ორი კონფერენციის ამბავი

 

საკონფერენციო დარბაზიდან

სიგარეტის მოსაწევად ეზოში გავიდა და იქ

ჭრიჭინობელების კონფერენცია დახვდა.

ცოტა რომ მოუსმინა,

მათი კონფერენცია უფრო საინტერესო ეჩვენა და

უკან აღარ შებრუნებულა,

ბოლომდე მათთან დარჩა.

 

შიგადაშიგ ქარი წამოუბერავდა და

საკონფერენციო დარბაზის კარს აღებდა.

დახურავდნენ, გაიღებოდა.

დახურავდნენ, გაიღებოდა.

და ამ დროს ადამიანების კონფერენციის

მიკროფონებით მოძლიერებული ხმები

ჭრიჭინობელების კონფერენციაში იჭრებოდა.

ჭრიჭინობელებს მიკროფონები არ ჰქონდათ,

ამიტომ ისინი ადამიანების კონფერენციას

არანაირად ხელს არ უშლიდნენ.

 

კონფერენციის ბოლოს ადამიანებმა

საერთო ფოტო გადაიღეს სამახსოვროდ.

სიგარეტის მოსაწევად ეზოში გასული და

ბოლომდე იქ დარჩენილი ადამიანი, ცხადია,

ამ ფოტოზე ვერ აირეკლა.

ის ვერც ჭრიჭინობელების მატიანემ შემოინახა.

მხოლოდ ეს ლექსი თუ მეტყველებს იმაზე,რომ

ის მართლა არსებობდა –

ადამიანების კონფერენციიდან

ჭრიჭინობელების კონფერენციაზე გაქცეული.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10