GWP წიწამურთან მდებარე მილსადენის დაზიანებაზე, რომლის გამოც აბონენტთა დიდ ნაწილს წყალი არ მიეწოდება, განმარტებას აკეთებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ავარიულად დაზიანებულია სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით, სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება.
კომპანიაში განმარტავენ, რომ GWP-სგან დამოუკიდებლად, მესამე პირების მიერ, დროთა განმავლობაში ხდებოდა აღნიშნული ტერიტორიის ნაყარი მასალით შევსება, რამაც წარმოქმნა დიდი ზომის გეოლოგიურად არასტაბილური მიწის ფერდობი, რაც სამუშაოებს ართულებს. კომპანიაში ამბობენ, რომ სამუშაოები ხვალიდან დაიწყება და მაქსიმალურად მოკლე პერიოდში დასრულდება. რამდენიმე უბანს კი წყალი სპეციალური რეჟიმით დღის განმავლობაში სულ მცირე სამი და მაქსიმუმ შვიდი საათით მიეწოდება.