დეპუტატი კაცი: მასესხეთ და ჩაგასესხებთ!
ისევ პაუზა. დამლაგებელი, რომელიც მანამდე მორიდებით იდგა, ხვდება, რომ ისინი ჯერჯერობით არსად წამსვლელები არ არიან და იატაკის მოწმენდას იწყებს. აღელვებული დეპუტატი კაცი ისევ „ფანჯარასთან“ მიდის.
დეპუტატი კაცი (დეპუტატ ქალს): თქვენი მანქანა კვადროა?
დეპუტატი ქალი: ეგ რას ნიშნავს?
დეპუტატი კაცი: ოთხივე თვალი წამყვანია?
დეპუტატი ქალი: არა, ბატონო, მომატყუეს მაღაზიაში. თქვენი დალაგებული ქვეყნის მაღაზიაში მომატყუეს. კვადროა, მითხრეს და არ ყოფილა, თურმე, კვადრო!.. ეს, მე, დეპუტატს შემომბედეს, ხომ წარმოგიდგენიათ უბრალო კაცს როგორ დაუნდობლად მოექცევიან?!
დეპუტატი კაცი: მერედა, პასუხი რატომ არ აგებინეთ?
დეპუტატი ქალი: არ მიიღეს მანქანა უკან. გაკაწრულიაო, უკან ფრთაზე. ეს არის თქვენი დალაგებული ქვეყანა!
დეპუტატი კაცი: გილოცავთ ახალ მანქანას!
დეპუტატი ქალი: გმადლობთ, თქვენც გილოცავთ თქვენსას – ახალს!
დეპუტატი კაცი: გმადლობთ!
პაუზა. დამლაგებელი ქალიც ჩერდება. დეპუტატები მას შეხედავენ. ის მუშაობას განაახლებს.
დეპუტატი კაცი: და მანქანა მართლა თქვენ გაგეკაწრათ?
დეპუტატი ქალი: ხო, განერვიულებული ვიყავი!
დეპუტატი ქალი სარკეს მოშორდება, ხელჩანთიდან კატრიჯს ამოიღებს და დეპუტატ კაცს გაუწვდის შორიდან. დეპუტატი კაცი მასთან მიდის, კატრიჯს ჩამოართმევს, უნდა ხელზე ეამბოროს.
დეპუტატი ქალი: (ხელს გამოსტაცებს) და თქვენი კვადროა?
დეპუტატი კაცი: კვადროა!
დეპუტატი ქალი: გითხრეს კვადროაო და მართლა კვადრო გამოდგა?
დეპუტატი კაცი: დიახ!
დეპუტატი ქალი: აი, ხომ ხედავთ, მთავარია რომ თქვენ არ მოუტყუებიხართ!
დეპუტატი ქალი უცებ შეტრიალდება და სწრაფი ნაბიჯებით მიდის შემოსასვლელ კართან, ხელს სახელურისკენ გაიწვდენს, შედგება, დამლაგებლისკენ გამოიხედავს – დამლაგებელი ვერ ხვდება რას ითხოვს ის მზერით.
დამლაგებელი: კიდევ ერთხელ დიდად მადლობელი ვარ, ქალბატონო, რომ… (დეპუტატი კაცს შეხედავს დაბნეული – არ იცის, გააგებინოს მას თუ არა, რომ მისი მშობიარე რძლის თაობაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმაც დარეკა).
დეპუტატი კაცი (დამლაგებელს): ტილო მიაწოდეთ!
დამლაგებელი: უი, მომიკვდეს თავი, კი ვერ მოვისაზრე უცებ!.. დიდი ჭკუით ისედაც არ გამოვირჩევი და ამ მშობიარობამ ხომ სულ მთლად…
ტილოთი გარბის დეპუტატი ქალისკენ, წინ დაუფენს. დეპუტატი ქალი ფეხებს გაიწმენდს და გადის. ღია კარიდან ისმის სპიკერის ხმა.
სპიკერი: კოლეგებო, ყველა ვართ?.. თუ ჩავატაროთ ხელახალი რეგისტრაცია?.. თუ არ ჩავატაროთ?.. თუ ჩავატაროთ?..
დეპუტატი კაცი ელექტროსიგარეტს გააჩაღებს.
დამლაგებელი: ხელს ხომ არ გიშლით, ბატონო?
დეპუტატი კაცი: არა… განაგრძეთ!
დამლაგებელი: გმადლობთ!
დეპუტატი კაცი: არაფერს!
დამლაგებელი ისევ იატაკს წმენდს გამალებით.
დეპუტატი კაცი: იცით რა?
დამლაგებელი: გისმენთ, ჩემო ბატონო!
დეპუტატი კაცი: დაგეწერათ კარზე, რომ აქ შემოსვლა არ შეიძლება და არავინ შემოვიდოდა, თქვენც მშვიდად მოწმინდავდით იატაკს და არ მოგიწევდეთ ამდენი გაწამაწია.
დამლაგებელი: მუშებს ჰქონდათ გამოკრული, „მიმდინარეობს ხანძრის ავტომატური დეტექციისა და ქრობის სისტემის მონტაჟი მიმდინარეობს“-ო, რომ წავიდნენ, წაუღიათ, გაუსკდეთ ეგ რეგვენი თავი!
დეპუტატი კაცი: აი თურმე საიდან გცოდნიათ ასე ზუსტად ეს ყველაფერი. ფენომენალური მეხსიერება გქონიათ.
დამლაგებელი: რაში გამომადგა რო?!
დეპუტატი კაცი: ხო, რთულია ეს ცხოვრება, ძალიან რთული!
დამლაგებელი: ნუ იტყვით!
დეპუტატი კაცი: დაისვენეთ ცოტა, აწი მაინც კარგა ხანს არავინ შემოვა აქ!
დამლაგებელი: ბარემ მოვრჩები-მეთქი!
დეპუტატი კაცი: კი, საქმე მორჩენილი ჯობია. კარგიც და ცუდიც!
დამლაგებელი: დიახ, ბატონო, ასეა ნამდვილად!
დეპუტატი კაცი: გარკვეულობა და სიცხადე ჯობია, როგორიც არ უნდა იყოს ის, მწარე თუ ტკბილი!
დამლაგებელი: ძნელია არ დაგეთანხმოთ!
მცირე პაუზა.
დეპუტატი კაცი (გაღიზიანებული): რასაც ვიტყვი ყველაფერზე უნდა დამეთანხმოთ?!
დამლაგებელი: არა, ბატონო!
დეპუტატი კაცი: მაპატიეთ!
დამლაგებელი: რას ბრძანებთ, ბატონო!
დეპუტატი კაცი „ფანჯარასთან“ მიდის, გადაიხედავს – კიდევ უფრო ღელავს.