ოლდ თაუნების კაფეებში კარგი ლექსები არ იწერება

 

ეს ვიოლინო,

იტალიურ, მობეზრებულ, თან საოცარ

მელოდიებს რომ აწრიპინებს დაუსრულებლად,

ეს სკამები,

ფუმფულა და მოხასხასე ბალიშებით,

ეს ტახტები წამოსაწოლი,

ეს სტენდები აჯღაბუჯღა სუვენირების,

ეს ტურისტები პაწაწინა დროშებით და სელფის ჯოხებით,

ეს ერთნაირი გენუა და ვროცლავი და

თბილისი და რიგა-ტალინი,

ეს ერთნაირი ლუდის სმა და სიგარეტის ბოლება და

ამ ყველაფრის ერთნაირად თვალიერება…

ბრტყელდება აზრი, ემოცია ცალსახა ხდება,

კომფორტულად და არხეინად ხარ უბრალოდ და…

კალამს და ბლოკნოტს ზურგჩანთიდან

კი იღებ და წერას კი იწყებ,

რათა ვითომ რაღაც ახალი შეგრძნებები დააფიქსირო,

მაგრამ არა,

ეს საკუთარი თავის ურცხვად მოტყუებაა,

ილუზიაა,

სინამდვილეში კარგად იცი, რომ

ოლდ თაუნების კაფეებში

კარგი ლექსები ვერანაირად ვერ იწერება.

აი, ეს ლექსიც ხომ ასეთია,

უვარგისია,

არადა ზიხარ ბუქარესტის ოლდ თაუნის კაფეში და

ვითომ ხრიკი გამოიგონე:

ცუდ ლექსზე თხზავ ცუდ ლექსს იმის იმედით, რომ

ორმა მინუსმა იქნებ ბოლოს პლუსი აჩვენოს.

სინამდვილეში კი სათქმელი თითქმის არა გაქვს.

გახსენდება: ერთი ქალაქის ოლდ თაუნში ერთთან იჯექი,

მეორეში – მეორესთან,

სადღაც – მთელ ჯგუფთან,

სადღაც – სულ მარტო.

ის ათიოდე წლის წინ იყო,

ეს – ხუთიოდე.

ის – შარშანწინ,

ეს კი – შარშან.

მაგრამ რად გინდა:

პოეზიას ტურისტული პასაჟები და მოგონებები

ოდნავაც არ აინტერესებს.

აქ ღმერთზე ვერ წერ,

ვერც ეშმაკზე,

ვერც ჭეშმარიტ სიყვარულზე

და ვერც სიკვდილზე.

შეიძლება სიცოცხლეზე რაღაც ფრაზები გამოგიდნეს:

როგორ ჩქეფს იგი,

როგორ დუღდუღებს…

შეიძლება ნიშანდობლივი (რა სიტყვაა „ნიშანდობლივი“?)

დეტალები დაიჭირო

ამდენ ხალხში, ჟესტებში და მიმიკებში,

მაგრამ ნახევარფაბრიკატებად დაგრჩება მაინც,

არანაირად არ ეყოფა ეს შენ ლექსს, არა!

ამიტომ მორჩი!

ნუღარ დაღლი მკითხველს და შენს თავს,

რაც თქვი, უკვე თქვი საუკეთესო,

უმჯობესს უკვე ვერაფერს იტყვი,

რაც სათაურში გამოიტანე,

დიდებული ფრაზა არის,

დაწერილი ამ ადგილებში.

ჰოდა, მოდი, რაკი ასეა,

ჩავალაგოთ კალმისტარი და ბლოკნოტი ზურგჩანთაში და

ბოლოს ერთხელაც გავიმეოროთ:

ოლდ თაუნების კაფეებში კარგი ლექსები არ იწერება!

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10