– როგორც წესი, კაცები ჯერ არ მობრძანებულან! – დამცინავად წამოსცდა და ის იყო შვილის ოთახში აპირებდა შესვლას, რომ დედამთილის მორიგი ფრაზა მოესმა:

– უცხო სუნი აგდის, შვილი…

მარიკუნას ტანში ერთბაშად გააცივა.

– უკაცრავად?! – მკვეთრად მოუტრიალდა ელენას და თვალი თვალში მკაცრად გაუყარა. – უერ გაუიგე?

– უცხო სუნი-მეთქი. – ხაზგასმით გაიმეორა ელენამ, თავი მძიმედ დააქნია და სამზარეულოსკენ ნელი ნაბიჯით წავიდა.

მარიკუნას სახეზე ფითრმა დაურბინა, მერე ყელში მძაღე გორგალიც მოაწვა და ცოტა დააკლდა, მთელი ძალით რომ არ ეკივლა.

– ნუ, ეგ რა გასაკვირია, დედა!.. ამდენ ტურტლიან ხალხში მიწევს ტრიალი! საშინელებაა ეს მაკლერობა!.. ვთქვი ერთხელ, მორჩა-მეთქი, მაგრამ მაინც არ მეშვებიან! – ლამის ყვირილით და თავის მართლებასავით დაადევნა მარიკუნამ დედამთილს, მაგრამ ის უკვე სამზარეულოში იყო.

მარიკუნა კაი ხანს იდგა ოთახის ზღურბლზე და საკუთარ გულისცემას აყურადებდა. თან ფიქრობდა, დედამთილის ეჭვების გასაფანტად როგორ მოქცეულიყო. ვერაფერი ჭკვიანური რომ ვერ მოიფიქრა, ანერვიულებულმა ტუჩი ლამის სისხლამდე მოიკვნიტა და ზედ ხელისგული აიფარა.

“ბებერი ქოფაკი!” – გაიფიქრა იქვე და ტატოს ოთახის მაგივრად სააბაზანოში შევიდა.

***

მარიკუნას და ელენას ურთიერთობა დღითი დღე იძაბებოდა. ელენა ქალური გუმანით გრძნობდა, რომ რძალი რაღაც მეტად მნიშვნელოვანს მალავდა და ამ ეჭვის დასტურად ყოველთვის ის სუნი ახსენდებოდა, ერთხელ რომ ორივე ნესტოში ეცა აშკარად. ელენა ცდილობდა, ერეკლესთვისაც მიენიშნებინა მარიკუნას ხშირ და უთავბოლო “მაკლერულ” გასვლებზე, მაგრამ სახლში გვიან მობრუნებული და საჭის ტრიალისგან გამოსავათებული ერეკლე დედის უცნაურ ფრაზებს ყურს არ უგდებდა, ბებრულ ხუშტურებად მიაჩნდა და ცდილობდა, უცებ შემძვრალიყო ლოგინში დასაძინებლად. ამ დროს ელენა იქვე დაჩოჩიალებდა და, აღრენილი, თავისთვის ბურტყუნებდა.

– დაბრმავდა და დაყრუვდა ყველა!.. მაინცდამაინც ცეცხლი უნდა მოგვედოს ხორცზე?.. ჩვენს დროს, გენაცვალეთ, სულ სხვანაირად იყო!.. ჭეშმარიტმა მანდილოსანმა, უპირველეს ყოვლისა, იცოდა ოჯახი, ფუძე და კერა!.. აქ კიდევ, რა ჯოჯოხეთი ხდება, არ ვიცი……

– რა დაყრუება, დე?.. – ვერაფერს ხვდებოდა მოქანცული ერეკლე და თავს ბალიშზე დებდა.

– რა და, ის, რომ ბრმა არ უნდა იყო ცხოვრებაში!

– რა ბრმა, დე? ვინაა ყრუ? მოხდა რამე და მე არ ვიცი?

– თან ასე თავხედურად! ო, ბოჟე მოი!.. ნუ კარგით, რა!

– ნუ შემშალე… – ბუტბუტებდა უკვე თვალებმილულული ერეკლე.

– ო, ღმერთო ჩემო!.. ჰმ… ნუთუ სუნიც არ გცემს?..

– აბა სუნი? – უცებ ფხიზლდებოდა და მექანიკურად იღლიას ისუნავდა ერეკლე.

– იშტერებ თავს საცოდავი მამაშენივით! ვერა გრძნობ, უცხო სუნი რომ დგას ბინაში? – ჰაერს ხმამაღლა ყნოსავდა ელენა.

– იდგება, აბა არ იდგება?… – ისევ თავისით ეხუჭებოდა თვალი ერეკლეს და ძილისკენ წასულს ფრაზები უკვე მოზაიკურად სცვიოდა პირიდან. – დღეში მინიმუმ ოცი კაცია-ადამიანი მაინც მიჯდება მანქანაში… მაღალი, დაბალი, მსუქანიც, გამხდარიც, უხელო, უფეხო… სად დაეკარგათ? ვინ წაართვა?

დოინჯშემოყრილი და წარბშეკრული ელენა შვილს ყურადღებით უსმენდა, თუმცა კი ნელ-ნელა ხვდებოდა, აქედან არაფერი ხეირი არ იყო.

– ხომ სიმვალიჩნა, ელენა პოლიკარპოვნა?.. ქალებზე აღარაფერს ვამბობ… რას ისხამენ და ისვამენ? რა უნდათ… ვის დასანახად ცხოვრობენ?

– მასეთნაირი ქალები არ ვიცი მე!.. – ნირწამხდარი ელენა ფანჯარას ხმაურით აღებდა, თავს რამდენჯერმე მძიმედ აქნევდა და უთქმელად გადიოდა ოთახიდან.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9