოლოგი ჩვენი მხარდამჭერია იდეოლოგიურად!.. პირიქით, ახლა უფრო გაღიზიანებული იქნება!

დამლაგებელი: მართლა?

დეპუტატი ქალი (ნიშნის მოგებით): რატომ გიკვირთ? ვინღა დარჩა ამათი გულშემატკივარი?!

დამლაგებელი: ეგეც მართალია!

დეპუტატი ქალი: ეგეც?

დამლაგებელია: მართლა მართალია!..

დეპუტატი ქალი: თუ არ გინდათ, კი არ გეხვეწებით დარეკვას, უბრალოდ, გული შემტკიოდა თქვენზე!

დამლაგებელი: მესმის, ქალბატონო!.. უზომოდ მადლიერი ვარ თქვენი, ძალიან უზმოდ!

დეპუტატი ქალი: იცით, ერთ ჩემ მეზობელს მაგონებთ!

დამლაგებელი: მართლა?

დეპუტატი ქალი: მართლა, აბა ხომ არ მოგატყუებთ?!

დამლაგებელი: ეგ არ მიკადრებია, ქალბატონო!.. იცით რა, მართლა დავრეკოთ. ხომ შეიძლება ის თქვენი მომხრე მთავარი გინეკოლოგი ახლა გაღიზიანებული იყოს, რომ ამათმა მომხრემ დაურეკა და…

დეპუტატი ქალი (ტელეფონში იჩხრიკება): ვრეკავთ, ვრეკავთ, განვმუხტოთ სიტუაცია… ნომერი არ მქონია, ახალი ტელეფონი მაქვს და ძველიდან არ გადმოყოლია სიმ-ბარათს, მაგრამ, ეგ არაფერი, ახლავე გავიგებ სხვებისგან!

დამლაგებელი: ერთი პატარა ადამიანი ვარ, ამდენს კი ვერ წვდება ჩემი ჭკუა-გონება… პოზიციონერ დეპუტატს რომ დავარეკინე იმას ვგულისხმობ. მაპატიეთ თუ შეიძლება!

დეპუტატი ქალი: ეხ, ჩემო კარგო… რა კარგი ქალი იყო, მჭადებს რომ დააცხობდა, დამიძახებდა ხოლმე.

დამლაგებელი: თქვენი მეზობელი, მე რომ ვგავარ ის?

დეპუტატი ქალი: მოკვდა საწყალი ახლახანს, თქვენ ჯვარი გწერიათ!

დამლაგებელი: ცხვარაძე-ახალაძისა!.. მშობიარეს გვარია!

დეპუტატი ქალი: ახალაძე-ცხვარაძისა?

დამლაგებელი: პირიქით, ქალბატონო, ცხვარაძე-ახალაძისა!

დეპუტატი ქალი: ახალ კანონპროექტს რომ განვიხილავთ იმიტომ მომადგა პირველად ენაზე ახალაძე!

დამლაგებელი: მეც ასე ვარ, ქალბატონო!

დეპუტატი ქალი (იღიმის): თქვენც გერევათ გვარების თანამიმდევრობა ახალი კანონპროექტის განხილვასთან დაკავშირებით?

დამლაგებელი: არა, ქალბატონო, უნიტაზის უმიზეზოდ ჩარეცხვა ვიგულისხმე, თორემ, კანონპროექტების მე რა გამეგება!

დეპუტატი ქალი: ღმერთო ჩემო!.. ჩაგეკეტათ ეს კარი შიგნიდან და მშვიდად მოგეწმინდათ.

დამლაგებლი: ამხელა ფილარმონია ხალხს კარის ჩაკეტვას როგორ ვაკადრებდი!.. არ გეწყინოთ და პატარა ადამიანი ვარ, მაგდენს ვერ გავბედავ!

დეპუტატი ქალი (იღიმის): და ფილარმონია რა შუაშია?

დამლაგებელი: უი, მაპატიეთ, ქალბატონო. ეს ისე… სიტყვას მოყვა – ხომ არსებობს ასეთი გამოთქმა?

დეპუტატი ქალი: მივხვდი, საყვარელო, ხალხის წიაღიდან ვარ მე გამოსული – უბრალო გამოთქმები უცხო კი არ არის ჩემთვის!.. ისე კი, ხომ იკეტება, მოშლილი ხომ არ არის საკეტი?

დამლაგებელი: არა, ქალბატონო, მუშაობს, მე მგონი!

დეპუტატი ქალი: მთელი ქვეყანაა მოშლილი და კუჭში აშლილი!

დამლაგებელი: ახალვე შევამოწმებ, ქალბატონო. (საკეტით კარს ჩაკეტავს – ის გამართულად მუშაობს. ისევე გააღებს).

დეპუტატი ქალი: ღმერთო ჩემო!.. საკუთარ თავს არ ვეკუთვნი თითქოს!

