ომარ თურმანაულს

 

როგორ მჯობნიან ჩემი ლექსები…“
                                              .

დანანებით დავწერე თითქოს,
მაგრამ მაინც, გულის სიღრმეში,
მიხაროდა, რომ მჯობნიდნენ
ჩემი ლექსები.
იშვიათად, თუ ლექსი ვერ გამოვიდოდა,
და მეც, ისე ამეწყობოდა,
რომ არავის გულს არ ვატკენდი,
არავისთან შევცდებოდი,
რაღაც კარგსაც თუ ჩავიდენდი,
ვიგრძნობდი, რომ ჩემს ლექსს ვჯობივარ,
და სიხარული ამიტანდა,
თუმც სევდიანი,
რადგან ის ლექსი მახსენდებოდა,
მე რომ დავჯაბნე.

ასე ვიყავი მთელი ცხოვრება
ამ ჩემს ლექსებს შეჭიდებული –
ძირითადად ბეჭზე გაკრული,
თუმცა ხანდახან საკუთარი ნაწერების დამმარცხებელიც.
გადამღალა ამ ჭიდაობამ,
და უკეთესი რა მომეფიქრა –
ავდექი და დავანებე მათ წერას თავი..
აღარ იყვნენ და ვერც მჯობნიდნენ.
და ცხოვრებაც დამშვიდდა ცოტა.

მაგრამ ახლა გამომიცხადეს,
რომ ორ კვირაში აღარ ვიქნები.
ანუ ლექსებს მალე ჩემთან
საჭიდაო ვეღარ ექნებათ.
ეს ცხოვრება, ცოდვიანი,
არაფრით რომ არ მეთმობოდა,
იმიტომ იყო, რომ დავაფრთხე
და გავაძევე ლექსები ჩემგან.
ახლა კი რაღა: აღარც მე ვიყო, აღარც ისინი?
არ მომწონს მასე.
ღონე რომ მქონდეს, კი დავწერდი
ახლა ერთი-ორ ლექსს
და სიკვდილის წინ ჩემს თავს ერთხელაც შევაჯახებდი.
მაგრამ სადღა მაქვს მაგისი ღონე…

ამიტომაც, სხვა გზა არაა,
ჩემო ლექსებო, ადრინდელებო,
ჩემზე უფრო უკეთესებო,
მე მივდივარ, მოდით, დაბრუნდით!

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10