დეკლამაცია მიღმიერისთვის

 

მხოლოდ მოხუცი ქალები ისხდნენ ლექსის კითხვაზე.
მათ წინაშე რაღაცნაირად სევდიანი იყო გამოსვლა.
პოეტს ხომ მუდამ ურჩევნია, ახალგაზრდები როცა უსმენენ.
და ვითომ რატომ?
ახალგაზრდას უკეთ ესმის პოეზიისა?
არა, ალბათ მას, სცენაზე მდგარს,
გულუბრყვილოდ უხარია,
ლამაზი, ქორფა სხეული როცა
ითვისებს ხოლმე მის ნაჯახირევს.
შეიძლება იმედი აქვს, რომ
ახალგაზრდებმა თუ მოუსმინეს, შეიგრძნეს და დაიმახსოვრეს,
უფრო მეტხანს გაძლებს მისი საწყალი ლექსი ცოდვილ მიწაზე.
არადა იქნებ პირიქითა სჯობს?
უკეთესია, რაც უფრო მალე წავა იმქვეყნად,
ის, ვინც ჩვენს ლექსს ყური დაუგდო?
რაც მალე წავა, ხომ უფრო დროზე მიიტანს სათქმელს იმ სამყაროში,
რის შეცნობასაც
ამ სტრიქონების წერით ვცდილობდით.
და რომ მიიტანს,
მერე კიდეც გადამოწმდება.
რა ჯობია,
ჩვენმა ფიქრებმა აქ, მიწაზე იხოხიალონ,
თუ ზეცაში გაიარონ ბოლო კონტროლი?


დამთავრდა კითხვა.
კიბესთან ვდგავარ, ვეწევი ჩემთვის.
ხელჯოხიანი ერთი ქალი,
ჩემს საღამოს რომ ესწრებოდა,
ჩემს მთარგმნელს და კიდევ ერთ კაცს
გაჭირვებით დაბლა ჩამოჰყავთ.
შავი სათვალე უკეთია,
მგონი თვალშიც ვერ იხედება.
მერე მეორე ქალიც გამოჩნდა.
ასეთივე ხელჯოხიანი.
მასაც ორნი დაეხმარნენ,
მიიყვანეს მანქანასთან,
ფრთხილად ჩასვეს,
მოწიწებით დაემშვიდობნენ.
ალცჰეიმერი თუ არა სჭირთ,
იმედია, რომელიმე მალე აიტანს
ჩემს ნაფიქრს ცაში…


გამიხარდა რაღაცნაირად.
თან ცოტა დავფრთხი.
ამოვიღე ამონაბეჭდი ფურცლები და
ცოტა ხნის წინ წაკითხული სტრიქონები
კიდევ ერთხელ გადავამოწმე…

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10