– თავი? – უკვირდა მოულოდნელობისგან ენაჩავარდნილ მარიკუნას და სარკეებიანი დარბაზისკენ შიშით იყურებოდა. – როგორ თუ თავი? ვისი თავი?

– აეგრე, მარგოუ! რა თქმა უნდა, თავისი! პირდაპირი გაგებით! ანუ, იმდენი შეიცნო სარკის რაობა-თაობაზე, რომ ბოლოს ვეღარ გაერკვა, ანუ ეჭვი შეეპარა თვით სარკეში… ვეღარაფრით მიხვდა, რომელი იყო რეალობა: აქეთკენ, ანუ თავად, თუ ის, რაც იქით, მთლად შიგ სარკეში ჩანდა… აზრზე ხარ, მარგო, რა სიგიჟეა?… შიშში შესულს პარანოიამაც არ დააღალატა და ბრახ! – სერგი საფეთქელთან იდებდა თითს, მეორე ხელით კი ჯიბიდან სიგარეტის კოლოფს იღებდა და მარიკუნას აწვდიდა. – ინებეთ, მარგოუ! მედიუმია ნამდვილი… კიოლნის დიუთიფრიშია შეძენილი… ჩემთვის, ხომ იცი, როგორი მძიმეა ასეთი ნიკოტინის შემცველობის სიგარეტი?.. სადღაა მაგის ფილტვი და ელენთა…

მარიკუნაც მოწიწებით იღებდა კოლოფიდან ცალ ღერს და სერგისვე ანთებული სანთებელათი უკიდებდა, სერგი კი ამ დროს დარბაზში იყურებოდა და უეცრად გარდასახულს მეტად მკაცრი და მჟღერი ხმა ჰქონდა:

-ჰე, ბატები! აბა დავიწყეთ! სემიჩკა და ანეკდოტები საღამოს! ყველანი მუცლებით სარკისკენ! ერთი-ერთზე ჩავხედოთ ანარეკლს თვალებში! ნანაძე, გინდა რომ ენები დავატოლოთ, დუშენკა?… ლაპარაკი არ გავიგონო! ტატო, ბაჯაღლო ოქრო ხარ! წავიდა! წავიდა! ყველანი!.. კრიხელი, ქუდი რატომ გახურავს?! სინაგოგაში კი არ ვართ!..

მერე სერგი მარიკუნას უტრიალდებოდა, რომელიც აღფრთოვანებით შესცქეროდა მას და სიგარეტს ეწეოდა.

აი, ასეთი საუბრები ჰქონდათ ხოლმე ანსამბლის ხელმძღვანელ სერგის და მარიკუნა გავაშელიას, როგორც რეპეტიციამდე, ასევე რეპეტიციის შემდეგაც და მათი ურთიერთობის სადღაც მესამე წლისთავზე ერთმაც და მეორემაც აისრულეს ფარული საწადელი; ანუ, ერთხელაც, სერგიმ მარიკუნა თავის სახლში ექსპრესიონისტთა “გიჟი” ტილოების კოპიოთა დასათვალიერებლად მიიპატიჟა, იქვე გაუმასპინძლდა ფრანგული ლიქიორითა და ჰაეროვანი ნამცხვრით, შემდეგ ჩართო ბოლო ხმაზე ფრენკ სინატრა და მის ფონზე წაცეკვების პარალელურად გაიხსენა დიდ ფრენკთან ვითომშეხვედრები “მედისონ სკვერ გარდენში”. შემდეგ…

შემდეგ კი მოხდა ის, რაც ანსამბლის ხელმძღვანელ სერგის და მარიკუნა გავაშელიასაც ფრიად სწყუროდათ და იმ საღამოს შემდეგ ისინი იქცნენ ფარულ საყვარლებად, ანუ მარიკუნამ თავის სექსუალობას ბოლომდე მისცა გასაქანი და ორმაგად იწყო თავის დაკმაყოფილება: ანუ არც ქმარს იკლებდა ღამღამობით და კვირაში ორჯერ სერგისაც თავის გემოზე ატრიალებინებდა თავს ლოგინში.

