ყაზახეთი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში რჩება.
2 იანვარს დაწყებული მასობრივი არეულობის შედეგად 8000-მდე ადამიანი ციხეში აღმოჩნდა. რუსეთის ჯარები ისევ ყაზახეთში რჩებიან. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სახელით შესული რუსი სამხედროები ბელარუს, ყირგიზ და სომეხ ჯარისკაცებთან ერთად სტრატეგიულ ობიექტებთან და სამთავრობო შენობებთან არიან განლაგებული. ინტერნეტი ისევ შეფერხებით მუშაობს, რის გამოც ყაზახეთიდან ინფორმაციის მიღება საკმაოდ რთულია. ხელისუფლება კონსტიტუციურ წესრიგს აღდგენილად აცხადებს, თუმცა კონტრტერორისტული ოპერაცია, როგორც ჩანს, ჯერ დასრულებული არ არის. ყაზახეთის პირველი პირის მსგავსად, მასობრივი არეულობის ორგანიზატორებს უცხო ქვეყნების მიერ მართულ ტერორისტებად აცხადებს ვლადიმერ პუტინიც. რუსეთის პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ რეგიონში ფერად რევოლუციებს არ დაუშვებს.