ერეკლემ მშვიდად ჩამოიღო მზერა და ცოლს აუღელვებლად გახედა. მერე ჩაი მოხვრიპა და საათისკენ გაიხედა.

– გაივლის, გამოივლის… დიდი ბიჭია… რამდენი წლისაა, ხომ არ გავიწყდება? – გაამართლა იქვე ტატო და ამით მარიკუნას კიდევ უფრო დიდი აღელვება გამოიწვია.

– მე ყველაფერი მშვენივრად მახსოვს ვიღაც-ვიღაცეებისგან განსხვავებით! ყოველდღე ვიღაც ჩამოხეულ და გრძელთმიან იდიოტებთან ერთად დადის! ლექციებს აცდენს. ცეკვასაც! სვამს. მობრძანდება მერე თვალებამოღამებული! არავინ ამ ოჯახში არაფერზე არ ფიქრობს…

ელენა ცალთვალმოწკურული აჰყურებდა რძალს და გულში ფიქრობდა, ერთი ის კალმის მანიაკი ვიყო, ისეთს გიზამდი ამ ჩემი ხელებით, არც კი დავფიქრდებოდიო.

– ხვალ დილით ექიმი მოვა. დოცენტი ავალიშვილი. – თქვა უცებ მარიკუნამ და ამაყად მიმოიხედა.

– ეგ ვინღაა? – იკითხა ერეკლემ.

– ეჰ! – ამრეზით აიქნია ხელი მარიკუნამ და ოთახიდან გავიდა.

ელენამ ვაჟს გადახედა და გულწრფელად შეეცოდა.

– ყოველი დღე გზაჯვარედინივითაა… – აღმოხდა უცებ ელენას სხვანაირად მშვიდად. – უბრალოდ, უნდა იცოდე კაცმა, რომელ გზას დაადგე… რომ გადარჩე…

– რომ გადარჩე? – გაუყარა თვალი თვალში ერეკლემ ელენას.

– რომ გადარჩე, და სხვა ახეირო… მერე ის გადარჩეს და იმანაც სხვა ახეიროს… – იხტიბარი არ გაიტეხა ელენამ.

– სხვა ახეირო რას ნიშნავს? – აზიდა წარბები ერეკლემ.

– ყველაფერს…. – დააქნია თავი დარწმუნებით ელენამ. – სხვა ახეირო შენი გადარჩენით…. აგერ გადავრჩით მე და თედო და, ჩვენ რომ არა – რა გეშველებოდათ…

ერეკლე კაი ხნით ჩაფიქრდა. მთელი არსებით გრძნობდა, რომ მის შინაგან კონსტიტუციას კიდევ ერთი ალიყური გააწნეს, მაგრამ დანებება წამით არ უფიქრია.

– და მაინც, რომელიც არ უნდა აირჩიო, ის იქნება ყველაზე მართალი გზა. – თავაუწევლად და ჯიუტად თქვა ცოტა ხნის შემდეგ. – ახლა არ დამიწყო ძველის გახსენება, მაშინ რატომ არ წამოხვედი, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდაო და ეგეთები… მე ჩემს არჩეულ გზაზე ვდგავარ… და ისე მოვიქეცი, როგორც თედოს გაუხარდებოდა!

-პურის და შპროტის იქით სად წახვედი, შვილი? – ასწია ცალი წარბი ელენამ.

-ცოტაც მოვითმინოთ. – თქვა ერეკლემ და ამ დროს კარზე კაკუნის ხმა გაისმა.

კარი მარიკუნამ გააღო და ტატოს დანახვაზე კინაღამ გულზე შემოეყარა: ტატოს თავი შებინტული ჰქონდა და, ნასვამი, ადგილზე ქანაობდა.

– რა ხდება? – ძლივს ამოღერღა მარიკუნამ და ტუჩებზე ხელისგული აიფარა.

– წავ-იქეცი. – იყო ტატოს დანაწევრებული პასუხი.

ტატომ ბინაში ფეხარეულმა შემოაბიჯა და ქურთუკი საკიდზე დაკიდა.

– მამა როგორაა? – იკითხა მერე გაბზარული ხმით, თუმცა პასუხს არ დალოდებია, ისე შეყო თავი ლოჯიაში.

ერეკლე ისევ ჭერს აჰყურებდა და ფიქრებში იყო წასული.

– ჰაი, მამა-ერეკლე!… ცოცხ-ალი ხარ?

ერეკლემ მძიმედ გამოიხედა კარისკენ. თავშებინტული შვილს დანახვაზე ჯერ წარბი შეკრა, მერე სევდიანად გაიღიმა და არაფერი თქვა. ტატოს უნდოდა, რამე გამამხნევებელი ეთქვა მამისთვის, მაგრამ გადაიფიქრა, ხელი ჩაიქნია და ლოჯიაში შებანცალდა. ბებია და მამა დადუმდნენ და სახეზე ორივეს წამიერმა ღიმილმა წაჰკრა.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9