– ჰო, რა იყოთ?! ფეხი დამ-იცურდა და წავიქეცი! – თქვა უკმეხად ტატომ და ისიც მაგიდასთან ჩამოჯდა.

– კაია… – დააქნია თავი ერეკლემ. – მაგის დრო იყო ზუსტად…

– თუ არ წაიქეცი, ვერც ადგები… – ჩამოართვა სიტყვა ვაჟს ელენამ.

ბებიის ნათქვამმა ტატო ერთბაშად დაამშვიდა, მაგიდასთან ჩამომჯდარმა ნიკაპი მუშტზე ჩამოდო და მამას ააცქერდა. ერეკლე ტრადიციულად საკუთარ თითებს დაჰყურებდა. მერე ვაჟს გადახედა.

– რაო, მოგერიენ?

– მომერიენ არა, ისა… – უცებ აღელდა ტატო. – ვინ უნდა მომრეოდა?

– სარკეში ჩაგეხედა, რას გავხარ… – ჩაეღიმა ერეკლეს.

– მშობლებს!.. – თქვა აგდებულად ტატომ და ხელისგულებზე დაიხედა. – აბა მეზობელს ხომ არ ვემგვანები?

– წესიერად ილაპარკე! – მისცა შენიშვნა ელენამ შვილიშვილს.

ტატომ მძიმედ დააქნია თავი და კარისკენ მალულად გაიხედა. მერე მამას და ბებიას რიგრიგობით შეხედა.

– ჰე…. – დაუქნია თავი ერეკლემ. – მოყევი ახლა, ვიდრე ბოლო მსოფლიო  დაწყებულა….

ოთახში ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა. ტატომ ჯერ ბებიას გადახედა, მერე მამას გაუსწორა მზერა. კაი ხანს უყურა, ვიდრე უხერხულად არ იგრძნო თავი.

– ჩემი ცეკვის მასწავლებელი შემოგვაკვდა კინაღამ… სეროჟა! – დაიჩურჩულა უცებ შეთქმულივით და ტუჩზე თითი მიიდო. – ოღონდ დედას არ უთხრათ… გაგიჟდება…

ერეკლემ და ელენამ ერთმანეთს გაკვირვებულებმა გადახედეს.

– რას ნიშნავს „შემოგვაკვდა კინაღამ“? – იკითხა მერე ერაკლემ ხმადაბლა.

– კიდევ შარები გვინდოდა, შვილიკო? – გაებზარა მზერა ელენას.

– ბალნოი ყოფილა. – დაიჩურჩულა ტატომ და მამას მზერა გაუსწორა.

ოთახში ისევ სიჩუმე ჩამოვარდა.

– კოწომ გამოფენაზე გაიცნო გუშინ… –  განაგრძო ჩურჩულით ტატომ. – …და იმან დაპატიჟა თავის სახლში დღეს… კოწომ მე წამიყვანა ფეხბურთის მერე, მარტო გაუტყდა…

– რა გაუტყდა? – ვერ მიხვდა ელენა.

– მარტო ასვლა. – გადააქნია თავი ტატომ. – ამყევიო… თან ხო ვიცნობ, რამდენი წელია! არ მინდოდა, მაგრამ ძაან მეხვეწა კოწო… ავედით და იმან ისეთი გაიხარა ერთად რომ დაგვინახა, სუ შამპანურები გვასვა… დათვრა მაგრა… მერე ვიდეოკასეტა ჩაგვირთო… – გაჩუმდა ტატომ.

– მერე?

– კაცების პორნო იყო ჩაწერილი.

– ვინ იყო ჩაწერილი? – ვერ მიხვდა ელენა.

– და მერე, ხელების ფათური დაგვიწყო… – განაგრძო ტატომ.

– ვინა, ადამიანო? – სულ დაიბნა ელენა და შვილს შეხედა.

ერაკლეს თავზე ხელები შემოეჭირა და დუმდა.

– მერე? – ამოღერღა ერაკლემ.

– მერე გავიგდეთ წიხლქვეშ… სუ კბილებში ვურტყით ფეხები…

– და თავი? – შეაცქერდა შებინტულ თავზე ტატოს ერეკლე.

– კოწომ ვაზა მოუქნია, იმან აიცილა და მე მომხვდა… მაგრამ მაინც მაგარი ვცემეთ…

 

1 2 3 4 5 6 7 8 9