დამლაგებელი: ამ მოშლილი ქვეყნის შემყურე, არა, ქალბატონო?

დეპუტატი ქალი (მცირე პაუზის შემდეგ): ხო, პრინციპში!

 

დეპუტატი ქალი ტილოზე ფეხებს იწმენდს, ტელეფონით ხელში გადის. ღია კარში ისმის სპიკერის ხმა.

 

სპიკერი: კოლეგებო!.. კოლეგებო!.. ჩვენ ახლა მთელი ქვეყანა შემოგვყურებს!.. თუ არ დაწყნარდებით, შესვენებას გამოვაცხადებ და საერთოდ, გაითვალისწინეთ, რომ ამ ახალ კანონპროექტს დღესვე უნდა ეყაროს კენჭი და კიდევ, რაც უფრო მალე ვიზამთ ამას სახლებშიც… (ხმა წყდება)

დამლაგებელი: ნეტავ, თუ დარეკავს?.. ნეტავ, იმ პირველმა თუ დარეკა საერთოდ?.. (თითქოს რაღაც წამოაგონდაო) მოიცა და, შესვენებაო, თქვა?!.. მოასკდებიან ახლა ამ ორ კინკილა ტუალეტს, თითქოს პირველ სართულზე არ იყოს დიდი საპირფარეშო!.. ნეტა მეც გამეკრა განცხადება კარზე იმ მუშებივით, ტუალეტები არ მუშაობს და პირველ სართულისაზე ჩაბრძანდით-მეთქი!.. მაგრამ, რაზე დავწერო?!.. ტუალეტის ქაღალდზე ხომ არა?!.. ისე კი მოუხდებოდათ, თუმცა, არც კალამი მაქვს!

 

დაფაცურდება, ტილოს ამორეცხავს და ჯოხით იატაკის მოწმენდას იწყებს. მუშაობას აშკარად გულს ვერ უდებს. თავს ანებებს და მიდის სარკესთან.

 

დამლაგებელი: მართლა ადიდებს ეს სარკე, ხომ იცი!.. თუ აპატარავებს, ვერ გამიგია!.. ალამაზებს ვითომ ადამიანს, მარტო ამას რომ ასკდებიან, ამის ხათრით რომ შემოდიან აქ?!.. ღმერთო ჩემო, როგორი იქნება, ნეტავ, ჩემი ანგელოზი, ჩემ ბიჭს დავურეკო ერთი! (ჯიბიდან ტელეფონს ამოიღებს. უცებ ჭერისკენ აღაპყრობს ხელებს, პირჯვარს იწერს, ხელიდან იატაკის საწმენდი ჯოხი უვარდებს, ხმაურით ეცემა იატაკზე, მოულოდნელობისგან შეხტება) ფუი ეშმაკს!.. ღმერთო, მაპატიე ეშმაკის ხსენება დღეს!.. (ისევ იწერს პირჯვარს) ღმერთო, მაღალო, კეთილად დაასრულე დღეს ყველაფერი! (დაფიქრდება) ღმერთო, რა უმწეოები და მიუხვედრებლები ვართ ეს ადამიანები!.. რა გვეშველებოდა, ღმერთ, უშენოდ?!.. ხომ დავჭამდით ერთმანეთს!.. დავჭამდით და მერე როგორ დავჭამდით!.. შევახრამუნებდით!.. ეხ, მე რომ სწავლის დრო და საშუალება მქონოდა თავის დროზე, ხომ ვიქნებოდი ახლა დეპუტატი?!.. ხომ ვიქნებოდი?!.. ღმერთო, მაპატიე, რაც ვარ იმას დავჯერდები, ოღონდ ჯანმრთელი და ლამაზი შვილიშვილი მომივლინე, მტერს რომ თვალებს დაუვსებს ისეთი!.. ლამაზთვალება ბიჭი, ოქროსფერი, ხუჭუჭა კულულებით!.. (მუხლებზე დავარდება) ღმერთო, მიჭრიალებს მარილებისგან მუხლები, მაგრამ მაინც გიჩოქებ, შენი მუხლების ჭირიმე, შემოგევლე ღმერთო!..

 

იღება კარი, შემოდიან დეპუტატები, დამლაგებელი თავს ისე მოაჩვენებს, თითქოს მუხლებზე იმიტომ იყოს დაჩოქილი, რომ იატაკს რეცხავდეს – ტილოს დაავლებს ხელს, ჯოხსაც, სიჩქარეში ჯოხი თავში ხვდება. წამოდგება. მორიდებლი ღიმილით უკრავს თავს ყველას. ეკითხებიან, თუ რატომაა იატაკი დასვრილი. საერთო ყაყანში დამლაგებელი მათ რაღაცას პასუხობს. ყველანი ჭერისკენ იხედება. ზოგი წარმოსახვით ფანჯარასთანაც მიდის, იხედება. ლამის ყველა ელექტროსიგარეტს იღებს ჯიბიდან.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11