ზვიად კორძაძის განცხადება

მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი აღკვეთის ღონისძიების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას ამ ეტაპზე ვერ ასაჩივრებს.

ზვიად კორძაძემ განცხადება გაავრცელა, სადაც განმარტებულია, რომ მას დასაბუთებული განჩინება ჯერ არ ჩაბარებია, რის გამოც შემდგომ სამართლებრივ მოქმედებებს ვერ იწყებს. კანონის თანახმად, მას გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის რამდენიმე საათი რჩება.

„აღნიშნული, წარმოადგენს ევროპის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით დაცული სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების დარღვევას.

ყოველ პირს, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, აქვს, სულ მცირე, შემდეგი უფლებები – ჰქონდეს საკმარისი დრო და შესაძლებლობანი საკუთარი დაცვის მოსამზადებლად,“- წერს მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი ზვიად კორძაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, 700 000 ლარის გირაო შეუფარდა, ამასთან, სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მოთხოვნა და მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ქვეყნის დატოვებისთვის პროკურატურის ნებართვა სჭირდებათ.