მაგრამ იყო კიდევ ერთი რამ, რასაც მარიკუნა თავიდან ვერაფრით წარმოიდგენდა – გარდატეხის ასაკში, როდესაც ყველა ბიჭს თავისებურად უბოხდება ხმა, სერგის (დაახლოებით ოცდახუთი წლის წინ) ეს არაფრით დაემართა. ისიც, სხვების დასაცინი რომ არ გამხდარიყო, იძულებული გახდა, ხმა ძალით დაებოხებინა და გარე სამყაროსთან ასე ჰქონოდა ურთიერთობა. მსახიობური ნიჭი საკმაოდ ჰქონდა მომადლებული სერგის და მანაც ამ ნიჭს ბოლომდე მისცა გასაქანი. შედეგად, ვერავინ ვერაფერს ამჩნევდა და სერგიც ყოველმხრივ კმაყოფილი იყო.

მერე და მერე, სტუდენტობისას, რა მეთოდს აღარ მიმართა სერგიმ, მაგრამ ხმა რომ მაინც არაფრით დაუბოხდა, ანუ ვერაფრით დაიბოხა, უბრალოდ, ხელი ჩაიქნია, ბედს შეურიგდა და ნელ-ნელა შეეგუა ორხმიანობას – საკუთარ თავთან დარჩენილი, თავს, რა თქმა უნდა, თავის ნამდვილი, ბუნებრივი ხმით ემუსაიფებოდა (რაც ასე ძალიან უყვარდა), სხვებთან კი, ანუ გარეთ, ვისთანაც არ უნდა ჰქონოდა ურთიერთობა, სერგი მეორე, დაყენებულ ხმას ირგებდა და საკმაოდ მჟღერი მამაკაცური ბარიტონით მეტყველებდა.

მარიკუნასთან პირველი სექსის დროს სერგი სწორედ თავისი ნამდვილი ხმით აკაკან-აკრიახდა და მარიკუნას კინაღამ გული გაუხეთქა. ანტიორგაზმამდე დამფრთხალს შიშისგან ისეთი ძალით შეეკუმშა საშო, რომ სერგის კინაღამ წააწყვიტა შიგნით ჩარჩენილი ასო. თუმცა, იქვე, სერგის მიერ ქალური ხმით ჩაბარებული გულწრფელი აღსარების შემდეგ ყველაფერი დალაგდა. შემდეგი განმარტოებებისას დიდი დუეტი ერთმანეთს უკვე მხოლოდ ბუნებრივი ხმითა და ტემბრით ელაპარაკებოდა.

***

ერთხელაც, სერგისგან სახლში საღამოს მიბრუნებულ მარიკუნას კარი შიგნიდან ჯაჭვით დახვდა დაკეტილი. მარიკუნა მიხვდა, რომ სახლში მხოლოდ დედამთილი იყო და კარსაც, რაღათქმა უნდა, ის გაუღებდა, ამიტომ თეთრი ლაბადა შეისწორა, თმაზე ხელი გადაისვა და სახეზე ცივი გამომეტყველება გადაიფინა.

ჯაჭვი კარს მართლაც ელენამ შეხსნა და ბინაში შესული რძალი ცალი წარბის ჩვეული აწევით ჩაათვალიერა თავიდან ფეხებამდე.

– დავიტანჯე ამ იდიოტი კლიენტურის ხელში! – წამოიყვირა მარიკუნამ ლაბადის გახდისას. – რამ გადარია ეს ხალხი  მაინც ამ ბაგებზე… ყველა იქ ცდილობს ფართის აღებას, თითქოს ქალაქში ადგილი აღარ იყოს… დეგენერატები! რაა ამ ბაგებში ეგეთი?.

– ვაკის სასაფლაოა იქვე, შვილი… – ორაზროვნად ჩაიღიმა ელენამ, კარი მიხურა და ისევ ჯაჭვზე დაკეტა.

მარიკუნა დედამთილის პასუხზე დაიბნა და დაბნეულობა რომ არ შეემჩნია, მაშინვე სხვა თემაზე გადახტა.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9