მილანის სპლინი

 

არქიტექტურულ მატრაკვეცობებს შორის მოყოლილს

პირველივე დღეს დამემართა მილანში სპლინი.

გონებიდან არ ამომდიოდა იმ ქალის ფეხი,

თვითმფრინავში რომ გვერდით მეჯდა სამი საათი.

სტამბოლში უკვე ღამენათევს და

სიზმარ-ცხადს შორის ბეწვის ხიდზე გაკიდულს, თითქოს

ხელში მეკავა ეს ფეხი, როგორც ჯოხი, რომლითაც

მუშაითნი მიმოდიან ბაგირზე, რათა

წონასწორობა შეინარჩუნონ.

არ შეიძლება, რომ ჯოხს მზერა მოსწყვიტო ამ დროს,

მეც დავცქეროდი მას და ცაში, ტურბულენტურში,

მილანისკენ მივბორძიკობდი.

მილანში კი ხელში რაკი არაფერი აღარ მეკავა,

დამეკარგა უცებ ბალანსი.

დუომოზე აზიატი ტურისტები

სელფის ჯოხებით მუშაითობდნენ გულისამრევად,

არქიტექტურის მატრაკვეცობა კი უფრო მეტად ამკვეთრებდა

ყოფიერების შებოჭილობას.

ჩვენი სასტუმროს მეზობელი შენობიდან

კაცი გადმოხტა და დაენარცხა მილანის ქუჩას

ზუსტად მაშინ, როცა პოეტი ნიკოლოზი გაცხარებით ამტკიცებდა,

რომ სიკვდილი არ არსებობდა,

ხოლო პოეტმა გიორგიმ კი მეორე დილით ყური მოჰკრა,

ერთი სპარსელი ტელეფონით ვიღაცას როგორ ეუბნებოდა:

თავი უნდა მოვიკლა, რადგან

აღარაფერი დამრჩა უკვე ცხოვრებაშიო.

ის ჩემი ფეხი, სამუშაითო,

ალბათ სადმე, ამ ქალაქშივე,

მოკლე კაბიდან გამომძვრალი, ვინმეს ხიბლავდა,

და არც იცოდა, რომ ისევ მისით აკვიატება

თუ მშველიდა ამ ქალაქში

ჩემი თავის შესამაგრებლად, მაშინ, როცა

ყვითელი ტრამვაი idealista გზას მიჭრიდა

ერთ ძველისძველ ქუჩას როცა მივუყვებოდი,

ბილბორდზე კი მაიმუნივით ხტუნაობდა შტერი გოგონა,

როცა ბრერას მუზეუმის ეზოში შიშველი

ნაპოლეონის ტრაკქვეშ ვიჯექი,

როცა შარვალ-კოსტუმიანი მამაკაცები

ლა სკალადან გამოდიოდნენ

და თანდათან ჯინსიანებში ითქვიფებოდნენ…

ეს ყველაფერი, როგორც ხედავთ,

პოეტურია აღსაწერად,

მაგრამ რთულია,

როცა ამას უყურებ მაშინ,

როცა სპლინმა დაგრია ხელი,

და თანდათან, ვინც შენთანაა,

მათაც იგივე სენი ერევათ.

ამბავი კი ამ სპლინისა ასე მთავრდება:

მილანიდან ტურინში მიდის სამი პოეტი.

უფრო სწორად, ორი მიდის,

მესამე აღარ მოინდომებს, სასტუმროში დარჩება და იქ

გაირეცხავს ჭუჭყიან წინდებს,

დარჩენილი ორიდან კი ერთი ქრისტეს სუდარის წინ

დგას და ტირის ცხარე ცრემლებით,

ხოლო მეორე მერილინ მონროს აზღუდსა

მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს –

კინომუზეუმის ექსპონატებს –

მისჩერებია.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10