მწვანე თხები

 

ინ სი თავისი მოძღვრის, ლაო ძის დავალებით

დაეძებდა მწვანე თხას,

იპოვა და დაიჭირა იგი ქალაქ ჩენდუში

და ააგო ტაძარი იქვე.

ხოლო მე ჩემ იაპონელ მეგობარ იასუხიროსთან ერთად

ამ ქალაქში დავიჭირე მწვანე ტაქსი და

გავეშურე ისტორიული უბნისაკენ,

რათა გამესეირნა ცინ ლის ქუჩის ძველ ქვაფენილზე

და მეყიდა ბანქოს დასტა,

მაო ძე დუნის ლექსებით, მასზე დაბეჭდილით.

ჩენდუში მწვანე თხების, ანუ მწვანე ტაქსების

ფარა არის უზარმაზარი.

ისინი განუწყვეტლივ კრთიან შენს თვალწინ

და გახსენებენ,

რომ შორეულ ეპოქაში

ხარზე შემჯდარი ლაო ძი გაემართა დასავლეთისაკენ

და თავის ხალხს დაუტოვა ანდერძი,

ეძებნათ მწვანე ფერის თხა

დაოსიზმის ათასდღიანი პრაქტიკის შემდეგ.

ამ ქალაქში, ერთხელ, გვიან ღამით,

მე გამოვედი სასტუმროდან და დავიწყე სეირნობა,

ქუჩების, ჩიხების, შუკების თვალიერება.

ერთ-ერთ მოედანზე დაბმული ველოსიპედების

ძალზე გრძელი რიგი გაჭიმულიყო.

ვიღაც ქალი, ფანრით ხელში, აშუქებდა ველოსიპედების ნომრებს

და ერთი მათგანიდან მეორისკენ გადაადგილდებოდა  –

საკუთარს დაეძებდა.

მე გავაგრძელე სეირნობა

და სადღაც ნახევარი საათის შემდეგ ისევ მოვხვდი ამავე მოედანზე.

ქალი თავისი თხა-ველოსიპედის ძებნას განაგრძობდა.
ეს სცენა მე რატომღაც ღრმად ჩამებეჭდა მეხსიერებაში

და როცა ჩენდუში გატარებული დღეების გახსენებას ვიწყებ,

ჩემს გონებაში ჩნდება

არა  ლაო ძის ოცმეტრიანი ფიგურა მწვანე თხის სახელობის ტაძარში,

არა მძინარე პანდები ხეებზე

და არა ჩენდუელი პოეტის, დუ ფუს ხატი,

არამედ ეს ქალი, რომელიც ათასობით ველოსიპედის წინაშე

კიდევ ერთხელ, მორჩილად,

აღასრულებს ლაო ძის ძველისძველ ანდერძს.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10