(რომანი. გაგრძელება. დასაწყისი იხ. დეკემბერი, იანვარი)

2.

ცეკვის ანსამბლის ხელმძღვანელი სერგი ქალების მუსუსი იყო, თუმცა იმდენი გამჭრიახობა კი ჰქონდა, ვნებები მოეთოკა, ანსამბლის გოგონებისკენ სხვანაირად არ გაეხედა და იაფად არ გაეყიდა თავი. ეს ქორეოგრაფიის მაესტროს პირველი და უმთავრესი წესი იყო და ის ანსამბლის ხელმძღვანელ სერგის არასდროს დაერღვია. სამაგიეროდ, ანსამბლის ხელმძღვანელი სერგი მუდამ ხელგაშლილად აძლევდა თავს უფლებას, ანსამბლის წევრთა კეკლუც და მოშტერო დედიკოებთან გაება ძმაკაცური ხლართები და უცნაური საუბრებით ქორეოგრაფიასა და რელიგიაზე, იოგასა და ასტროლოგიაზე და კიდევ მრავალ სხვა წვრილმანზე უთავბოლოდ აერია მათთვის თავგზა. გამომდინარე აქედან, დედიკოებს შორის შედარებით მობრიყვოებსაც ღრმად სწამდათ სერგისა. მისი ავტორიტეტი მათ თვალში შეურყვნელი და შეულახავი იყო და მის ერუდიციას ეჭვქვეშ არასდროს არავინ აყენებდა. მარიკუნა გავაშელიაც ამ კატეგორიის დედიკოთა რიცხვს განეკუთვნებოდა და კაი ხანი იქნებოდა, რაც ის სერგის მიზანში ჰყავდა ამოღებული.

სერგი თავიდანვე მიუხვდა მარიკუნას სუსტ მხარეებს და რეპეტიციის დაწყებამდე, ან კი მისი გასრულებისას ტატოს გაუთავებელი ქების პარალელურად ისეთებს ყბედობდა ნაირნაირებზე, მარიკუნას პირის დაღების მეტი აღარაფერი დარჩენოდა. თუმც არც იმდენად სულელი იყო მარიკუნა, წინასწარ ვერ ეგრძნო, თუ საითკენ უბერავდა სერგი და რა ყაიდის ზრახვები ედო გულში, მაგრამ ქმრის უნიათობითა და უსუსურობით გაბეზრებულს, რაღაცნაირად რაღაცნაირად მოსწონდა კიდეც ეს ყველაფერი და გულის სიღრმეში ინტერესითაც ელოდა ამ ფლირტის ლოგიკურ დასასრულს.

– ოუ, მარგოუ, დღეს ზედგამოჭრილი უაინონა რაიდერი ხარ, გეფიცები! – შესძახებდა სერგი მარიკუნას მოსვლისთანავე და ხელზე ხაზგასმული ხმაურით კოცნიდა. – რა საოცარია, რომ ნუმეროლოგიურად ფსიქოპოზიტიურ დღეებში უწევს ტატოს მეცადინეობა და მთვარის მძიმე ენერგეტიკა გავლენას ვერ მოახდენს მის აურასა და კარმაზე! – და მარიკუნაც სერგის ღიმილით ეთანხმებოდა.

მერე სერგი წვრილად გამოჰკითხავდა მარიკუნას ოჯახურ ამბებს – რა თქმა უნდა, შეუქებდა მოკაზმულობას, ტორსს, სუნამოს, თვალის ჭრილს, ვარცხნილობას, ტუჩების მოხაზულობას, მაღალქუსლიან ფეხსაცმელს, მაკიაჟს და უეცრად სევდიან გამომეტყველებას გადაიფენდა სახეზე.

– ოუ, მარგოუ, ვერ წარმოიდგენ და გუშინ, მთელი ღამე წითელ- და ყვითელტანსაცმლიანი ადამიანები მესიზმრებოდნენ და დილით გულზე საშინელი ხვაშიადით გამომეღვიძა… როგორც ეფრემ ვერდი ხსნის, მარგუშკი, რაღაც ტრივიალური უნდა მოხდეს ჩემს ამ ცხოვრებაში, თან ცას გავხედოთ! ხომ მარჩბივის ზოდიაქო დგას?.. კი ბატონო… წითელი ფერი კი ბროწეულისაა, მოგეხსენება… ეს საოცარი ხილი ხომ სიყვარულის ტოლფასი სიმბოლოა აღმოსავლურ მითოსში…

– და ყვითელი? – ჩაურთავდა აქ მარიკუნა მხოლოდ იმიტომ, რომ რამე ეკითხა და მთლად ბრიყვად არ წარმოჩენილიყო, როგორც თვითონ უყვარდა თქმა, “ამ ფრიად ერუდირებული პიროვნების” წინაშე. სერგიც, ამის გაგონებაზე, გულის სიღრმეში თავის პირველ გატანილ გოლს მალაყზე გადასვლით აღნიშნავდა და გაცისკროვნებული გამომეტყველებით განაგრძობდა.

– ოუ, მარგოუ… “მასწერ ი მარგარიტა” როგორ არ გახსოვს?.. ყვითელი ყვავილები… საშინელი წინათგრძნობების მელანქოლიური ბუკეტი… ეს ხომ მთელი შიზოფრენიაა… ნახევრად გენიოსთა სენი… ან ბოდლერი გავიხსენოთ – თავისი ბოროტების სურნელით… ანუ ორ ცეცხლს შუა ვდგავარ და თან, დამაკვირდი, რა წითელ-ყვითელი ცეცხლის ენები მიკიდია. ტატო სადაა?..

– იცვლის. – ამაყად ამბობდა მარიკუნა და სკამზე ჯდებოდა.

– ხომ თავს კარგად გრძნობს?.. მისნაირი კარგი ხელი და ძლიერი ფეხი აქ არავის აქვს. თან ისეთი სცენიური და პლასტიურია… დანარჩენები სულ თოხანებია. ტატოსნაირი სამდაკვრითი მოძრაობა… ან ჩახვეული, შლი-ფეხი, ბოლოს და ბოლოს ქრიალა-სვლა…

– გმადლობთ, სერგი.

სერგიც აქ ნაზ ხელებს იფშვნეტდა.

– დღეს ტატოს სარკე ექნება… სარკე კიდევ, შენც იცი, ჩვენს დიად სფეროში  როგორი მეგობარია… ოუ, მარგოუ, სარკის ხსენებაზე მუდამ ერთი ალემანი ფილოსოფოსი ჭაბუკი მახსენდება, რომელსაც ზემო ბავარიაში გასტროლებისას ვიცნობდი… სარკეს იკვლევდა, ვითარცა ფილოსოფიურ მოვლენას და, დამიჯერე, თავი მოიკლა ბოლოს, ოცდათერთმეტის არ იყო ჯერ….

 

1 2 3 4 5 6 7 8 9