ელენა შემდეგშიც ბევრჯერ შეეცადა იმავე სურნელის დაჭერას, მაგრამ აღარაფერი გამოუვიდა. სერგისგან მობრუნებული მარიკუნა თავს უკვე თავისი ზემძლავრი სუნამოთი ინიღბავდა და ამით ერთიათად უშლიდა დაეჭვებულ დედამთილს ნერვებს.

– რაღაც ძალიან მოგიმრავლდა კლიენტი ამ ბოლო დროს… რა არი? მეორედ მოსვლაა? – ჰკითხა ერთხელაც სახლში გვიან მობრუნებულ მარიკუნას ელენამ, რაზეც გულში აკისკისებულმა მარიკუნამ მხოლოდ მხრები აიჩეჩა და სამზარეულოსკენ მტკიცე ნაბიჯით წავიდა.

– ხალხი დიდ ფულს შოულობს!.. ჩვენსავით კი არაა ჯანდაბაში ჩარჩენილი!.. – ორაზროვნება უხვად იყო გარეული მარიკუნას გზად ნასროლ ნათქვამში. – ჩვენ ეპოქაში ყველაფერი იყიდება და ქირავდება, დედა…

– მაგ ჩვენობითში, იმედია, მე არ ვიგულისხმები! – სახე მოეღმიჭა ელენას. – და მეორეც კიდევ, ყველაფერი სულაც არ იყიდება, და არც ქირავდება! – ცალი წარბის აწევით დაადევნა რძალს და სასტუმრო ოთახში შევიდა.

სასტუმრო ოთახში მდგარ შავი კარადის ზედა თაროზე ელენა შავ პოლიეთილენში გამონასკვულ გვარიან თანხას ინახავდა. ამ ფულის მოგროვება ელენამ ჯერ კიდევ ტბიან ქალაქში ცხოვრებისას, თედოს სიცოცხლეში დაიწყო და ახლაც, საზღვარგარეთიდან ფოსტით მოსული პენსიის დიდ ნაწილს უმატებდა ხოლმე. კარადა მუდამ სამი გასაღებით იყო დაკეტილი და ეს გასაღებები ელენას ჯვართან ერთად გულზე ეკიდა.

კარადას ელენა კვირაში ერთხელ, კვირაობით ხსნიდა, შავი პარკიდან მხოლოდ ერთ მსხვილ კუპიურას იღებდა და გადასახურდავებლად გარეთ გადიოდა. ძირითადად ამ ფულით არსებობდა ერეკლე ფაღავას ოჯახი. ამას ერეკლეს ტაქსაობით შემოტანილი კაპიკებიც ემატებოდა; აგრეთვე ის მცირე თანხა, რითაც სერგი ყოველი სტუმრობისას ასაჩუქრებდა მარიკუნას და რომელსაც მარიკუნა მაკლერობით ნაშოვნ პროცენტებს ეძახდა.

***

ერეკლე პირველად ტატოს დაბადების დღეზე, 2002 წლის 23 აპრილს დაეჭვდა. ტატო იმ დღეს ოცდაორის ხდებოდა. ამ ეჭვს ერეკლემ მაშინ წყალგაუვალი დასაბუთება ვერ მოუნახა, მაგრამ იმ ეტაპზე ეს სრულიად კმაროდა, რომ ერეკლეს სხვანაირად შეეხედა ცოლისთვის. ეს, მისი აზრით, მისთვის გაწნული პირველი და ყოვლად დაუმსახურებელი ალიყური იყო.

იმ საღამოს ტატოს სტუმრები მოუვიდნენ. დიდ ოთახში გაშლილ სუფრის თავს ტატო ამშვენებდა. სტუმრები ათამდე იყვნენ – მათ შორის ცეკვის ანსამბლის ტანკენარი გოგოები, გრძელთმიანი ბიჭები და ტატოს უახლოესი ძმაკაცი კოწო, რომელმაც ტატოს საჩუქრად სანტა კლაუსის წითელი ფორმა მოუტანა თავისი წვერითა და ქუდითურთ.

– დონე ხარ, კოწო! – დაადო ხელისგული ტატომ კოწოს მადლობის ნიშნად მხარზე.

– რა იცი, რა ხდება… – ჩაეღიმა კოწოს და ძმაკაცს ჭიქა მიუჭახუნა.

ფორმა მაშინვე მოირგო ტატომ, აპლოდისმენტებიც დაიმსახურა. შემდეგ კი ეს ფორმა გაშალეს და თავის ქუდიან-წვერიანად კედელზე ჭიკარტებით გააკრეს.

დიდები ახალგაზრდებს მხიარულებაში ხელს არ უშლიდნენ – სამზარეულოში შეყუჟულებს თავიანთთვის მომცრო სუფრა იქ გაეშალათ. ერეკლეს გიტარა ეჭირა, მარიკუნას ღაწვები შეჰფაკვლოდა, ხოლო ელენა გრძელ სიგარეტს ახრჩოლებდა.

-ის ვიღაც ძაან სიმპათიური კოწო საიდან აღმოცენდა ეგეთი? – იკითხა ელენამ.

პასუხად ერეკლემ გიტარაზე მხიარული აკორდი აკრიფა. მარიკუნა ამ კითხვის გაგონებაზე უცებ გამოერკვა და მაშინვე ენერგიულად მოიქოქა:

– კოწოს სახლში ეძახიან. ისე, კონსტანტინე ქვია!.. ტატოს ახალი ჯგუფელია. იცით, რა კაი ბიჭია? სხვები რას გვანან, ღმერთო ჩემო… ჩემმა იდაჩკამ ყველაფერი დაწვრილებით გამირკვია… ჩემი ცნობათა ბიურო… ნუ, რა გოგოა მაინც და როგორ ვერ აიწყო ცხოვრება ვერაფრით… ესე იგი, უინტელიგენტურესი და ძალიან შეძლებული ოჯახი. პროფესიონალი და ცნობილი მედიკოსები. ამჟამად სიერა-ლეონეში იმყოფებიან სამუშაოდ… გადასარევი ოთხოთახიანი ბინა ზედ ტელევიზიასთან… იკა, სად ჯანდაბაშია სიერა-ლეონე?.. დარწმუნებული ვარ, იტალიასთან იქნება, ისე საყვარლად ჟღერს… მოკლედ, ინდივიდუალური პროექტის ბინა მიშენების პერსპექტივით… შვილი ევროპაში სწავლობდა. ერთ უმაღლესს იქ მორჩა და ხატვა გადაწყვიტა. ჰოდა, სამშობლოში დაბრუნებული სამხატვროზე პირდაპირ დასვეს. სახელოსნოც აქვს. გამოფენას გამოფენაზე აცხობს. მთელი ქალაქის ცენტრი იცნობს…

დაბადების დღემ მხიარულად ჩაიარა. სამზარეულოში უფროსები წრუპავდნენ ღვინოს. სასტუმრო ოთახში წყვილები ცეკვავდნენ. შექეიფიანებული ტატო და კოწო გოგოებს აბზრიალებდნენ და თავბრუს ახვევდნენ. მერე კოწო და ანსამბლის ერთ-ერთი მოცეკვავე ირმა სხვებისდა შეუმჩნევლად აბაზანაში შეშპნენ. იქ რა მოხდა, არავინ იცის, ერთი კია, იქიდან პირველი მუხლისთავებდაწითლებული ირმა გამოვიდა და ისე იოლად ჩაება ახალგაზრდულ ღრიანცელში, ვითომც ოთახიდან სულ არ გასულიყოს.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9