– დადიოდა? – ჰკითხა ოდნავ მოგვიანებით ტატომ ძმაკაცს თვალის მოჭუტვით, და მანაც პასუხად მხოლოდ ცალი სიტყვა დაუბრუნა:

– მონდომებულია…

უფრო მთავარი მაინც შუაღამის გასრულების შემდეგ მოხდა:

ერეკლეს მკლავებში მოქცეულ მთვრალ და აღგზნებულ მარიკუნას საწოლის ჭრიალისას ნამეტანი მოუვიდა – ჯერ იყო და ნახევრად ღია ტუჩებიდან რამდენჯერმე თავისდაუნებურად სერგის სახელი დასცდა და თავად ვერ შენიშნა ეს; მერე კიდევ, ინსტინქტურად,  ნელ-ნელა ერეკლეს ჭიპისკენ ჩაცოცდა და რაც აქამდე ერეკლესთან საწოლში არასოდეს ექნა, ის გაშმაგებითა და დორბლის სხმით ქნა და ზედმეტად ნასვამს ერეკლეს ლაჯებში ჩაეძინა.

***

იმ ღამის შემდგომ მთელი ოთხი თვე არ გაუდგამს ერეკლეს სახლიდან ფეხი. ჯიუტად იწვა ლოჯიაში მდგარ დივანზე, თავიდან ფეხებამდე მოჭიმული, ძილს ძლივს  იკარებდა, დილიდან საღამომდე მარიკუნაზე ფიქრობდა და სტუდენტურ წარსულს იხსენებდა.

უპირველეს ყოვლისა ის ღრუბლიანი დღე ახსენდებოდა, სტუდენტობისას, უნივერსიტეტთან რომ იდგა, ტელეფონ-ავტომატიდან ლექტორთან რომ უნდა დაერეკა  და ორკაპიკიანი არ აღმოაჩნდა. მიმოიხედა და იქვე მდგომ შავგვრემან, კრიალათვალება გოგოს მოჰკრა თვალი.  იმ სუსხიან დილით, სხვა არავინ იყო გაჩერებაზე. თავიდან კი მოეხათრა, მაგრამ მერე გამბედაობა მოიკრიბა და დასარეკად ორკაპიკიანი სთხოვა. გოგომ ერეკლეს შინაურივით გაუღიმა, პატარა  ჩანთა მოიჩხრიკა და ხურდა გაუწოდა.

“რა ცოცხალი თვალები აქვს…” – გაიფიქრა ერეკლემ, გოგოს მადლობა უთხრა და გატრიალებულმა ტელეფონზე ნომერი აკრიფა.

“თქვენ არასწორად აკრიფეთ ნომერი… თქვენ არასწორად აკრიფეთ ნომერი…” – მოესმა ერეკლეს ქალის ხმა ყურმილში. ერეკლემ კიდევ ერთხელ  დარეკა და იგივე რომ გაიგონა, ყურმილი  დაკიდა და  ორკაპიკიანი გოგოს მობოდიშებით გაუწოდა. გოგომ ისევ ისე, და კიდევ უფრო შეთქმულის მზერითაც კი გაუღიმა. ერეკლე ამ ღიმილმა ისე მონუსხა, რომ კაი ხანს გახევებული იდგა და გოგოს თვალს ვერ აშორებდა.

– კიდევ გამოგადგებათ… – მიუგო გოგომ მაშინ, არ გამოართვა და ერეკლემაც, გაღიმებულმა, ორკაპიკიანი შარვლის ჯიბეში გააქანა.

ის ორკაპიკიანი სახლში მობრუნებულმა ერეკლემ მაშინ პატარა ზარდახშაში ჩადო,  სადაც სამახსოვრო ნივთებს ინახავდა, ის გოგო კი სამუდამოდ ამოიჭრა გულში.

კაი ხანს არკვია მაშინ ერეკლემ იმ გოგოს ასავალ-დასავალი. კიდევ ერთი-ორჯერ რომ მოჰკრა თვალი, უფრო მოინდომა და არათუ მისი მისამართ-ტელეფონი, გვარ-სახელიც კი გაიგო: გოგოს მარიკუნა ერქვა, თეატრალურ ინსტიტუტში, სამსახიობო ფაკულტეტზე სწავლობდა და გვარად გავაშელია იყო.

– გუტენ მორგენ, მარიკუნას! – ასე დაიწყო ერეკლემ პირველი საუბარი ქუჩის ტელეფონიდან, საიდანაც სწორედ იმ ორკაპიკიანით დაურეკა მარიკუნას სახლში. – მე, იცი, აი ის მათხოვარი ვარ, ორკაპიკიანი რო მაჩუქე, თუ გახსოვს?.. უნივერსიტეტის გაჩერებაზე… კიდევ გამოგადგებაო…

– აჰ, დიახ-დიახ!.. კარგად მახსოვს მე ყველაფერი!

– ჰოდა, აი, თუ არ გამომადგა! ორი ასანთი კი მოვიდოდა მაღაზიაში, ხანძარს გავაჩენდი დიდებულს, მაგრამ… ურთიერთობის სურვილმა გაიმარჯვა და დავრეკე! მე ერეკლე ვარ!

– ძალიან კაი… – მოესმა ერეკლეს მაშინ მარიკუნას ხმა. – მე – მარიკუნა!

– ეგ უნა რას ნიშნავს?

 

1 2 3 4 5 6 7 8 9