– პასპორტით მარიამ!.. უნა – შინაურებისთვისაა…

– ანუ, უკვე ჩემთვისაც?

– ასე მალე?

-დაგვეწყო ბარემ… გაშინაურება… გადავიკვეთოთ! ჩემს ბიოგრაფიას ჩაგაბარებ ზეპირად… წამღერებითაც შემიძლია!

– ჰა-ჰა! ასეთი სმენის პატრონი ქუჩის ავტომატთან იყინებით ხოლმე?

– შინაგანი შუბა მმოსავს კარაკულის… თუმცა მარიკუნას გულისთვის – ჩემი შუბა შემიძლია სულ ნაკუწებად დავხიო…

“მათხოვრობით დავიწყე და მათხოვარივით შემისრულეს…” – ფიქრობდა საწოლში მწოლი ერეკლე და მთელი დღეები ის ძველისძველი ფრაზა დაუდიოდა გონებაში: “თქვენ არასწორად აკრიფეთ ნომერი… თქვენ არასწორად აკრიფეთ…”

ერეკლეს საქციელით გაღიზიანებული მარიკუნა ვერაფერს ხვდებოდა, იმ საბედისწერო ღამისაც არაფერი ახსოვდა, მთელი გონებით სერგიზე იყო გადართული, მაგრამ სახლიდან გასვლას ხშირად მაინც ვერ ახერხებდა და ვერც ბედავდა.

ელენა მახლობლად მდებარე მაღაზიაში თავად დაიარებოდა პროდუქტებზე, ფულს დაუნანებლად ხარჯავდა და ნაცნობ დახლიდარ ლუდას საათობით ემუსაიფებოდა სისულელეებზე, ხოლო საღამოობით, ვაჟთან ჩაის სმისას ფილოსოფიური საუბრებით იმშვიდებდა თავს.

***

-და მაინც, რა უცნაური რამეა ეს ადამიანი… – დაიწყო ერთხელაც ელენამ მორიგი ჩაის სმისას ფილოფოსობა და ერეკლეს გახედა.

ერეკლეს ცალი ყური რადიოსკენ ჰქონდა, სადაც ექსპერტები, გადაცემის წამყვანი და დაზარალებული ვიღაც კალმის მანიაკზე საუბრობდნენ.

– შენ გელაპარაკები, ერეკლე! – შეკრა შუბლი ელენამ.

ერეკლემ დედას შეხედა და ჩაი მოხვრიპა.

– კალმის მანიაკები მოდიან! – თქვა მერე მრავალმნიშვნელოვნად და დედას თვალი ჩაუკრა. ელენამ რადიოს გახედა და გაბეზრებულმა ამოიოხრა.

– მაგათ რა დალევს… აგერ, საწყალი მამაშენი, მაგალითად… – განაგრძო იქვე დაწყებულის განვითარება. – რა იყო მისი ცხოვრება?.. ერთი არ უნერვიულია არაფერზე… თავიც არ ატკიებია, არადა რამდენი იყო მაშინ გასაგიჟებელი… ერთს ჩაიქნევდა ხელს, გაიღიმებდა და მორჩა… სულ ღმერთი და ღვთის ძალა ეკერა პირზე… ხომ გახსოვს?.. ისეთი ნეტარი სახე ჰქონდა სიკვდილის წინ… ახლაც თვალწინ მიდგას… ვითომ კი არ კვდება, თავიდან იბადებაო. კაცს სიკვდილი ეგრე უხაროდეს, არ გამიგია… თედოს კიდევ უხაროდა…. ისე, ეგეც კაი მანიაკივით იყო ბოლოს….

– ვინა, კაცო? თედო? – გაეღიმა ერეკლეს და ჩაფიქრდა.

– ჰო, თედო…. მამაშენზე ვლაპარაკობ!.. სულ დაგიკარგავს აქ ყოფნაში მოსმენის კულტურა, ერეკლე! სულ სადღაც დაფრინავ! – კიდევ უფრო გაღიზიანდა ელენა.

ერეკლემ ჩაი მოსვა.

– თედო მაგარი კაცი იყო… – თქვა მერე მშვიდად. – შეიძლება ყველაზე მაგარი მათ შორის, ვინც კი ცხოვრებაში შემხვედრია…

– ჯერ ყველაფერი წინ გაქვს, შვილო… ისე ლაპარაკობ, გეგონება კუბოს შეკვეთა გქონდეს მიცემული… – აღელდა აქ ელენა. – და ის თუ იცი საერთოდ, რაა და რაში გამოიხატება ადამიანის სიმაგრე? ა?.. სიმაღლეში? კუნთებში? განათლებაში?… რაში აბა? ამიხსენი ერთი!

– ალბათ… არსებულ სიმართლესთან მუდამ ახლო დისტანციაზე ყოფნაში! – მოკლედ მოჭრა ერეკლემ და დედას თვალი თვალში გაუყარა.

– რომელ სიმართლესთან, ერეკლე? – კიდევ უფრო დაიძაბა ელენა.

– რომელიც ყველგანაა და რითაც იმართება ეს სამყარო… – აღაპყრო ზემოთკენ მზერა ერეკლემ. ამ დროს ლოჯიაში თვალებამოწითლებული მარიკუნა შემოვიდა.

– ითვალე, ხო, ბზარები, ითვალე!.. ის თუ იცი, სად დაეთრევა შენი კრეტინი შვილი შუაღამემდე?.. – დაიღრინა მარიკუნამ თავისებურად და დოინჯშემოყრილი მაგიდასთან დადგა.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9